სირიაში სამხედროებმა ცეცხლი მოსახლეობას გაუხსნეს
11:06:52     30-06-2011
სირიელმა სამხედროებმა, რომლებიც ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობას ცდილობენ, ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთით, მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს–პრესი“ ავრცელებს.
მცირე ხნით ადრე კი, გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ ალ–რამისთან, რომელიც სირიისა და თურქეთის საზღვარზე მდებარეობს, ათეულობით ტანკი და ჯავშანმანქანაა მობილიზებული. ამ ტერიტორიაზე, არმიამ რამდენიმე დასახლებული პუნქტი კონტროლქვეშ აიყვანა.
მღელვარება სირიაში უკვე ოთხი თვეა გრძელდება. არაოფიციალური მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში, საპროტესტო აქციების მონაწილე 1,3 ათასი ადამიანი დაიღუპა. თავის მხრივ, სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ „სამხედრო ტერორისტული ელემენტების“ მოქმედებებს, 340 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების დაცვის წარმომადგენელი შეეწირა.