ლიბიის უდაბნოში დაკრძალული ქართველი გენერალი
11:01:02     05-07-2011
დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს დაიბადა. საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი, მე-19 საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი იყო. მისი მამა კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწე. პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. 1926 წელს ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე, უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურობისას, ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერითრეასა და სირიაში. ამის შედეგად, მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს, ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის, ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა.
საბოლოოდ, ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით.