„ქაფი“ „ვეფხისტყაოსანში“ მუზარადს ნიშნავს და ბედნიერი ვარ, რომ ქაფიანიძედ დავიბადე!..
15:19:20     05-07-2011
ამბობდნენ, ზურაბ ქაფიანიძე როგორი გოლიათიც არის, ასეთივე გული აქვს, მის გულში ყველას ადგილია, ყველა ეტევაო. მერე ამატებდნენ, ყველაფერი გულთან მიაქვს და ყველაფერს გულით აკეთებსო. აგრძელებდნენ, გულიანი ქართველია და გულიც ამიტომ ასტკივდაო. აბა, იმისთანას კი არ ეტკინება გული, დილით მხოლოდ იმაზე ფიქრით რომ იღვიძებს, დღეს რა ვჭამოო.
საქართველომ, ქართული თეატრისა და კინოს სამყარომ, კიდევ ერთი ქართველი ლეგენდა დაკარგა. გუშინ 74 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალა.
ბევრი გეგმა ჰქონდა, კინოში სათამაშოდაც ყოველთვის მზად იყო და ქვეყანაზეც ფიქრობდა. პროექტიც კი ჰქონდა, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინების იდეას მოიცავდა. სოფელი განსაკუთრებით უყვარდა და ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებდა. მიაჩნდა, რომ სვანი ქაფიანების შთამომავალი იყო. როგორც თავად ამბობდა, „ვეფხისტყაოსანში“ ქაფი აბჯრის ნაწილს, მუზარადს ნიშნავს. ხშირად ახსენებდა კინიკიეთსა და ზეციეთას და ამბობდა, არსებობდნენ სვანი ქაფიანები, შემდეგ იმერეთში გადმოსულან და ქაფიანიძეებად ქცეულანო. ერთხელ უთქვამს, რახან ქაფი მუზარადი ყოფილა, ბედნიერი ვარ, რომ ქაფიანიძედ დავიბადეო...
კინოში ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. სოფლიდან რომ ჩამოვიდა, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ მღვდელი ჭილოფში იცნობაო, ნათქვამია და თეატრალური ინსტიტუტის ფოიეში, მქუხარე ხმის, ბრგე აღნაგობის მოზარდში ქართული ფილმის მომავალი ვარსკვლავი აკაკი ხორავას შეუცვნია და მისი გავლენით ზურაბ ქაფიანიძემ ჩააბარა კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის დრამატულ თეატრში გაანაწილა დიდმა მაესტრომ. ზურაბს გული დასწყვეტია – მარჯანიშვილის თეატრს უმიზნებდა თურმე, მაგრამ ხორავამ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ახალგაზრდა მსახიობი ქუთაისში აკაკი ვასაძის გამო გაუშვა. ბატონი ზურაბი ქუთაისის თეატრში გატარებულ პირველ პერიოდს იხსენებდა, როგორც ურთულესს, რადგან სწორედ მისი მისვლის პერიოდში დატოვა ქუთაისის თეატრი ქართული ფილმის ლეგენდამ იპოლიტე ხვიჩიამ. მსახიობებს შესაძლებელზე მეტის გაკეთება უწევდათ, რომ მაყურებელი დაებრუნებინათ.
თეატრში ოთხი წელი დაჰყო. მისი ოცნება კინო იყო და ეს ოცნებაც აკაკი ხორავამ აუხდინა. როგორც თავად მსახიობი მოგვიანებით იხსენებდა, კინოსტუდიაში უწყისზე ხელის მოწერის მერე 2200 მანეთი ერგებოდა. ეს წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო დამწყები მსახიობისთვის. მოგეხსენებათ, მაშინ თბილისში ჩაწერა რამხელა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. აქაც გაუმართლა და თბილისელი დოდო აბაშიძის წყალობით გახდა. კინოსტუდია იყო მისთვის სახლიცა და კარიც. ბოლო დროს, ხშირად დაინახავდით მის ეზოში მოსეირნეს. გულატკიებული ვარსკვლავი მაინც ვერ ელეოდა ფუნქციადაკარგულ კინოსტუდიას.
მიუხედავად ათეულობით როლისა, მაინც მიიჩნევდა, რომ ჩარჩოებში აქცევდნენ, უნდოდა თეატრსა და კინოში გმირის როლით შესულიყო, მაგრამ არ დაანებეს. ზურაბ ქაფიანიძის პირველი როლი თეატრში დათიკო იყო, სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“, კინოში კი მიხას როლი არგუნეს. ამას უამრავი კინოროლი მოჰყვა, შემდეგ ფილმებში – „ხევსურული ბალადა“, „დათა თუთაშხია“, „ივანე კოტორაშვილის ამბავი“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ღიმილის ბიჭები“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „ლონდრე“, „ბებერი მეზურნეები“, „ფეოლა“, „ნერგები“ და სხვა.
60–მდე კინოროლის მიუხედავად, ყველაზე საყვარელი გმირი მაინც ივანე კოტორაშვილი იყო. თითქოს მისთვის იყო ეს პერსონაჟი შექმნილი, მართლაც ჰგავდნენ ერთმანეთს, ამას თავადაც ხშირად ამბობდა. ბოლომდე ოცნებად დარჩა, რომ ეროვნული ფასეულობებით, იდეებით, მრწამსით დახუნძლული გმირი განესახიერებინა, მიუხედავად იმისა, იმედი არ ჰქონდა, რომ დღეს ვინმე მსგავს სცენარს დაწერდა, ბოლო დღემდე მზად იყო ასეთი როლის სათამაშოდ.
უყვარდა ფრაზა –„ჩემი და შენი რას გაუყვია საქართველოში და ქართველი
კაცისთვის..“. სწუხდა საქართველოს ბედზე და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ 1999–2003 წლის მოწვევის პარლამენტში აღმოჩნდა. რაღაც პერიოდი ოპოზიციონერთა რიგებშიც იყო, მაგრამ აქაც გული ატკინეს. მსახიობი წუხილით აღნიშნავდა, რომ ის ენთუზიაზმით მივიდა ოპოზიციასთან, მაგრამ იქ ისე არ დახვდნენ როგორც წარმოედგინა. ეგონა მივიდოდა, აქტიურად ჩაერთვებოდა პროცესში, ჭკუას შეეკითხებოდნენ, საქვეყნო საქმეს გააკეთებდა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ზურაბ ქაფიანიძე და მისნიარი ხალხი ოპოზიციას მხოლოდ მიტინგებზე გამოსაჩენად უნდოდა და აღარც მათ გაეკარა. ყველაფრის მიუხედავად, ზურაბ ქაფიანიძეს ყოველთვის სჯეროდა, რომ საქართველო მაინც ფეხზე დადგება...