
"საქართველოში თავისუფალი და მეგობრული ბიზნეს კლიმატია" - ბიზნეს-ომბუცმენი თიბისი ბანკის საქმის შეფასებისას
17:37:46     28-02-2019
პრესა.ჯიმ ბიზნესომბუცმენ ირაკლი ლექვინაძეს რამდენჯერ სთხოვა კითხვებზე პასუხის გაცემა თიბისი ბანკის საქმის ირგვლივ.
მან, დაპირების მიუხედავად, ჩვენს კითხვებს ჯერ არ უპასუხა, შემდეგ კი გვითხრა რომ შეკითხვები მისი წარმომადგენლისათვის გადაგვეგზავნა და პასუხებსაც ის დაგვიბრუნებდა - წერილობით...
ასე რომ, გთავაზობთ ინტერვიუსა და ბიზნესომბუცმენის პოზიციას, რომელიც მან ჩვენს მიერ გადაგზავნილი კითხვების საფუძველზე, წერილობითი სახით მოამზადა, რისთვისაც ორი დღე დაჭირდა.
- თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუმცა თითქმის ყოველთვის ხელისუფლების პოზიციას იცავთ. ისევე როგორც ახლა, თიბისი ბანკის შემთხვევაში, რატომ?
- ჩვენი აპარატის საქმიანობის სტატისტიკას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო უწყბებთან მიმართებაში 167 რეკომენდაცია და შუამდგლომლობა გავეცით, რაც ნიშნავს, რომ აპარატს 167 შემთხვევაში სახლემწიფო უწყბებებისგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდა.
ჩვენი და ბიზნესის მოთხოვნების სრულიად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების მაჩვენებელი არის 65 % -ზე მეტი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მქსიმალურად გავიზიაროთ ბიზნესის არგუმენტები და შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვათ ის სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში.
თიბისის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ეყრდნობა პროცესში ჩართული მხარეების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს.
ჩვენ ვეყრდნობით თიბისი ბანკის და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობრივ განცხადებას, სადაც ნათქვამია რომ თიბისი ბანკთან მიმართებაში საკითხი ამოწურულია.
რაც შეეხება ბატონო ხაზარაძის და ბატონი ჯაფარიძის პერსონალურ დავას და მათ განცხადებებს, რამდენჯერმე გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება შეხვედრასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ეს შეხვედრა არ მომხდარა.
მინდა გითხრათ, რომ დღესაც მზად ვართ შეხვედრისთვის რათა მოვისმინოთ მათგან მეტი კონკრეტული ინფორმაცია გაჟღერებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე.
- არის თუ არა, პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურაში 11 წლის წინ მომხდარ ფაქტზე დაწყებული გამოძიება?
- ჩემთვის როგორც ბიზნესომბუდსმენისათვის, რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვაა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ვიქნები ბედნიერი თუ ასეთი საქმეები არ იქნება, ეს არის საკითხის ჩემი პოზიციიდან ხედვა. თუმცა თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები - ასეთ დროს მარეგულირებელი მოქმედებს, ბუნებრივია ეს მისი მთავარი ფუნქციაა.
ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედვბელი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება თავის ზედამხვედლობის არეალში მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება.
არსებობს ეროვნული ბანკის დეტალური განმარტება, რომელმაც ცხადი გახადა ეროვნული ბანკის მოქმედებები და ამ მოქმედების მიზეზები. რაც შეეხება პროკურატურას, ბატონი ხაზარაძის და ბატონი ჯაფარიძის მიმართ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დასრულდეს მაქსიმალურად მცირე დროში და ის უნდა იყოს არგუმენტირებული, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ყოველთვის დარჩება სივრცე პოლიტიკური სპეკულაციისთვის.
პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
- რატომ აკოტრებს და ებრძვის ივანიშვილი ხაზარაძეს?
- საკითხის მსგავს კონტექსტში განხილვა და ჩემი მხრიდან მოარულ ჭორებზე პასუხები, ვფიქრობ არასერიოზულია.
- ვინ შეიძლება უშლიდეს საქართველოს, ხელს, ანაკლიის პორტის აშენებაში?
- მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადებაში კითხვის ნიშნები დასვა ანაკლიის პორტის პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ყურადსაღებია, მთავრობამ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროექტზე ინვესტორების განწყობებს საფრთხე არ შეექმნას.
ასეთ საქმეებს ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და ამიტომ არის აუცილებელი მათ არ ჰქონდეთ სანდო ინფორმაციის დეფიციტი.
საქართველოს მთავრობას დეკლარირებული აქვს რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, გასულ წლებში სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების ნაწილში დაიხარჯა სოლიდური თანხები მიწების გამოსყიდვის მიმართულებით, ასევე მიმდინარე ბიუჯეტში ასახულია თანხები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ვფიქრობ, მთავრობამ უნდა გააძლიეროს კომუნიკაცია საერთაშორისო ინვესტორებთან და საფინანსო ინსტიტუებთან და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას პორტის პროექტის მნიშვნელობას, რომ მათი განწყობები ამ ფონზე არ შეიცვალოს.
- დღეს, ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს?
- ბიზნესომბუდსმენის აპარატს ყოველდღიური და აქტიური კომუნკაცია აქვს ბიზნესთან, ჩვენთვის ცნობილია მათი განწყობების შესახებ. 2018წელს ბიზნესთან 1000-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორის უმრავლესობა კომპანიების ინდივიდუალურ საქმეებს ეხებოდა.
40-მდე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სექტორულ ბიზნეს ასოციაციასთან, ორჯერ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები და შევხვდით ადგილობრივ ბიზნესს ყველა დიდ ქალაქში.
მე დღეს შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში თავისუფალი და მეგობრული ბიზნეს კლიმატია და ამას ადასტურებს ყველა ავტორიტეტული ბიზნეს რეიტინგი, მათ შორის მსოფლიო ბანკის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით, სადაც საქართველო მე-6 პოზიციაზე.
შემიძლია გესაუბროთ გამოწვევებზე - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გამოწვევად რჩება - მოქნილი სასამართლო სისტემა ბიზნეს დავების ეფექტურად გადასაწყვეტად, ბიუროკრატია საჯარო სექტორის საშუალო რგოლში, ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური და პროპორციული რეგულაციები.