ბრიტანეთის შეიარაღებაში „ილასტრიზი“ დაბრუნდა

  11:14:53     06-07-2011

„ინვიზიბლის“ კლასის ავიამზიდი „ილასტრიზი“, დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში, შეკეთებისა და მოდერნიზაციის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ „Strategy Page“ იუწყება. სამუშაოს ღირებულებამ 60 მილიონი დოლარი შეადგინა. „ილასტრიზის“ დაბრუნებამდე, ბრიტანული ფლოტის შემადგენლობაში, არცერთი ავიმზიდი არ იყო. „არკ როიალი“ 2011 წლის მარტის დასაწყისში იქნა ჩამოწერილი.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „ილასტრიზი“ ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში 2014 წლამდე დარჩება, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნება რეზერვში და გაიყიდება. შემდეგი სამი წელი, ხომალდი ბორტზე მხოლოდ ვერტმფრენებს მიიღებს. გემის ეკიპაჟი 1051 კაციდან 600–მდე შემცირდა.  

მას შემდეგ, რაც „ილასტრიზს“ საბოლოოდ გაუშვებენ „პენსიაზე“, მის ადგილს სადესანტო ხომალდი „ოუშნი“ დაიკავებს. ამჟამად, მისი მოდერნიზაციისა და შეკეთების პროცესი მიმდინარეობს. ამ ხომალდს შეუძლია ბორტზე მიიღოს 840 ქვეითი და 40 სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანა. გემის ავიაჯგუფში შედის 18 ვერტმფრენი.