წვევამდელი ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს

  15:21:38     11-03-2019

თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში გაეხვა. წვევამდელი ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. 

ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დღეს წვევამდელმა მშობლებთან დაკავშირება შეძლო და ის კრწანისის სასწავლო ცენტრიდან სახლში გადაიყვანეს.

სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისათის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

„პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან  მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული,“-აცხადებს სამხედრო მოსამსახურე ქაზიმ გახრამანოვი.

დაზარალებული მამა ჰყვება, რომ მას შვილი დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. კრწანისის სასწავლო ცენტრში მისულს კი შვილი თავლებჩალურჯებული დახვდა.