კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც ამდენი მკვლელობა და ყაჩაღობა ხდება
09:44:29     19-01-2019
მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ძალადობის ფაქტები - ბოლო დროს, კრიმინოგენური მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. იზრდება მძიმე დანაშაული და მცირდება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.
მინისტრი გახარია დიდწილად ივანიშვილის უკანონო დავალებების შესრულებით არის დაკავებული და ეს ხდება მაშინ, როდესაც ხალხი თბილისის და არა მარტო თბილისის ქუჩებში დღისითაც ვეღარ გადაადგილდება უსაფრთხოდ.
რატომ იმატა კრიმინალმა და რამ გამოიწვია ორგანიზებული დანაშაულის ზრდა? ამის შესახებ „პრესა.ჯი“ სამართალდამცველთა ლიგის ერთერთ ლიდერს, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ჭაიას ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: კრიმინალი 60 პროცენტით არის გაზრდილი, გახსნის მაჩვენებელი კი 20 პროცენტით შემცირდა, როგორ ახსნიდით ამ სტატისტიკას?
[I=2]ზაზა ჭაია: რასაც მე, ჩემი მეგობრები და სპეციალისტები ვუყურებთ, ოდნავ სხვაგვარად არის საქმე, 2015 წლისათვის, შსს-მ გვაჩვენა რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი იყო 67.34%. ამით უწყებამ გვითხრა, რომ საქართველო, მსოფლიოსა და სამყაროში, ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო იყო.
ამ პოლიტიკას, მაშინ უმკაცრესად ვაკრიტიკებდით, რადგან შსს გადასული იყო დანაშაულის დაფარვაზე, სტატისტიკის გაყალბებასა და მძიმე დანაშაულის ნაკლებად მძიმე მუხლებით აღძვრაზე.
ეს ყველაფერი სტატისტიკის გაყალბებასა და „გაკეთილშობილებას“ ემსახურებოდა. ეს პროცესები 2013 წლიდან დაიწყო.
სტატისტიკის გაყალბება მდგომარეობას ძალიან ამძიმებს კრიმინალის კუთხით. სწორედ ამის მეშვეობით ვერ ვხედავთ რეალურ დანაშაულებს და შესაბამისად, ვერც ვიბრძვით მის წინააღმრდეგ.
2016 წელს ხელოვნურად ჩამოწიეს სტატისტიკის მაჩვენებლები და ჩამოვიდნენ 57.04%-მდე, რადგან მიხვდნენ რომ 67% (დანაშაულის გახსნა) უგუნურობა იყო.
2017 წელს კი პროცენტმა 53.04-მდე დაიწია. 2018 წლის მონაცემებით ეს პროცენტი დაახლოებით, 33 გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია 2015 წლის შემდეგ, გულხელდაკრეფილი იყო. ან საერთოდ არ გვყოლია. მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში ასე არ არის?
უბრალოდ, ისინი სტატისტიკის გაყალბებას მოეშვნენ, მაგრამ ეს არსებული მდგომარეობისათვის შეღავათი არ არის. დანაშაული რეალურად კატასტროფულად გაზრდილი იყო 2013 წლიდან.
- ამავე სტატისტიკის მიხედვით, მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა 124 პროცენტით გაიზარდა - რამ გამოიწვია მძიმე დანაშაულის ასეთი ზრდა?
- დანაშაულის ზრდას, პირველ რიგში, იწვევს არასწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. საქართველოში, 2012 წლიდან, პირველი სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯი იყო მოუფიქრებელი ამნისტია და შეწყალებები.
ამ ფაქტების გამო, მთელი დანაშაულებრივი სამყარო გარეთ აღმოჩნდა. მათ შორის მკვლელები და პედოფილები, რომელთაც მხოლოდ 4 ან 6 წელი ჰქონდათ ასეთი მძიმე დანაშაულისათვის მოხდილი. ისინი გამოვიდნენ ციხიდან და თავიდან ჩაიდინეს დანაშაული.
კრიმინოგენური მდგომარეობის დამძიმების მიზეზია ისიც რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შეწყდა, მოხდა მისი გავლენების აღდგენა სახელმწიფოს ყველა სფეროში. მათ შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროში.
ყოველივე ამას ემატება დაუსჯელობის სინდრომის გაჩენაც. სწორედ ამ ფაქტებმა გამოიწვია მძიმე დანაშაულის ზრდა.
- ართმევს თავს გახარია თავის მოვალეობას?
- არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკურ განცხადებებსაც არ გავაკეთებ, თუმცა, ფაქტია რომ აღდგა ისეთი დანაშაული, რომელიც 2012 წლამდე, ფაქტობრივად, აღმოფხვრილი იყო.
[I=3]მაგალითად: ადამიანის გატაცება დანაშაულებრივი სამყაროს მიერ, ბიზნესის დარეკეტება... თავი წამოყო ორგანიზებულმა დანაშაულმა, რომელსაც საერთოდ აღარ ჰქონდა გავლენა - ოჯახში ყაჩაღობები, წამება, ავტომანქანის ქურდობები, ბანკის ყაჩაღობები.
ცნობისათვის: საქართველომ 2015-16 წლებში, მსოფლიოში ბანკის ყაჩაღობების კუთხით, ყველა რეკორდი მოხსნა.
ამას ემატება ძალადობის ფაქტებიც. „ყიზილბაშობის“, „ოსმალობის“ და „ლეკიანობის“ შემდეგ, საქართველოს არ ახსოვს რომ ქალების მიმართ ამგვარი ხოცვა-ჟლეტა ყოფილიყოს. აღდგა და იმატა ბავშვების წინააღმრდეგ ძალადობის ფაქტებმაც.
ეს ყველაფერი გამოწვეულია სახელმწიფოს არასწორი მიდგომით. ისინი ორგანიზებულ დანაშაულთან ტკბილად არიან. ერთერთი მთავარი ფაქტორია დანაშაულებრივი სამყაროს არჩევნებში გამოყენებაც.
- მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა იმით ხომ არ არის გამოწვეული რომ ხელისუფლებამ კრიმინალების წინაშე გარკვეული ვალდებულებები აიღო წინასაარჩევნოდ და მათ ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტიებიც მისცა?
- ბოლომდე ვერ დავეთანხმები იმას, ვინც ამას ამბობს. ყველას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმე ვინმეს ეუბნება ბანკი ან ოჯახი გაქურდეო. ეს გამორიცხული ამბავია. აქ მთავარია ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არასწორი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა.
მინისტრისა და სამინისტროს მუშაობა ფასდება იმის მიხედვით, რამდენად მშვიდად და დაცულად გრძნობს საზოგადოება თავს. თუმცა, დღეს, საქართველოში, საზოგადოების ვერც ერთი ფენა და საზოგადოების ვერც ერთი წევრი, თავს ვერ გრძნობს დაცულად.