რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მეუღლე, შვილი და რძალიც დაასაქმა
16:09:02     16-04-2019
მაშინ, როდესაც რუსთავში ადამიანთა უმრავლესობას უკიდურესად უჭირს და ბევრი კომპეტენტური კადრი უშედეგოდ ეძებს სამსახურს, ჩინოვნიკები ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნათესავებს სრულიად უპრობლემოდ ნიშნავენ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე.
პრესა.ჯი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნინო ქავთარაძის მაგალითზე წარმოგიდგენთ ნეპოტიზმის იმ ტენდენციას, რომელიც პრობლემებით დახუნძლულ და სიღარიბით სავსე ქალაქშია გაბატონებული.
მაშ ასე: ქართული ოცნების მხარდამჭერი, ნინო ქავთარაზე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2017 წლის 20 ნოემბრიდან. ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა რომ რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას მეუღლის მეგობარია.
თავის მხრივ, მან, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რუსთავში ერთერთ მაღალ თანამდებობაზე დაასაქმა მეუღლე, ბატონი ალექსანდრე ქავთარაძე - 2018 წლის პირველ ივლისს.
ის მერის წარმომადგენელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ნინო ქავთარაძემ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში აქტიურად ჩართო შვილიც, მარიამ ქავთარაძე.
მეტიც, მან, ბიბლიოთეკაში მოაწყო საკუთარი რძალიც მაშინ, როდესაც ათასობით რუსთაველი ამ წუთებშიც უშედეგოდ ეძებს სამსახურს იქ, სადაც ყველაფერს ბიუროკრატია და მასთან დაახლოვებული კარიერისტები განაგებენ - ხალხის შევიწროვებისა და ბიუჯეტის ხარჯზე.
ნინო ქავთარაძე რუსთავის მერის მეუღლესთან მეგობრობას ადასტურებს და არც ოჯახის წევრების სამსახურების შესახებ უარყოფს პრესა.ჯის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. თუმცა, აცხადებს რომ მას, ქმრის, შვილისა და რძლის დასაქმებაში წვლილი არ შეუტანია.
კერძოდ: ნინო ქავთარაძე ზოგადად გვიყვება რომ მაგალითად, მისი მეუღლე დიდი ხანია თვითმმართველობაში მუშაობს, მაგრამ არაფერს ამბობს ალექსანდრე ქავთარაძის დღევანდელ თანამდებობაზე და იმაზე, თუ კონკრეტულად როდის დაინიშნა მისი მეუღლე მერის წარმომადგენლად - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცამეტი ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.
[I=2]არადა, ეს ფაქტი სწორედ ნინო ქავთარაძის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ მოხდა - 2018 წლის პირველ ივლისს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ალექსანდრე ქავთარაძემ დაგვიდასტურა.
ნინო ქავთარაძე, არც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, მისი შვილისა და რძლის სამსახურებრივი პოზიციების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„პრესა.ჯი“: ჩვენი ინფორმაციით, თქვენ თქვენი მეუღლე, ალექსანდრე ქავთარაძე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ დაასაქმეთ...
ნინო ქავთარაძე: ჩემი მეუღლე ჩემზე დიდი ხანია, დაახლოებით კი, 7-8 წელია მუშაობს თვითმმართველობაში და მერიის წარმომადგენლობაში. მე მის კარიერაში წვლილი საერთოდ არ შემიტანია.
- ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენი შვილი, მარიამ ქავთავაძე დასაქმებული გყავთ სხვადასხვა პროექტებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს...
- ჩემი შვილი, სანამ მე თვითმმართელობაში ვიქნებოდი, მანამდეც იღებდა ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობას და ასე აგრძელებს ამჯერადაც, ჩემგან დამოუკიდებლად.
- რაც შეეხება თქვენს რძალს (თქვენი ძმის მეუღლეს), დააწყებინეთ თუ არა, მას მუშაობა ბიბლიოთეკაში?
- ის ბიბლიოთეკაში დიდი ხანია მუშაობს, მან გასაუბრება გაიარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე არ ვიყავი თვითმმართველობაში.
- რუსთავის მერის მეუღლე თქვენი მეგობარია?
- რუსთვის მერის მეუღლე და მე ერთად ვმუშაობდით რუსთავის ქართულ გიმნაზიაში 10 წლის წინ. მაიკოს ბავშვობიდან ვიცნობ თუმცა, აბსოლუტურად დამოუკიდებლად წავიდა ჩვენი კარიერა და ერთმანეთთან კავშირში არ არის.
რუსთავში კი ყველა ერთმანეთის ახლობელი და მეგობარია, რადგან რუსთავი პატარა უბანივითაა და ყველა ყველას იცნობს“.
[I=3]P.S: ნინო ქავთარაძე მედიისა და ჟურნალისტების მიმართ აგრესიითაც გამოირჩევა.
„რა ქცევის კოდექსზე და საერთოდ რაზეა ლაპარაკი... ჟურნალისტები კი არა, ჩვენ გვყვავს აგრესიული, დაბოღმილი, ღვარძლიანი ლექსიკით მოსაუბრე ტიპები, რომლებსაც ჩაგდებული აქვთ ხელში მიკროფონები, კამერები და კომპიუტერები და რასაც უნდათ იმას აკეთებენ პირდაპირ ეთერებში.
ეს ბოლო კვირებია ხომ საერთოდ ყველა ყველა საზღავარს გაცდა... ყველა ტელევიზიას ეხება... შეიშალა ქვეყანა პირადი დაპირისპირებების გამო“, - ეს მისი სტატუსია, რომელიც მან ფეისბუქის პირად გვერდზე 14 აპრილს გამოაქვეყნა.