გლდანში მძარცველებმა ქალი შეკრეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბინა გაძარცვეს

  18:47:30     03-04-2019

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. შეჭრიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში ის ქალი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა.

მძარცველებმა ქალი შეკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახლიდან კი სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. დაზარალებული მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალის ჰოსპიტლიზება გახდა საჭირო, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეები, ჯერჯერობით, დაკავებულნი არ არიან.