სისხლის სამართლის საქმეები, სადაც შს მინისტრი გახარია ფიგურირებს

  13:44:30     23-03-2019

რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი, გიორგი გახარია ტვ პირველთან ინტერვიუს დროს აცხადებს რომ არ დაინტერესებულა, ჩაიყვანა თუ არა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ექს-მინისტრი სარდაფში - ცემისა და წამების მიზნით. 

შს მინისტრი, ფაქტობრივად, ამბობს რომ ის საქმეები არ აინტერესებს, სადაც ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მძიმე დანაშაული იკვეთება. 

სამაგიეროდ, რუსეთის მოქალაქე გახარია, ისევე როგორც რუსული მილიციის პირველი პირები, ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებით ციხეში გამოკეტოს ოლიგარქისათვის მიუღებელი პოლიტიკოსები, პოეტები თუ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

ფარცხალაძის საქმე

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა რომ სპორტის ექს-მინისტრმა, დავით ყიფიანმა მას ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების შესახებ უამბო.

ოქუაშვილმა გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, სადაც ყიფიანი ყვება თუ როგორ ჩაიყვანა ის სარდაფში ოთარ ფარცხალაძემ, შემდეგ კი, გააშიშვლა და სცემა. 

მეტიც, ჩანაწერებიდან გაირკვა რომ ფარცხალაძემ და გახარიამ, თიბისი ბანკის გამოყენებითა და ივანიშვილის დავალებით, ზაზა ოქუაშვილს ოფშორიდან გადმორიცხული 4 მილიონი წაართვეს.

კერძოდ: კომპანიის დირექტორებს თანხა იძულების წესით ბანკიდან გამოატანინეს და ავტომატებით შეიარაღებული პირებისათვის მიაცემინეს. 

კიდევ უფრო მეტი: ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა რომ მისი ოთხი მილიონით დარეკეტების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომლის შესახებაც ოლიგარქმა მას პირადად, შეხვედრის დროს უთხრა და ამის დასტურად 4 თითიც აჩვენა.

მიუხედავად ასეთი მძიმე ბრალდებებისა და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობისა, დღემდე ამ საქმეზე დაკითხულიც კი არ არიან: ოთარ ფარცხალაძე, გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი…

სამაგიეროდ, ოლიგარქის პოლიცია-პროკურატურამ 11 წლის წინანდელი საქმისთვის, პოეტების რეპრესიებისა და ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის, დავით კირკიტაძის დაკავებისათვის მოიცალა - პოლიტიკური ნიშნით.

თიბისი ბანკის საქმე 

გახარიას უმძიმეს ბრალდებას უყენებს თიბისი ბანკის მთავარი აქციონერი, მამუკა ხაზარაძეც. 

ხაზარაძის წინააღმდეგ, 11 წლის წინანდელი საბანკო გადარიცხვის გამო ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 

მამუკა ხაზარაძემ ღიად განაცხადა რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც გარკვეული სახის პოლიტიკური დავალებები მისცა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, განადგურებით დაემუქრა. 

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს ღიად უნდა დაეჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილისათვის, ტელეკომპანია პირველი კი, “იმედის ტრენდზე” გადაეყვანა.

ხაზარაძემ, გახარიას მიერ პუნქტებად ჩამოწერილი ულტიმატუმიდან რამდენიმე შეასრულა. 

მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მან საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა “ორმოზდარვას” და თავისი კომპანიების თანამშრომლებსაც მოუწოდა ხმა ზურაბიშვილისათვის მიეცათ. 

ხაზარაძემ, ასევე ზუსტად დაიცვა მუქარის წერილის რიტორიკაც და გახარიას მითითების კვალდაკვალ ახსენა სიტყვა “რევანში”.

