ჰემინგუეის გარდაცვალების დღისათვის - "ბერიკაცი ხიდთან"

  19:55:26     02-07-2011

50 წლის წინ გარდაიცვალა დიდი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი. მისი გარდაცვალების შესახებ საუბარი ძნელია.

დიდი მწერალი დაიბადა 1899 წელს, ჩიკაგოში. მისი ბიოგრაფია, მოკლედ, პრესა.გე-ს მკითხველს შევახსენეთ დიდი მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მასალაში (6 ივნისი). იქვე ჩვენს მკითხველს შევთავაზეთ მისი ნოველა "ბანალური ამბავი" (ირაკლი კენჭოშვილის თარგმანი). მაშინ მკითხველს შევპირდით, რომ ჰემინგუეის გარდაცვალების დღესაც გვექნებოდა მასზე საუბარი.

ჰემინგუეისა და სხვა დიდი ამერიკელი მწერლების შესახებ მასალების გამოქვეყნებას, როგორც ვწერდით, რამდენიმე მიზანი ჰქონდა. დღეს საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკასთან და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ამერიკის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა, იმპერიალიზმი, როგორც ამბობენ, თუ უოლტ უიტმანის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის და სხვათა პატიოსანი სულისკვეთება. ხომ არ ქადაგებენ ამერიკელი კალმის დიდოსტატები "უფროს ძმობას", ან "ძრწოდეთ მთებოო" ხომ არ გაჰყვირიან. ჩვენ ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ, შევისწავლოთ და მერე ვიმოქმედოთ.

 ყოველთვის ვამბობდი, დიდ მწერალზე საუბარი, მასზე ესეს დაწერა თუ მისი ბიოგრაფიის უცნობი ფაქტების წარმოჩენა ძალიან კარგია. მაგრამ, ყველას სჯობს მისი ნაწარმოებების გახსენება-წაკითხვა.

დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ჰემინგუეის მოთხრობას "ბერიკაცი ხიდთან", რომელიც თარგმნილია ნანა ღამბაშიძის მიერ.

ბერიკაცი ხიდთან

გზის პირას ბერიკაცი იჯდა, რკინის ჩარჩოიანი სათვალეები ეკეთა, ტანისამოსი ძალზე დამტვეროდა. მდინარეზე პონტონის ხიდი იდო. ფორნები, სატვირთო მანქანები, კაცები, ქალები, ბავშვები, ყველანი ამ ხიდზე გადადიოდნენ. გაღმა გასული სახედარშებმული ფორნები ფორხილ-ფორხილით შეუყვებოდნენ ხოლმე ციცაბო აღმართს. ჯარისკაცები ბორბლის წკირებს აწვებოდნენ, შველოდნენ ფორნებს. სატვირთო მანქანები ქოშინით ადიოდნენ ზევით, უკან იტოვებდნენ ამ ორომტრიალს და უჩინარდებოდნენ. მიღონღილობდნენ კოჭებამდე მტვერში ჩაფლული გლეხები. ის ბერიკაცი კი გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილზე. ილაჯგაწყვეტილს მეტი სიარული აღარ შეეძლო.

მე დავალებული მქონდა გადავსულიყავი ხიდზე, შემესწავლა გაღმა მხარე და გამომერკვია სადამდე იყო მტერი შემოჭრილი. საქმე რომ მოვათავე, უკან დავბრუნდი, ხიდზე გადმოვედი. ახლა უკვე ნაკლები იყო ფორნები, სულ ცოტაღა იყვნენ ფეხით მოსიარულენიც. ის ბერიკაცი კი ისევ იქ დამხვდა.

- საიდან მოდიხართ? - შევეკითხე.

- სან-კარლოსიდან, - მიპასუხა და გაიღიმა.

მშობლიური ქალაქის ხსენება გაუხარდა ბერიკაცს, ამიტომაც გაიღიმა.

-ცხოველებს ვუვლიდი, - განმიმარტა.

- ჰო-ო? - ვუპასუხე მე, თუმცა კარგად ვერ გავიგე, რის თქმა უნდოდა.

- დიახ, - მითხრა, - ცხოველებს ვივლიდი, ამიტომ დავრჩი იქ ამდენ ხანს. ყველაზე ბოლოს მე დავტოვე სან-კარლოსი.

არც მეცხვარესა ჰგავდა და არც მეღორეს ის ბერიკაცი. შევხედე მის დამტვერიანებულ, თალხ ტანსაცმელს, მტვრიან, გაცრეცილ სახეს, რკინის ჩარჩოში ჩასმულ სათვალეებს და ვკითხე:

- რომელ ცხოველებს?

- სხვადასხვა ჯიშისას, - მომიგო და თავი გააქნია. - რა უნდა მექნა, მივატოვე.

