ნორვეგიაში დაკავებული გრიგოლ აბრალავას მამა: მსგავსი მიდრეკილება საერთოდ არ გააჩნია
13:57:05     13-02-2019
ჩვეულებრივი, ენერგიული ახალგაზრდაა, მაგრამ მას მსგავსი რაღაცის მიდრეკილება საერთოდ არ გააჩნია. შინაგანად არ არის ასეთი, რომ რაღაც აიღოს, ამას გამოვრიცხავ, - ეს განცხადება ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, ნორვეგიაში დაკავებული გრიგოლ აბრალავას მამამ, ანზორ აბრალავამ გააკეთა.
ის კატეგორიულად გამორიცხავს მისი შვილის, გრიგოლ აბრალავას მიერ ნორვეგიაში ქურდობის ჩადენის ფაქტს.
"ტექნიკას იპარავდნენო. სარეცხი მანქანა, მაცივარი უნდა გამოეტანა? ჩამოვა და ყველაფერს პასუხს გასცემს, პასუხის გაცემის სხვადასხვა ფორმა არსებობს და ამის შესაძლებლობა ადამიანს უნდა მიეცეს", - აღნიშნა აბრალავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.
გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, "რუსთავი 2"-ის ცნობით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედ თანამშრომლად ითვლება. კიდევ ერთი დაკავებული პირი კი, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.