აჭარული ბორანო - უმარტივესი და უგემრიელესი კერძი
13:22:38     09-02-2019
ბორანო მსუყე და ნოყიერი აჭარული კერძია.
ამ რეცეპტს ცნობილი მზარეული ბულბული ფარტენაძე გვთავაზობს.
1 ულუფა ბორანოსთვის საჭირო ინგრედიენტები:
აჭარული (ჩეჩილი/დაპწნილი) ყველი - 100 გრამი;
იაღი (კარაქი) - 50 გრამი (აჭარაში ნებისმიერი სახის ცხიმს „იაღს“ უწოდებენ, ქარხნული წესით მომზადებულსაც კი);
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ყველი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში.
დაასხით მას ადუღებული წყალი და დაალბეთ.
თუკი ყველი ძალიან მარილიანია, წყალი რამდენჯერმე შეუცვალეთ.
ბოლოს გადაწურეთ და დატოვეთ ქვაბში.
ტაფაზე გაადნეთ 50 გრამი კარაქი, ისე რომ კარაქმა მოყავისფრო ფერი მიიღოს.
კარგად მობრაწული კარაქი მოასხით დამბალ ყველს და ამოურიეთ.
გააჩერეთ 10-15 წუთი და... ბორანო მზად არის. გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა:
ყველი სასურველია, დაძველებული იყოს.
აჭარელი გურმანები და მზარეულები ამტკიცებენ, რომ სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს განსაკუთრებულს ხდის.
თუკი ბორანო ოდნავ თხელი გამოგივიდათ, მობრაწული კარაქის მოსხმის შემდეგ შეგიძლიათ ოდნავ (დაახლოებით, 50 გრამი) პურის ფქვილიც დაუმატოთ.
ბორანის მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება (გამომდინარე იქიდან, რამდენად მარილიანია ყველი და რამდენჯერ დასჭირდება მას წყლის გადაწურვა).
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარულ ბორანოს შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.