მივჩერებოდი ხიდს და ებროს შესართავის ირგვლივ არემარეს, აფრიკას რომ წააგავდა, და ვფიქრობდი, როდის გამოჩნდებოდა მტერი. თან ვცდილობდი არ გამომპარვოდა პირველი ხმაური, დასაწყისი მუდამ იდუმალებით მოცული მოვლენისა, რომელსაც მოწინააღმდეგე ძალთა შეჭიდებას ეძახიან. ის ბერიკაცი კი ისევ იქ იჯდა.

- მაინც, რომელ ცხოველებს-მეთქი, - ვკითხე.

- სულ სამნი არიან, - მიპასუხა, - ორი თხა და ერთი კატა. და კიდევ ოთხი წყვილი მტრედი.

- მაშ, სხვა გზა არ იყო და მიატოვეთ, არა? - ვკითხე.

- ჰო, მივატოვე. ქალაქს დაუშინეს. სროლა რომ ატყდა, კაპიტანმა მითხრა, წადიო.

- ოჯახი არა გაქვთ? - ვკითხე მოხუცს. თან გაღმა ვიყურებოდი, სადაც თითო-ოროლა ფორანი თავდაღმართში აჩქარებით ეშვებოდა.

- არა, - მომიგო ბერიკაცმა. - აკი გითხარი, მხოლოდ ცხოველები მყავდა-მეთქი. კატას, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება. კატას შეუძლია თავის თავს მიხედოს. აი, დანარჩენებს რა ეშველებათ, ვერც კი წარმომიდგენია.

- ამ ბრძოლებზე რას ფიქრობთ?

- არც არაფერს. სამოცდათექვსმეტი წლისა ვარ, თორმეტი კილომეტრი ფეხით გამომივლია და მეტი აღარ შემიძლია.

- აქ დარჩენა არ ივარგებს, - ვუთხარი მოხუცს, - ეგებ როგორმე შესძლოთ, ტორტოსისკენ გზა რომ უხვევს, იქამდე მიხვიდეთ, იქ სატვირთო მანქანები დადიან.

- პატარა ხანს სულს მოვითქვამ და მერე წავალ, - თქვა მოხუცმა, - საით მიდიან ის სატვირთო მანქანები?

- ბარსელონისაკენ.

- არავის არ ვიცნობ იმ არემარეში, - მითხრა ბერიკაცმა, - თქვენი კი მაინც მადლობელი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ.

დაღლილმა ბერიკაცმა უხალისოდ შემომხედა, მაგრამ ეტყობა, არ შეეძლო ვინმესთვის არ გაეზიარებინა თავისი ბოღმა და თქვა:

- კატას რომ არაფერი გაუჭირდება, ეს მე ვიცი, კატის ფიქრი არც მაქვს, მაგრამ დანარჩენები? როგორ გგონიათ, რა ეშველება დანარჩენებს?

- ალბათ, არც დანარჩენებს დაუშავდებათ რამე.

- თქვენ გგონიათ?

- ჰო, ასე მგონია, - ვუპასუხე, თან გაღმა ვიყურებოდი, ფორნები აღარ ჩანდნენ.

- კი მაგრამ, როგორ იქნებიან იმ ქარცეცხლში? სროლა რომ ატყდა, მე ხომ გამაფრთხილეს, წადიო.

- სამტრედე ღია დატოვეთ? - ვკითხე მოხუცს.

- ჰო.

- მაშ გაფრინდებიან მტრედები.

- ჰო, რასაკვირველია, გაფრინდებიან, მაგრამ დანარჩენები? ეჰ, სჯობია არ ვიფიქრო დანარჩენებზე.

- თქვენ თუ ცოტა მაინც დაისვენეთ, მაშინ მე წავალ, თქვენც ადექით და ეცადეთ წახვიდეთ აქედან, - არ ვეშვებოდი ბერიკაცს.

- გმადლობთ, - მითხრა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ დაბარბაცდა და ისევ ჩაჯდა მტვერში.

- ცხოველებს ვუვლიდი, - მე კი აღარ მითხრა, თავისთვის ჩაილაპარაკა უაზროდ, - ცხოველებს ვუვლიდი მხოლოდ.

ვერაფერს გავხდი ბერიკაცთან. აღდგომის კვირა იყო და ფაშისტები ებროსაკენ მოიწევდნენ. მოჟამული, მოქუფრული დღე იყო და დაბლა ჩამოწოლილი ღრუბლები მათ თვითფრინავებს მაღლა ასვლას უშლიდა. ესღა, და კიდევ ის, რომ კატებმა თავის მოვლა იციან, უკანასკნელ ნუგეშად დარჩენოდა ბერიკაცს.