
უმცირესობა და ფრაქცია მრეწველები დაიშალა - გახდება თუ არა, პარლამენტი ქმედუუნარო?
17:10:50     04-03-2019
საპარლამენტო უმცირესობა, რომელსაც დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა, დაიშალა. უმცირესობის დაშლა უმრავლესობიდან გასული დეპუტატების გამო გაფორმდა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი იქ უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტია გაერთიანებული.
აქამდე, უმცირესობაში „ევროპული საქართველოს“ 20 დეპუტატი იყო, უმრავლესობა-უმცირესობის გარეთ კი - 14.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ჟოროლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ, „გარეთ მყოფი“ დეპუტატების რაოდენობამ, უმცირესობის წევრების რაოდენობას გადააჭარბა, რამაც მისი დაშლა გამოიწვია.
შედეგად, „ევროპული საქართველოს“ მიერ ფორმირებული უმცირესობა, რომლის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ქართულმა ოცნებამ გამონაკლისის სახით პერსონალურად გაუხანგრძლივა დაცვით სარგებლობა, ამ წუთის მდგომარეობით, აღარ არსებობს.
იშლება ფრაქცია „მრეწველებიც“, რადგან იქიდან ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი დეპუტატი შალელაშვილი გამოვიდა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, მრეწველებში კი, შალელაშვილის გასვლის შემდეგ 5 დარჩა.
P.S: თუ პარლამენტში უმრავლესობის დაშლის პროცესი კვლავ გაგრძელდა, გამორიცხული არ არის რომ შედეგად საპარლამენტო კრიზისი ანუ ის მდგომარეობა მივიღოთ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ქმედუუნაროა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველია.