თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი - მორის ნასაუელი (პირველი ნაწილი)

  12:16:16     18-09-2010

[კახა კაციტაძე, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]

2004-05 წლებში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში დაიწყო სახელმძღვანელოებისა და საკითხავი წიგნების, ქრესტომატიების, ე.წ.რიდერების მომზადების პროგრამა. პროგრამის მიზანი იყო ოფიცრებს ყველა დონეზე, კაპიტნების მომზადების კურსებიდან დაწყებული და გენშტაბის აკადემიით დამთავრებული (გენშტაბის აკადემიის შექმნის თარიღად დაახლოებით 2010 წელი ივარაუდებოდა) მიეღოთ გარკვეული სამხედრო-აკადემიური განათლება.

ხსენებული პროგრამა აღესრულა 2005 წელს, როდესაც ქართული თავდაცვის მაშინდელმა მამამ, ირაკლი ოქრუაშვილმა, მისთვის მარად  დამახასიათებელი კომპეტენტურობით, სიღრმითა და გამჭრიახობით დაასკვნა, რომ ომს თურმე ხიშტები იგებენ და არა ტვინები.

შესაბამისად, მინისტრისა და მისი კანცელარიის უფროსის (რომელიც რატომღაც გენშტაბის უფროსად იწოდებოდა), პოლკოვნიკ ლევან ნიკოლაიშვილის ძალისხმევით გაუქმდა თავდაცვის ეროვნული აკადემია და, ცხადია, ხსენებული პროგრამებიც დაიხურა. საბედნიეროდ ზოგიერთი თარგმანები გადარჩა, ისევე როგორც ზოგიერთი ნაშრომები.

ახლა გთავაზობთ ერთი მონაკვეთის თარგამანს მეტად საინტერესო ამერიკული კრებულიდან, რომელსაც ჰქვია “თანამედროვე სტრატეგიის შემოქმედნი”(Makers of Modern Strategy). ფუნდამენტალური კრებული 80-იან წლებში ამერიკელ მეცნიერთა ძალისხმევით გამოვიდა. ეს უზარმაზარი მოცულობის ნაშრომი, (დაახლოებით ათას გვერდამდე) მაშინვე იქცა ბევრი ქვეყნის სამხედროების სამაგიდო წიგნად (სხვათა შორის, მეოცე საუკუნის საბჭოთა სტრატეგიისადმი მიძღვნილი მონაკვეთის ავტორი იმხანად სტენფორდელი პროფესორი კონდოლიზა რაისია).

წარმოდგენილი მონაკვეთი ეხება ახალი დროის პირველ მხედარმთავარს - მორის ორანელ-ნასაუელს.

მორის ნასაუელმა, ჰოლანდიის დამოუკიდებლობისათვის გამართული ომის გმირის, ვილჰელმ I ორანელის ვაჟი, ერთ-ერთი პირველი შემქმნელია თანამედროვე სამხედრო საქმისა ამ სიტყვის ზუსტი გაგებით (ყოველ შემთხვევაში ასე თვლის სპეციალისტების უმრავლესობა). მან წარმატებით დაასრულა თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და არაერთგზის დაამარცხა იმ დროისათვის უძლეველი ესპანეთი არმია.

წარმოდგენილი ნაშრომის ქართული თარგმანი ეკუთვნის ბატონ ვიქტორ რთველიძეს. კომენტარები ჩემი შესრულებულია. გასათვალისწინებელია, რომ ტექსტი ადაპტირებულია, ანუ ისეთი სახე აქვს მიცემული, რომ მისი წაკითხვა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ჩაუხედავმა მკითხველმაც შეძლოს).

მორის ნასაუელი

 

ახალი დროის საწყისი მონაკვეთის ევროპაში მომხდარი “სამხედრო რევოლუცია” ძირითადად შესწავლილად ითვლება. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი  ზუსტი თარიღის  შესახებ. ტრადიციულად ისტორიკოსები ასეთად მიიჩნევენ არმიას, რომლითაც 1496 წელს შარლ VIII (1) შევიდა იტალიაში და რომელიც თავისი შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდა სამი საუკუნის შემდეგ ნაპოლეონის მიერ  ჩამოყალიბებული არმიისაგან.

 

მეორეს მხრივ, მიუხედავად მე-15 საუკუნის ბოლოსათვის სამხედრო რევოლუციის შემადგენელი მრავალი ელემენტის (ქვეითი ჯარის წარმოშობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გამოყენება და არტილერიის  გამძლე ნაგებობების შექმნა)  არსებობისა, ისტორიკოსთა სხვა ნაწილი ასეთ პერიოდად მიიჩნევს რეგულარული არმიის გაჩენის პერიოდს 1560-1660 წლების შუალედში.

 

ამ პერიოდამდე ომის წარმოების ხელოვნებას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში (აღმოსავლეთ ევროპაში მოვლენები ცოტა სხვაგვარად ვითარდებოდა) ახასიათებდა სტატიკურობა და გაურკვევლობა. ტაქტიკურ დონეზე იარაღის ძალისა და მოქმედების სისწრაფის კომბინაცია, რისი ყველაზე ეფექტური გამოყენების მაგალითიც აზენკურის@(2) ბრძოლა არის, შეიცვალა მუშკეტებისა და ალებარდების (3) მასიური მჭიდრო წყობით.

