ინციდენტი რუსთავში - ახალგაზრდებმა მაღაზიის გამყიდველს სასმელი მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სცემეს
10:16:00     03-04-2019
რუსთავში, XIV მიკრორაიონში ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ახალგაზრდა მამაკაცებმა მაღაზიის გამყიდველს ალკოჰოლური სასმელები მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს.
ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
63 წლის მამაკაცს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავზე ბოთლი გადაამტვრიეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. დაშავებული მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ინფო რუსთავი"-ს ცნობით, პოლიციამ მომხდარის გამო 3 პირი დააკავა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.