კანადაში მცხოვრებ 33 წლის ქართველ ქალს თანამშრომელი 5 თვის განმავლობაში წამლავდა

  18:26:48     27-01-2019

ქართველი ემიგრანტი მაცა ბელიაშვილი კანადური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - 33 წლის ქალს, რომელიც ტორონტოში სუნამოების კომპანია Hudson’s Bay-ში მენეჯერად მუშაობს, ხუთი თვის განმავლობაში მისი თანამშრომელი მის წყლის ბოთლში სადეზინფექციო ხსნარს ამატებდა და წამლავდა, - იუწყება კანადური გამოცემა CTV News.

ქალმა ბოთლში ქაფი და უსიამოვნო სუნი 2018 წლის სექტემბრიდან იგრძნო. მას ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა, ღებინება, გულისრევა, თავისტკივილი, სისუსტე, კანისა და კუჭს გაღიზიანება. ბელიაშვილმა ბოთლი გადააგდო, თუმცა პრობლემები არ გამქრალა. ის კვლავ გრძნობდა იგივე სიმპტომებს.

ეჭვი მუდმივად ძლიერდებოდა და მან თავისი შიშების შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას უამბო. გასულ უქმეებზე ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რომ ქალბატონის 22 წლის კოლეგა კონიკა კანი, რომელიც მაცა ბელიაშვილთან ერთად თითქმის ერთი წელი მუშაობდა, მის ბოთლში საწმენდ ქიმიურ საშუალებას ასხამს.

ბელიაშვილის თანამშრომელი კომპანიაში ბუღალტრად დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. 

მაცამ კანადურ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ ის ძალიან გულგატეხილია.

"დაუჯერებელია, შოკში ვარ. ჩემი თანამშრომელი გამამხნევებელ მესიჯებსაც კი მიგზავნიდა მაშინ, როდესაც მოწამვლის გამო ცუდად ვიყავი. არასდროს წარმომედგინა თუ ჩემს მიმართ მტრულად იყო განწყობილი. მართლა რთული დასაჯერებელია. მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც გააკეთა", - თქვა მაცა ბელიაშვილმა.

მაცა ბელიაშვილმა წერილი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ადამიანს, ვინც დიდი სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ, ამ ბოლო დღეებში. პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში ამდენი პოზიტიური ემოცია, რომელიც მთელი კანადიდან გამომიგზავნეს. ცხოვრება გრძელდება და ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. დაე, სიყვარული სუფევდეს, ღმერთი მაღალია," - დაწერა ქართველმა ემიგრანტმა. 

ეჭვმიტანილს ბრალდება უკვე წარუდგინეს. ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ამასთან, ბელიშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევა უტარდება, ხოლო პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.