რუსეთის ამბიციები და ატომური ავიამზიდები

  11:41:36     01-07-2011

ბოლო წლებში, რუსეთი თავდაცვის სფეროში აუარებელ თანხებს აბანდებს. ასობით მილიონი იხარჯება ახალი სტრატეგიული წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნა-აშენებაზე. შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სფეროს, რომელშიც ჩვენი ჩრდილო მეზობელი არც ისე მცირე თანხის ჩადებას გეგმავს, ავიამზიდი ფლოტია. Mმეტიც, რუსეთი საკუთარი ძალებით ატომური ავიამზიდის აგებას გეგმავს - ხომალდისა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირსაც კი არ ყოლია.

რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის მონაცემებით, ახალი ატომური ავიამზიდის პროექტირება, 2016 წელს დაიწყება. სათაო ხომალდი კი, მზად, 2023 წლისთვის იქნება. თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაჯდება ამგვარი ამბიციური პროექტი, ყველა დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

ამ პროგრამის დეტალებზე, არავინ, ზედმეტ ინფორმაციას არ ახმაურებს. რუსულ პრესაში პირველი ცნობები აღნიშნული გეგმების შესახებ, ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მაშინ გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ანატოლი შლემოვმა გაავრცელა, ხომალდის სავარაუდო წყალწყვას ეხებოდა (60000 ტონა). მისივე თქმით, ფლოტს, მინიმუმ სამი ასეთი ხომალდი დასჭირდება.

ცოტა ხანში, უკვე თავდაცვის მინისტრ სერდუკოვის თქმით, ახალი ავიამზიდის პროექტირება ნამდვილად იგეგმება, თუმცა სამი ხომალდის ასაშენებლად საჭირო თანხები თავდაცვის სამინისტროს ნამდვილად არ აქვს.

ფულს, რომ სულ თავი დავანებოთ, საბჭოთა პერიოდშიც კი, ავიამზიდი კრეისერების მშენებლობა ქალაქ ნიკოლაევში ხდებოდა. დღეს კი, ის დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რაც შეეხება თავად ავიამზიდებს, რომლებსაც მეტსახელად "მცურავ აეროდრომებსაც" უწოდებენ, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში ძალის დემონსტრირების სოლიდურ საშუალებას წარმოადგენს. ამავე დროს, ამ კლასის ხომალდი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – თანამედროვე ატომური ავიამზიდის აშენების ღირებულება 4-6 მილაირდ დოლარია, წელიწადში კი, ერთი ასეთი ხომალდის შექმნის სიამოვნება, ეკიპაჟის ხელფასების გათვალისწინების გარეშე, 80-90 მილიონ დოლარს "უკაკუნებს". ამიტომაც არის, რომ ავიამზიდები, დღეს მსოფლიოში მხოლოდ 9 ქვეყანას აქვს (მალე მათ ჩინეთიც შეუერთდება).

დღეს არსებული კლასიფიკაციის თანახმად, მსოფლიოში სამი ტიპის ავიამზიდები არსებობს. პირველი CATOBAR-ის (Catapult Assisted Take Off But Arrested Recovery) შემთხვევაში, თვითმფრინავის გემბანიდან აფრენას ორთქლის კატაპულტა უზრუნველყოფს. დასაფრენად კი აეროფინიშორები გამოიყენება. მეორე ტიპზე - STOBAR (Short Take-Off But Arrested Recovery), გემბანის ცხვირა ნაწილში ტრამპლინია განთავსებული და თვითმფრინავები ავიამზიდიდან კატაპულტის ნაცვლად უკევ ტრამპლინის წყალობით ფრიდნებიან. მესამე ტიპის ავიამზიდები STOVL (Short Take-Off and Vertical Landing) მხოლოდ ვერტიკალური-აფრენა დაფრენის თვითმფრინავებზეა გათვლილი.

კლასიფიკაციის რომელ სახეობას მოერგება მომავალი რუსული ავიამზიდი უცნობია. თუმცა მისი სავარაუდო წყალწყვიდან გამომდინარე მასზე კატაპულტები იქნება დამონტაჟებული. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ საფუძვლად 1143.7 Ульяновск-ის პროქტის ხომალდი იყოს გამოყენებული. CATOBAR-ის ტიპის ამ ავიამზიდზე მუშაობა 1984 წელს დაიწყო და გეგმით მას 4 ატომური რეაქტორი უნდა ქონოდა. მაგრამ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და 1/3-ზე მზა ხომალდი სტაპელებზე დაჭრეს.

მისი წყალწყვა 74000 ტონა უნდა ყოფილიყო. 323.7 მ-ის სიგრძისას, მის ბორტზე 70 საფრენი აპარატი უნდა განთავსებულიყო. მათ შორის შვეულმფრენები Ка-27 და Ка-31, საგემბანო გამანადგურებლები МиГ-29К და Су-33.

რეალურად, ავიამზიდის ავიაფრთის მთავარი შემადგენელი კომპონენტი არა შვეულმფრენები, არამედ საგემბანო გამანადგურებლებია. რუსეთს კი ამ მხივ გარკვეული პრობლემები აქვს. მას დღეისთვის ამ ტიპის მხოლოდ ერთადერთი თვითმფრინავი ყავს.

Су-33-ის სერიული წარმოება, თუ შეიძლება ამ პროცესს ასე ვუწოდოდ, 1993-94 წლებში უფულობის გამო, მხოლოდ 24 თვითმფრინავის აშენებით შემოიფარგლა. დღეს რუსეთს 18 ასეთი თვითმფრინავი ყავს (6 სხვადასხვა ავარიებსა და კატასტროფებში დაიკარგა) - სწორედ ეს 18 თვითმფრინავი შეადგენს მთელ რუსულ საგემბანო საბრძოლო ავიაციას.

