მამაპაპური ტანკები - რუსული სამხედრო დილემა
16:03:48     02-07-2011
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დილემის წინაშე დგას: გააძლიეროს შეიარაღებული ძალები უცხოური სამხედრო ტექნიკით საკუთარი თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე, თუ დაიცადოს განუსაზღვრელი დროით, ვიდრე რუსული სამხედრო მრეწველობა თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებს დაეწევა და დააკმაყოფილებს.
„ტექნიკა, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის შეიარაღებაშია, მოძველებულია როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. რუსეთს საკუთარი სტანდარტები უნდა ჰქონდეს. რუსეთის არმიის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაციონალური მიღწევების ხარჯზე, რადგან, რუსეთი რომელიც არ არის „ნატოს“–ს წევრი, ან მოკავშირე, შეუძლებელია შეისყიდოს ტანკები „ნატო“–ს წევრი ქვეყნებისგან. ეს, პოლიტიკური პრესტიჟის საქმეა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ მიასნიკოვმა.
ამ თემის განხილვა რუსულ სამხედრო წრეებში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რუსული წარმოების ტანკები და არამხოლოდ მძიმე ტექნიკა – ფაქტობრივად მთელი რუსული შეიარაღება, ჯარების სარდალმა გენერალ–პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკრიტიკა. „ის შეიარაღება, რომელთა რუსეთში წარმოებაც ხდება, იქნება ეს მძიმე ტექნიკა, არტილერია, თუ საცეცხლე შეიარაღება, პარამეტრების მიხედვით ვერ აკმაყოფილებს არა მხოლოდ „ნატო“–ს, ჩინეთის დონესაც კი.“
მან მაგალითად მსოფლიოში განთქმული „ახალი“ ტანკი T-90 მოიყვანა, რომელიც სინამდვილეში საბჭოთა T-72–ის მეჩვიდმეტე მოდიფიკაციაა. თანაც, დღევანდელი მონაცემებით, მისი ღირებულება 118 მილიონ რუბლს შეადგენს. ამ ფასად რუსეთის თავდაცვა თავისუფლად შეძლებს სამი გერმანული „ლეოპარდის” ყიდვას. საგულისხმოა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თანამედროვე ტექნიკის წილი სრული შეიარაღების 12 პროცენტს შეადგენს, რომლის გაზრდაც 2020 წლისთვის 70 პროცენტამდე იგეგემება.
აღნიშნულის შესახებ, ივნისის შუა რიცხვებში, თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმაც გამოთქვა პროტესტი. ეს დახურული სხდომა იყო და იქ განხილული თემების შინაარსი მოგვიანებით გახდა ცნობილი. ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში რითი იომებს რუსული არმია, თუკი ის არ აპირებს ახალი ტექნიკის შეძენას, სერდიუკოვმა უპასუხა – „ვიბრძოლებთ იმით, რაც არსენალში გვაქვს.“
ამ სიტყვებით, სერდიუკოვმა, ერთხელ კიდევ დაადასტურა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, ადგილობრივი წარმოების მძიმე ტექნიკას აღარ შეიძენს, სანამ რუსული წარმოების ტექნიკა არ დააკმაყოფილებს საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებს. იგივე სიტყვები ანატოლი სერდიუკოვმა ჟურნალისტებთან გუშინაც გაიმეორა.
„ჩვენ შევხვდით კონსტრუქტორებს, რომლებმაც წარმოგვიდგინეს თავიანთი ნამუშევრები. წარმოდგენილის 60 პროცენტი მოძველებულია, ამიტომ ჩვენ დროებით თავს ვიკავებთ არსენალის შევსებისაგან მოძველებული ტექნიკით,“ – განაცხადა სერდიუკოვმა სამხედრო ექპერტებთან შეხვედრისას და დასძინა, რომ თავდაცვას სურს, მონახოს ოპტიმალური ვარიანტი სამამულო ტანკების თანამედროვე დონეზე მოდერნიზებისთვის, რადგან თითეულის მოდერნიზება 30–40 მილიონი ჯდება, ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ახალი ტანკის შეძენას სჭირდება.
როგორც სერდიუკოვი ირწმუნება, დღესდღეობით რუსულ არმიას 10 000–ზე მეტი ტანკი ჰყავს მაშინ, როცა ოპტიმალური რიცხვი 8–10 ათასია.
რუსეთის პრემიერ–მინისტრი, ვლადიმირ პუტინი სამამულო წარმოების მომხრეა. ამის შესახებ, პუტინმა „ედინაია როსიას“ კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ერთ–ერთმა დამსწრემ, რამდენიმე გენერლის სურვილი გააპროტესტა, რომელიც უცხოური ტექნიკის შეძენას ეხებოდა. „თავდაცვის სამინისტროს, როგორც დამკვეთს, სურს საუკეთესო ტექნიკა შეიძინოს, რაც შეიძლება დაბალ ფასად,“ განაცხადა პუტინმა და შესაბამის ორგანოებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პუტინის კატეგორიულობის მიუხედავად, ადგილობრივი სამხედრო წარმოების შეძენის საკითხზე, რუსულმა თავდაცვამ უარი განაცხადა რუსული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შეძენაზეც და მას ებრაული დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები არჩია. იგივე შეიძლება ითქვას ფრანგული „მისტრალების“ შესახებაც. სერდიუკოვმა უარყო თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით ატომური ავიამზიდის მშენებლობის ფაქტიც, რომელიც ჟურნალისტებთან გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის ხელმძღვანელმა რომან ტროცენკომ გააჟღერა.
ვიდრე რუსულ სამხედრო წრეებში აღნიშნულ თემაზე დავა მიმდინარეობს, რუსული სამხედრო მრეწველობის (რომელიც მთელი რიგი ქვეყნებისათვის წლების განმავლობაში ძირითადი მიმწოდებელი იყო) რეიტინგი, მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო ეცემა.