
მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა, დაკავებულია
09:40:57     25-03-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლი დაჭრა, უკვე დააკავა.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის ქალი გუშინ შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 7 ჭრილობა აღენიშნება. ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ქალი ხაშურში, სილამაზის სალონში მუშაობს. ქმარი მას სწორედ იქ დაესხა თავს.