ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა: ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ ალალი და შტერი ბავშვია... მას მიღუპავენ, მიწირავენ
11:46:18     07-02-2019
ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზი არ არის, მაგრამ ბავშვს მიღუპავენ, მიწირავენ და მინდა სამართალი ვიპოვო, - ეს განცხადება ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებული 21 წლის ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ გააკეთა.
ტყაბლაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ თაღლითობისთვის გასამართლდება და არა ნარკოტიკების გასაღებისთვის.
„სამწუხაროდ, პროკურატურისგან უსამართლობას შევხვდი. მე არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი ფრთიანი ანგელოზია, მან ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა და ამ მუხლით უნდა მიუსაჯონ, მაგრამ ორ დანაშაულს ედავებიან: თაღლითობას და ნარკოტიკების გასაღებას, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. აგენტ-პროვოკატორი ქვეყნიდან გააპარეს და შეიძლება ითქვას, სწორედ მისი მეშვეობით ხელი შეუწყვეს ჩემს შვილს დანაშაულის ჩადენაში. აქამდე მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ საპროცესო შეთანხმებაზე წამოვალთო. არ იყო ეს ჩემთვის სახარბიელო, რადგან ჩემს შვილს უნდა ეღიარებინა დანაშაული, რაც არ ჩაუდენია. უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვხვდები ვინ ვარ ან მე, ან ჩემი შვილი, ასეთი დაინტერესება რომ აქვთ“, - აღნიშნა ტყაბლაძემ.
„ქეთი არის ალალი, შტერი ბავშვი. ისეთი მენტალიტეტით გავზარდე, ვერც ვიჯერებ, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. ქეთიმ როცა გაიცნო აგენტ-პროვოკატორი, ის "შეძვრა" ამ ბავშვებში და ქეთის მეგობრებიც მისი აგენტები გახდნენ. ამას დაზუსტებით ვამბობ, ერთ-ერთი გოგონა, ქეთის მეგობარი, რომელიც საკონტროლო შესყიდვებისას კადრებშიც ჩანს, ქვეყნიდან მალევე წავიდა, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ვიდეოშიც ჩანს, როგორ უდებს ქეთის მისი მეგობარი ჯიბეში თანხას. ქეთის საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია წარმოდგენილი, სამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ჩემმა შვილმა აგენტ-პროვოკატორს მიჰყიდა "ფლუკოლდი".
დაიკითხა აფთიაქის იურისტი და ემთხვევა, რომ იმ პერიოდში ქეთი ნამდვილად ყიდულობდა "ფლუკოლდს" აფთიაქში. ორ ეპიზოდზე გვედავებიან, რომ თითქოს ქეთიმ ნარკოტიკი მიყიდა "აგენტს", მაგრამ გავაკეთე დნმ-ის ანალიზი და დადასტურდა, რომ ჩემს შვილს იმ ორ მტკიცებულებასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. აქამდე ხმას არ ვიღებდი, სანამ თავად არ დავრწმუნდი ჩემი შვილის სიმართლეში, უარს ვამბობდი ყველანაირ ინტერვიუზე. ახლა კი მიღუპავენ ბავშვს, მიწირავენ და მინდა სამართალი ვიპოვო. პირველივე შემთხვევისას თუ დააკავებდნენ ქეთის და მიუსჯიდნენ, მადლობას ვიტყოდი, რადგან თაღლითობა დანაშაულია და ჩემი შვილისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა ღუპავენ ბავშვს“, - აღნიშნა მან.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ბოლოს სახლიდან აღარ გადიოდა, სწავლა გააგრძელა, ვინაიდან სოლომონ ბათიკაშვილთან ურთიერთობის გაგრძელება არ სურდა.
თეონა ტყაბლაძე ციხის ადმინისტრაციას მადლობას უხდის, რომ მის შვილს უმკურნალეს, რადგან იყო პერიოდი, როცა გამონაყარი გაუჩნდა, დეპრესია ჰქონდა, არ ჭამდა, წყალს არ სვამდა და ა.შ.
ტყაბლაძის ინფორმაციით, ამჟამად მისი შვილი აღიარებს თაღლითობას, ნანობს დანაშაულს, მაგრამ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„უსამართლობას უყურებს ბავშვი - როგორ გაწირეს მეგობრებმა, მთავრობამ და ყველამ. ღმერთმა ქნას სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ. სამართალი თუ არსებობს, ქეთი თაღლითობის მუხლით უნდა გასამართლდეს“, - აღნიშნა ტყაბლაძემ.