სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის მდივნის მეუღლე ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს
13:54:40     16-04-2019
შს სამინისტროს სამხარეო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მდივანს (რომელიც ოფიციალურად კანცელარიის თანამშრომლად არის გაფორმებული) ქმარი დაუჭირეს.
მამუკა ჭითანავა, რომელიც ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის მდივნის მეუღლეა, თავდაპირველად, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს. თუმცა, შემდეგ საქმის გამოძიება მის მიმართ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყეს. სავარაუდოდ, გავლენიანი ახლობლების დახმარებით.
მამუკა ჭითანავა 11 აპრილს დააპატიმრეს და გავრცელებული ინფორმაციით, მას დაკავებისას დიდი ოდენობით სუბოტექსი და მეტადონი უპოვეს.
პრესა.ჯის მიაწოდეს ინფორმაცია რომ მისი დაკავება სამეგროლოს პოლიციამ სენაკში განხორციელდა.
პრესა.ჯი, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დირექტორს, ნიკოლოზ დიასამიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.
მან კითხვა მოისმინა, თუმცა, მოუცლელობის მიზეზით მომხდარ ფაქტზე თავისი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა.
ამის შემდეგ, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ.
თუმცა, ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს მისი პირადი მდივნის მეუღლე, წამლის გასაღების ბრალდებით, პოლიციის მაღალჩინოსანს პასუხი არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა რომ ფაქტი დაგვიდასტურა.
„გაგცემენ პასუხს, ბოდიში რომ მე ვერ გპასუხობთ“, - მოგვწერა ნიკოლოზ დიასამიძემ.
რაც შეეხება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, იქ, მამუკა ჭითანავას დაკავების შესახებ ჩვენგან გაიღეს.
მოკვლევის შემდეგ, შს სამინისტროს პრესსამსახურმა მამუკა ჭითანავას დაკავების ფაქტი დაგვიდასტურა და გვითხრა რომ მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავეს.
"ერთს საპროცესო გაუფორმდა, მეორეს კი გირაო შეეფარდა", - ასეთია ინფორმაცია, რომელიც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მივიღეთ.