რესურსის ამოწურვის გამო უახლოეს მომავალში ისინიც ჩამოსაწერნი იქნებიან. თვითმფრინავის სერიული წარმოების აღდგენა შეუძლებალია - მისი დასრულებისდან უკვე თითქმის 20 წელი გავიდა და ფინანსური თვალსაზრისით, 20 წლიანი ინტერვალის შემდეგ, 25-30 თვითმფრინავის გამოსაშვებად სერიული პროცესის აღდგენა არამომგებიანია. თვითმფრინავის ფასიც რამოდენიმეჯერ გაიზრდება.

ამიტომაც არსებული გეგმით რუსეთი საგემბანო ავიაციისთვის, 1 მლრდ დოლარად, 26 ერთეულ МиГ-29К/КУБ-ს შეძენას გეგმავს. ამ თვითმფრინავზე მუშაობა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და გეგმით ის საბჭოთა ავიამზიდი კრეისერების შერეული საავიაციო ფრთის შემადგენლობაში უნდა შესულიყო.

1989 წლის 1-ელ ნოემბერს თვითმფრინავი ავიამზიდის გემბანზე პირველად დაჯდა. მაგრამ სახელმწიფო შეკვეთამ მიქოიანის ფირმის მიღმა ჩაიფრინა - სუხოის ფირმამ დომინანტის როლი ითამაშა. შესაბამისად შერეული საავიაციო ჯგუფის შექმნის იდეა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უსახსრობის გამო პროექტი დაიხურა, თუმცა მიქოიანის ფირმა მასზე მუშაობას საკუთარი სახსრებით აგრძელებდა. დიდი როლი ამ თვითმფრინავის ბედში ინდოეთმა ითამაშა. 2003-ში მან 16 ასეთი თვითმფირნავი შეიძინა, ხოლო 2010-ში კიდევ 29.

სხვათა შორის, როდესაც რუსი სამხედრო ან სამოქალაქო მაღალჩინოსნები ახალი ავიამზიდის მშენებლობაზე ლაპარაკობენ, არავინ არ ამახვილებს ყურადღებას მისი გამოყენების სტრატეგიაზე. გარდა ამისა ავიამზიდი დამოუკიდებელი ერთეულის სახით პრაქტიკულად არასდროს მოქმედებს და ყოველთვის ესკორტის ხომალდების არსებობას საჭიროებს. ამ ყველაფერთან ერთად პერსპექტიული ავიამზიდი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას საჭიროებს, აქ საუბარია არა მხოლოდ მის აშენებაზე, არამედ შენახვასა და რემონტზეც. ერთი სიტყვით თუნდაც ერთი ავიამზიდის მშენებლობის სიამოვნება მილიარდობით დოლარს მოითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ 3-4 ხომალდზე.

დღესდღეობით, რუსეთის შეიარაღებაში ერთადერთი ავიამზიდია. მას საფუძველი 1982 წლის 1 სექტემბერს ჩაეყარა. 1143.5 პროექტის მიხედვით შექმნილი ხომალდი ავიამზიდი კრეისერების კლასში გადიოდა და ამას თავისი მიზეზი ქონდა. იმ პერიოდში მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი ფლოტი აშშ-ს ყავდა (ეს ტენდენცია დღესაც არ შეცვლილა და ალბათ აღარასდროს არ შეიცვლება. აშშ-ს 11 ატომური ავიამზიდი ყავს). შესაბამისად, ავიამზიდი იმპერიალიზმის ერთგვარ სიმბოლოდ განიხილებოდა. ამიტომაც იყო, რომ ყველა საბჭოური ხომალდი, რომელსაც საგემბანო ავიაციის მიღება შეეძლო ავიამზიდი კრეისერების კლასში გადიოდა.

ხომალდი წყალში 1985 წლის 4 დეკემბერს ჩაუშვეს. სამი წლით ადრე მას Леонид Брежнев უწოდეს (თავდაპირველად მშენებლობის პროცესში მას "რიგა" ერქვა). 1987 წელს ხომალდს კვლავ უცვლიან სახელწოდებას - ამიერიდან მას "თბილისი" ქვია. გამოცდების დასრულების შემდეგ, 1990 წლის 4 ოქტემბერს ავიამზიდ კრეისერს კიდევ ერთხელ შეუცვალეს დასახელება და "თბილისის" ნაცვლად მას Адмирал флота Советского Союза Кузнецов უწოდეს. ამ სახელს ის დღესაც ატარებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შავ ზღვაში დარჩენილ ხომალდზე პრეტენზიებს უკრაინა აცხადებდა და ამიტომაც ის სასწრაფოდ ჩრდილოეთის ზღვაში გადაიყვანეს. დღესაც ის ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანი ხომალდია.

სიმართლე, რომ ითქვას დღესაც კი "ადმირალ კუზნეცოვს" რუსეთმა გამოყენების რეალური სფერო ვერ მოუნახა. შესაბამისად უფრო გაურკვეველი ხდება მომავალი ატომური ავიამზიდის წინაშე დასახული ამოცანები.

უდაოა ის ფაქტი, რომ ძლიერი ფლოტის შექმნას ათწლეულები სჭირდება. ამასობაში არ არის გამორცხული რომ მსოფლიოსა და თავად რუსეთშიც პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში შესაძლებელია სრულიად გამოუსადეგარი გახდეს. ან პირიქით - ქვეყნის მომავალ ბედში რადიკალური როლი ითამაშოს.