რუსი ახალწვეულები ცხინვალში მალულად მიჰყავთ

  13:32:46     06-07-2011

იმ ფაქტს, რომ რუსეთი სამაჩაბლოში პირადი შემადგენლობის სიმცირეს განიცდის, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, მაგრამ ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ უკვე გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები, რუსების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამსახურს თავს არიდებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ამ ფაქტის გადაფარვას, ახალწვეულების ხარჯზე ცდილობს, თანაც მალულად. რუსი ახალწვეულების ბედით რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტაც“ დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ რუსი ახალგაზრდები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტის ზონებში ისე მიჰყავთ, მათ ოჯახებსაც არ აფრთხილებენ.

ორი კვირის წინ, მურმანსკიდან, ახალწვეულთა ერთი ნაწილი, სამხედო სავალდებულო სამსახურისათვის მოზდოკში (ჩრდილოეთ ოსეთი) გაემგზავრა. თუმცა, დანიშნულების საბოლოო ადგილი, თავად ახალწვეულთა თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ამ გზით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მეოთხე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის მწვავე უკმარისობის კომპენსირებას ცდილობს.

„21 ივნისს, ჩემი შვილი, შემკრებ–გამანაწილებელ პუნქტში წავიდა. უკვე 22 რიცხვში, გამოსამშვიდობებლად დამირეკა და მითხრა – „დედა ჩვენ მოზდოკში მივდივართ, შემდეგ კი, ცხინვალში“. – მაშინვე სამხედრო კომისარიატში გავიქეცი. ოლქის მთავარი კომისარიატის ხელმძღვანელმა ვადიმ ბუგაევმა განმიცხადა, რომ მას ხალხი აკლდებოდა და წვევამდელთა 45 პროცენტი ოსეთში უნდა გაეგზავნა,“ – ჰყვება ერთ–ერთი ახალწვეულის, დიმიტრი იარკოვის დედა, ანჟელა იარკოვა.

ის, რაც ახალწვეულებთან მიმართებაში ხდება, თეორიულად, კანონის დარღვევა არ არის. ჯერ კიდევ 2009 წლის პირველ ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსი ახალწვეულები  სამხედო ვალდებულების მოსახდელად, შესაძლოა, საზღვრებს გარეთ გაგზავნონ, მათ შორის კონფლიქტის ზონაშიც, მათი სურვილის მიუხედავად.

2011 წლის გაზაფხულის გაწვევისათვის მზადება, ძალიან ადრე დაიწყო. გაწვევის კამპანია ფართოდ გაშუქდა. მურმანსკის ოლქის გუბერნატორი დიმიტრი დიმიტრიენკო, სამხედრო კომისარი ოლეგ შიშკინი და თავად ვადიმ ბუგაევი ერთ ხმაში ირწმუნებოდნენ – „ჩვენი ახალწვეულები არ წავლენ ჩრდილო–დასავლეთის ოლქის იქით.“ აქამდე, მურმანსკელი ახალწვეულები მართლაც არასდროს გადაუსროლიათ კავკასიაში.

მშვიდად ყოფნის საფუძველს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის ფართოდ რეკლამირებული „ჰუმანური არმიაც“ იძლეოდა, რომლის მიხედვითაც, „2011 წლიდან მოყოლებული, სამხედროები და მათ შორის ახალწვეულები, სხვადახვა სამხედრო ნაწილებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადანაწილდებიან.“ როგორ შეასრულეს სიტყვა რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა თავადაც ხედავთ. მოზარდები ყველასგან მალულად ჩასხეს სატვირთოებში და ჩუმად გაამგზავრეს კონფლიქტის ზონაში.

ოლქის მთავარი კომისარიატის ხელმძღვანელმა „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ ცხინვალზე არაფერი გაუგია – „გენერალური შტაბის გეგმებში საბოლოო დანიშნულების ადგილად მოზდოკია აღნიშნული. ესე იგი, ეს ახალწვეულები იქ იმსახურებენ.“ ბუგაევი ან იტყუება, ან მართლაც არ არის საქმის კურსში, რომ მოზდოკში  № 08160 სამხედრო ნაწილია დისლოცირებული, მურმანსკელი ახალწვეულები კი № 66431 ნაწილში წაიყვანეს, რომელსაც სულ სხვა დისლოკაციის ადგილი აქვს და ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, კერძოდ ცხინვალია.

საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, ეს ნაწილები ძირითადად საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტდა. მაგრამ ახლა, ადგილობრივი ოფიცრების თქმით, იქ პირადი შემადგენლობის კატასტროფული უკმარისობაა. საკონტრაქტოები გარბიან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცარიელი ხვრელის ამოვსებას ახალწვეულებით ცდილობს.

მურმანსკის ოლქის კომისარიატის ხელმძღვანელის აზრით, ახალწვეულთა მშობლებისათვის მთავარი ნუგეში ის ფაქტი უნდა იყოს, რომ მათი შვილები „სამხედრო–სავალდებულო სამსახურს რუსეთში გაივლიან“. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი, ვადიმ ბუგაევს, დიდი ფიქრის შემდეგ, პასუხის გაცემა მაინც გაუჭირდა.