რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანა სტრატეგიული იარაღის გარეშე დატოვა

  22:28:07     06-07-2011

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, რუსეთის ჯარისთვის სტრატეგიული რაკეტების მიწოდების გეგმები ჩაშალა, ირწმუნება მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი იური სოლომონოვი.   როგორც „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აკადემიკოსი აღნიშნავს, შეუძლებელია სახელმწიფო შეკვეთის შესრულება წლის ბოლომდე, რადგან ჯერ კიდევ არ გაფორმებულა არცერთი კონტრაქტი. როგორც წესი, ასეთი კონტრაქტები მაისის შუა რიცხვებამდე ხელმოწერილია ხოლმე.

გენერალური კონსტრუქტორი აღნიშნავს, რომ შეიარაღების წინა პროგრამა, რომელიც 2007–2015 წლებზე იყო გაწერილი და არმიაში 100 Топол-М–ის მიღებას ითვალისწინებდა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ შესრულდა. 2010 წელს მიიღეს ახალი პროგრამა, რომელმაც 2020 წლამდე უნდა იმოქმედოს. 

გენკონსტრუქტორის აზრით, შეიარაღების ახალ პროგრამას იგივე ბედი ელის. ამაზე, 2011 წლის სახელმწიფო შეკვეთის ჩავარდნის ფაქტიც მეტყველებს. სოლომონოვმა კრიტიკის წერილი გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას. აკადემიკოსის თქმით, ხელმძღვანელობა არამხოლოდ არაკონსტრუქციულს, არამედ გაუგებარ პოზიციასაც იკავებს.

მართალია, ახალი გეგმა წარმოების მკვეთრად გაფართოებას 2013 წლიდან აპირებს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ეს მოხდება. ხელმძღვანელობამ პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის მითითებას წაუყრუა, რომელიც აპრილამდე სამხედრო–სამრეწველო კომპლექსებზე თანხების გადანაწილებას გულისხმობდა. როგორც სოლომონოვი ვარაუდობს, ფული აგვისტომდე ვერ მივა დანიშნულების ადგილამდე და შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული შეიარაღების მიღებაც წლის ბოლომდე ვერაფრით მოესწრება.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო სამხედრო–სამრეწველო კომპლექსს მუშაობაში ხელს უშლის. „ერთი შეხედვით თითქოს ცდილობენ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ყველა ის საუბარი რაციონალიზაციის, მოდერნიზაციის, ინოვაციების შესახებ და ასე შემდეგ, მხოლოდ აგიტაცია–პროპაგანდის ლოზუნგებად დარჩება,“ ირწმუნება სოლომონოვი.   

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევმა, მაისში 2010 წლის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებში გარღვევების შესახებ განაცხადა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მეორე დღეს, თანამდებობიდან რამდენიმე პიროვნება გაათავისუფლეს. ადგილი დაატოვებინეს სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის რამდენიმე პასუხისმგებელ პირს. ათობით ხელმძღვანელ პირს, საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნულ ფაქტს თავდაცვაშიც მოჰყვა შემცირებები. დაკავებული თანამდებობა სერდიუკოვის რამდენიმე მოადგილემ და მრჩეველმა დატოვა.

ამ ყველაფერს სოლომონოვმა დიდი გაუგებრობა უწოდა. მას უკვირს რეაგირება ერთი წლის დაგვიანებით რატომ მოხდა. ეს რომ რამდენიმე თვით ადრე გაკეთებულიყო, პრობლემებს თავიდან აიცილებდნენ. როგორც გენკონსტრუქტორი აცხადებს, ძირითადი პასუხისმგებლობა თავდაცვის მრეწველობაზე იყო დაკისრებული, მათ კი საქმეზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვთ.

იური სოლომონოვი, რომელიც ადრეც სვამდა სარაკეტო წარმოების კრიტიკული დანაკარგების საკითხს, ამბობს, რომ სიტუაცია არც ახლა შეცვლილა. ჩვენ სულ რაღაც ცოცხალ–მკვდარ მდგომარეობაში ვართ. ცალკეულ მიმართულებებში, მაგალითად მანქანათმშენებლობაში, ყველაფერი კარგადაა. აი, რაც შეეხება ქიმიას, სპეცქიმიას, სპეცმასალებს, აქ სავალალოდ არის საქმე. ეს პრობლემა შეიარაღების მოძველების პრობლემას აღრმავებს. აკადემიკოსი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ყველაფერი დაიღუპება, თუ ექსტრაორდინალური ზომები არ იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, სარაკეტო–კოსმოსური დარგის კრიტიკით გამოვიდა მეორე გენერალური კონსტრუქტორიც, კომპანია „საინფორმაციო თანამგზავრული სისტემების“ გენერალური დირექტორი ნიკოლაი ტესტოედოევი. მისი განცახდებით, ГЛОНАСС–ის აპარატები, ფაქტობრივად, „პატიოსან სიტყვაზე“ დაფრინავენ. კოსმოსური პოზიციონირების სისტემას არ შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება, იმ ლაფსუსების გამო, რომლებიც ექსპლუატაციის პროცესში ვლინდება.

მაშინ, როდესაც ტესტოედოვმა მხოლოდ მინუსების შესახებ ისაუბრა, სოლომონოვი აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ სარაკეტო დარგი ნორმალურად არ ფუნქციონირებს. ეს თავდაცვის სამინისტროა. როგორც გენერალური კონსტრუქტორი აცხადებს, სამხედრო ხელმძღვანელობის თხევადსაწვავიანი მძიმე რაკეტების შექმნის გადაწყევტილებაც არარაციონალურია და ეს მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესებში შედის.

წლის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების უფროსმა, ვლადიმერ პოპოვკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თხევადსაწვავიანი მძიმე რაკეტების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულია.

იური სოლომონოვი აღნიშნავს, რომ თხევადსაწვავიანი მძიმე რაკეტების შექმნა, ძველი რაკეტების, РС-20 "Сатана"–ს ნაცვლად, აბსოლუტურად უაზრო საქმეა. რადგან მის შესაქმნელად 30 წლის სიძველის ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ. სოლომონოვი განმარტავს, რომ თხევადსაწვავიანი რაკეტა არ არის ადაპტირებული თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან კოსმოსური ბაზირების ელემენტებით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში, იური სოლომონოვის ხელმძღვანელობით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალებისათვის ოთხი სარაკეტო კომპლექსი შემუშავდა. მათ შორის, მობილური ბაზირების კომპლექსი Тополь-М, ასევე კომპლექსი Ярс რაკეტით РС-24. ამავე ინსტიტუტში ასევე შეიმუშავეს მყარსაწვავიანი რაკეტა "Булава", საზღვაო ბაზირებისათვის.