საქველმოქმედო აუქციონი მოქვის სახარების გადასარჩენად - 1 / 07, პარასკევი, 20:00 - 22:00

  12:27:43     01-07-2011

საქველმოქმედო აუქციონი მოქვის სახარების გადასარჩენად

1 ივლისს, 20:00 საათზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას" საკონფერენციო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება და საგამომცემლო სახლი "MODI" გიწვევთ საქველმოქმედო აუქციონზე.

ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერის – მოქვის სახარების გადასარჩენად იმართება.

მოქვის სახარება 1300 წელს აფხაზეთში, დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის დაკვეთით გადაიწერა.

ხელნაწერში ფურცლოვან ოქროზე შესრულებული 162 მინიატურა, 532 საზედაო ასო და მდიდრულად ორნამენტირებული ინიციალებია.

ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სახარება მძიმე მდგომარეობაშია. მინიატურებიდან ფურცლოვანი ოქრო და საღებავები გაურკვეველი მიზეზების გამო იშლება და ცვივა. ხელნაწერს სასწრაფოდ ესაჭიროება დიაგნოსტიკა და რესტავრირება.

აუქციონის ჩატარება მოქვის სახარების გადასარჩენად დაწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ გასაყიდად წარმოდგენილი ყველა ექსპონატი ხელოვანებმა და სხვა ცნობილმა პირებმა უანგაროდ შემოგვწირეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოქვის სახარების რესტავრირების პროექტს.

აუქციონის წამყვანია: დუტა სხირტლაძე