პირი, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის ატვირთვას ედავება, სააპელაციო სასამართლოში ჩივის
10:33:52     04-02-2019
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკარმა სააპელაციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.
ადვოკატ მუხრან ღურწკაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც გამოძიება ფარული ვიდეოჩანაწერის ატვირთვას ედავება, ვებგვერდზე ვიდეო არ გამოუქვეყნებია და შესაძლოა მისი ანგარიში, ანუ ე.წ. იუზერი სხვამ გამოიყენა.
ადვოკატი ამბობს, რომ სოლომნიშვილს მობილურში ვიდეოკადრები შენახული ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.
მოსამართლემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.