ბრიტანეთი ჯეკ შეფერდის ექსტრადიციას ითხოვს - შეფერდი აცხადებს, რომ მას ბრიტანეთში საფრთხე ემუქრება

  09:26:02     03-03-2019

"გარდიანის" ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა, რომელიც ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავედ ცნო. 

29 იანვარს სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. მისი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, "შეფერდმა ქართული ციხე აირჩია, რადგან მიაჩნია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მას საფრთხე ემუქრება."

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"დეილი მეილის" ცნობით, ძებნილი შეფერდი თბილისში თავის მეგობარ გოგონასთან, ჟურნალისტ მაიკო ჭანტურიძესთან ჩამოვიდა და გარკვეული პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა. ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.