ე.წ "კლუბების საქმეში" ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

  21:22:35     07-02-2019

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქ.თბილისში მდებარე ღამის კლუბებში სხვადასხვა დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში- „ბასსიანი“, „ხიდი“,  „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.

სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს  9  წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს  8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს  8 წლით და მ.მ. -ს  ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს  ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა.