ბათუმში ამ ზაფხულს ენრიკე იგლესიასსაც ელოდებიან
14:39:55     05-07-2011
კრის ბოტისა და სტინგის მიერ პიაცაზე გამართული, შეუდარებელი კონცერტის შემდეგ, ლეგენდარულმა მომღერლებმა საქართველო დატოვეს და ახალმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაციის დეტალები ცნობილი არ არის, ზოგიერთი სტრუქტურის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სტინგის შემდეგ, საქართველოს ენრიკე იგლესიასი ესტუმრება, რომელიც ქართველი მსმენელის აღფრთოვანებას შეეცდება. იგლესიასის სტუმრობის კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ენრიკე მიგელ იგლესიას პრეისლერი ესპანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდუსერია. იგლესიასმა კარიერის შენება ფსევდონიმით, ენრიკე მარტინესით, დაიწყო. დღეისათვის, აღნიშნული მომღერალი, ლათინოამერიკული მუსიკის ერთ–ერთი შეუდარებელი წარმომადგენელია. ენრიკე იგლესიასი არაერთი „გრემისა“ და „ამერიკის მუსიკალური ჯილდოს“ მფლობელია. საკუთარი კარიერის მანძილზე, მომღერალმა 40 სინგლისა და 9 მუსიკალური ალბომის ჩაწერა შეძლო. ალბომების მსოფლიო გაყიდვების შედეგად მიღებულმა თანხამ, 65 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ესპანელმა მომღერალმა 1995 წლის ოქტომბერში პირველი სინგლი შექმნა, რომელსაც „Si Tu Te Vas“ უწოდა, იმავე წლის 21 ნოემბერს სადებიუტო ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით, „Enrique Iglesias“, ალბომმა პოპულარობა ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში მოიპოვა. ის ექვსი სინგლისგან შედგებოდა, მილიონ ეგზემპლარად დამზადდა და მთლიანად გაიყიდა, ამასთანავე, აღნიშნული ნამუშევრისათვის მომღერალი „გრემის“ პრემიაზე იყო ნომინირებული.
1997 წლის იანვარში, ესპანელმა მუსიკოსმა მეორე ალბომი, „Vivir“ ჩაწერა. აღნიშნულ ალბომში შემავალ სიმღერებს შორის, პოპულარობა და განსაკუთრებული ყურადღება სიმღერამ, „Enamorado Por Primera Vez“–მა მიიპყრო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ამავე წელს, იგლესიასი ტურნეში გაემგზავრა ელტონ ჯონთან, ბრიუს სპრინგტინთან და ბილი ჯოელთან ერთად. ენრიკემ 76 კონცერტი ჩაატარა, 16 ქვეყანაში.
1998 წელს მესამე ალბომი, სახელწოდებით „Cosas del Amor“ ჩაწერა, რომელიც ორ სინგლს, „Esperanza“ და „Nunca Te Olvidaré“–ს მოიცავდა. აღნიშნულმა ალბომმა, მომღერალს „American Music Awards“–ის უმაღლესი ჯილდო მოუტანა.
ფილმი „ველური, ველური დასავლეთი“ არ ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც იგლესიასის „Bailamos“. აღნიშნული სიმრერა, დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა ესპანეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული წარმატების შემდეგ, ესპანელმა მომრერალმა ორი ინგლისურენოვანი ალბომი ჩაწერა. 2002 წელს კი გადაწყვიტა კვლავ ესპანურ სიმღერებს დაბრუნებოდა და ალბომი, „Quizás“ გამოუშვა, რომელიც იგლესიასის ყველაზე წარმატებულ ალბომად ითვლება. სიმღერებმა, „Para Qué La Vida“, „Mentiroso“–მ და „Quizás“–მა მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანეს.
„Quizás“–ს მოჰყვა ალბომი „7“, რომელიც ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა და რომლის გამოც მომღერლის რეიტინგო საგრძნობლად დაეცა. თუმცა, ესპანელი მომღერლის ესტრადაზე დაბრუნება, 2007 წლის 12 ივლისს გამოსულმა ალბომმა, „Insomniac“–მა განაპირობა. ალბომში შედის შიმღერები, „Do You Know“, „Somebody’s Me“, „Tired Of Being Sorry“ და „Push“. 2008 წელს კი კინოკომპანია „Touchstone Picture“–მა, მომღერალს ფილმისთვის, „ნაბიჯი წინ 2: ქუჩებში“, საუნდთრეკის შექმნა შესთავაზა. 2008 წელს, იგლესიასმა ორი ალბომი ჩაწერა, ერთ–ერთ მათგანში 12 ესოანური ჰიტი და კიდევ ორი ახალი სინგლი შევიდა. ალბომის სახელწოდებაა „Greatest Hits“. რაც შეეხება ალბომს „95/08 Éxitos“–ს, მან დიდი პოპულარობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მასშტაბით მოიპოვა.