თუმცა, იმის გამო რომ მან მუქარის წერილის სხვა პუნქტები არ თუ ვერ შეასრულა, პროკურატურამ 8 თვის წინ დაწყებული გამოძიების შესახებ გამოაცხადა, ეროვნულმა ბანკმა კი, თიბისი ბანკის მთავარ აქციონერებს საკუთარი კომპანიის საქმეებში ჩარევა აუკრძალა. 

ამავე დროს, ამ მომენტამდე არ დაინტერესებულა გამოძიება გახარიას დაკითხვით, არადა, მის მიერ ხაზარაძისადმი გაგზავნილი მუქარის წერილის ორიგინალი თიბისი ბანკის აქციონერებმა უკვე ლონდონში - ექსპერტიზაზე ჩაიტანეს.

სამაგიეროდ, პოეტებისა და პოლიტიკოსების მსგავსად, პროკურატურა სრულად და ყოვლისმომცველად ანადგურებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციას და მათ, საერთაშორისო ფორუმებზე ფულის გამთეთრებლებად, საშიშ კრიმინალებად მოიხსენიებს. 

ტროლების საქმე

რამდენიმე თვის წინ, თიბისი ბანკის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. 

მიუხედავად იმისა რომ თიბისი ბანკის კომპიუტერულ უსაფრთხოებას ოთხასამდე სპეციალისტი იცავს, სისტემა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. 

გაირკვა რომ ჰაკერული თავდასხმა თბილისში, რუსთაველის 12 ნომერში დაიგეგმა და მასში სამთავრობო ტროლები მონაწილეობდნენ. 

დეტალური ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის ტროლების თაობაზე გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და შაბათის კურიერმა ექსკლუზიურად გაახმაურეს. 

თუმცა, იმის გამო რომ ტროლებს ივანიშვილის პოლიცია მფარველობს, შს მინისტრმა გახარიამ მტკიცებულებები თაროზე შემოდო - ტროლების ქარხნის მმართველები, ნაცვლიშვილ-ყანდიაშვილი კი, არც დაკითხა. 

გაზრდილი კრიმინალი და ხელშეუხებელი კრიმინალები 

რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი გახარია, რუსულ სტილში, შერჩევითი სამართლის პრინციპითა და პოლიტიკური ნიშნით წყვეტს - ვინ დაიჭიროს და ვინ - არა. 

მაგალითად: მას დღემდე არ დაუკავებია ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის მკვლელები. 

არადა, ის ჯერ კიდევ მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამტკიცებდა რომ “დანაშაული სრულად გახსნილი” იყო. 

თუმცა, აღმოჩნდა რომ ორმაგი მკვლელობის საქმე არათუ გახსნეს, არამედ, შს სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა მკვლელებს ხელი დააფარეს და დამალეს.

[I=2]გახარია მფარველობს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების იმ დიდ ნაწილსაც, რომელიც არჩევნების დროს მხარს ქართულ ოცნებას უჭერს. 

ასეთებს ის ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტიებსა და საზღვარზე უსაფრთხოდ შემოსვლა-გასვლის შესაძლებლობას აძლევს. 

ეს მაშინ, როდესაც ერთ დროს მართლაც უსაფრთხო ქვეყანა, დღეს კვლავ ბნელ ოთხოცდაათიანებს უბრუნდება.

ეს მაშინ, როდესაც მკვლელობების, ყაჩაღობებისა და ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები კატასტროფულად მატულობს. 

ეს მაშინ, როდესაც მანქანების, ბინების, ოფისების, მაღაზიებისა და კვების ობიექტების ქურდობა-ძარცვის ფაქტები კვლავ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. 

ეს მაშინ, როდესაც შს მინისტრი თავად ატერორებს ბიზნესს, მფარველობს კრიმინალებს და აყალბებს დანაშაულის სტატისტიკას.

ეს მაშინ, როდესაც მთავარი კრიმინალი და ქვეყნის ყველა ინსტიტუციური უბედურების წყარო, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება რომ დანაშაულს, კორუფციას, სიღარიბეს, უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებასა და შერჩევით სამართალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ.