მარნეულის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს
17:37:03     28-03-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაგიმ ასკეროვი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რაგიმ ასკეროვი მოსამართლის განჩინებით დააკავეს.
გამოძიების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს ამ თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.
შ. მ. და რაგიმ ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.