 

ეფექტიანი არმიის აღმშენებლობის საკითხი, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოს დასაყრდენი ინსტრუმენტი, პირველად მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა დასმული. რომის სამხედრო მეთოდები გახდა შთაგონების წყარო რეფორმატორებისათვის, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაკიაველის ტრაქტატი “სამხედრო ხელოვნების შესახებ”. თუმცა ზოგიერთი რეფორმატორი, მაკიაველის ჩათვლით, არ იყო პრაქტიკოსი, ისინი მაინც მართლები იყვნენ თავის ძირითად იდეაში - დისციპლინის აუცილებლობაში და გაცნობიერებაში იმისა, რომ საზოგადოებას გააჩნია სამხედრო ვალდებულება.

 

მოყოლებული ფლორენტინიდან (4) ბევრი ამ მწერალთაგანი ამტკიცებდა, რომ ადგილობრივ მკვიდრთაგან შემდგარი არმია უფრო სანდოა ვიდრე დაქირავებული. სხვანაირად უყურებდნენ საკითხს მმართველები, მათ სჯეროდათ რომ მხოლოდ გამოცდილ დაქირავებულ რაინდებს შეეძლოთ იარაღის ფლობა და ბრძოლა. რეალურად კი, დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული სახალხო ლაშქარი საჭიროებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს. თავისი მოუქნელობით და მოქმედების ნელი სიჩქარით მას მხოლოდ საკუთარი ქალაქის დაცვა თუ შეეძლო და არ გააჩნდა კომპლექსური და გრძელვადიანი ოპერაციების ჩატარების უნარი.

 

მაკიაველის აქცენტმა დისციპლინაზე, რაც ეფუძნებოდა იერარქიულ მმართველობას, ფუნქციონალურ დანიშნულებას და მუდმივი წვრთნებით და ვარჯიშით მიღწეულ კომპეტენციის მაღალ დონეს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ეფექტიანი ჯარის ჩამოყალიბებაზე  ოთხმოციანი წლების ომის დროს ნიდერლანდის სამეფოში (5).

 

ჰოლანდიაში მმართველი ოლიგარქია მზად იყო მიენდო თავის მმართველთათვის, ორანელ-ნასაუელი პრინცებისათვის, ახალი სამაგალითო არმიის შექმნა. პრინცები სხვა განათლებული ჯარისკაცების მსგავსად იცნობდნენ მათ წინამორბედთა ნაშრომებს სამხედრო საკითხებზე და ამავე დროს აცნობიერებდნენ რომ, მუშკეტებით და ალებარდებით მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ბრძოლის ახალი სტილის შემუშავება და მეტი ვარჯიში.

 

ცეცხლისა და მოძრაობის ხარისხის ასამაღლებლად, ქვეითი ჯარი აღარ უნდა ყოფილიყო ერთი მასიური წყობა, არამედ პირიქით უნდა დაყოფილიყო წვრილ ერთეულებად, სადაც ყველა ოფიცერსა თუ ჯარისკაცს მოეთხოვებოდა პირადი ინიციატივა და ტექნიკის მაღალი დონე ბრძოლის საერთო გეგმის შესასრულებლად. რომაული  ტაქტიკის უბრალო იმიტაცია უკვე საკმარისი აღარ იყო; მას უნდა დამატებოდა ახალი მორალური კოდექსი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა დაქირავებული ფეოდალი რაინდის პირადი გამდიდრებისა და დიდებისკენ სწრაფვის სურვილისაგან.

 

ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ორანელმა რეფორმატორებმა შეარწყეს რა ერთმანეთს ბრძოლის ხელოვნება და სპეციფიკური სოციალური და სულიერი ღირებულებები, შექმნეს პროფესიონალი ჯარისკაცისა და მეთაურის ახალი ტიპი.

 

ამ იდეის შთაგონებაში დიდი დამსახურება მიუძღვის ნეოსტოიკოს ფილოსოფოსს, ისტორიკოსს და 1571-1591 წლებში ლეიდენის უნივერსიტეტის ფილოლოგს იუსტუს ლიპსიუსს (Justus Lipsius) (6). მან პირდაპირი გავლენა მოახდინა მორის ნასაუელზე. თავის ლექციებსა და ნაშრომებში, Lipsius-ი , რომელიც გახლდათ მაკიაველის თაყვანისმცემელი და ვისაც იგი პლატონისა და არისტოტელეს (7) გვერდით აყენებდა, ხაზს უსვავდა ბრძანების სიტყვაშეუბრუნებლად შესრულების, ლოიალურობისა და სახელმწიფოსთვის სამსახურის დოქტრინას.

 

1589 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი Politicorum libri six, რომლის ასლიც მან მორისს აჩუქა, აღიარებულია როგორც ჰოლანდიის რეფორმების ინტელექტუალური საფუძველი. ომი, ამბობდა ლიპსიუსი, ეს არ არის ძალადობის უკონტროლო გამოყენების აქტი, არამედ ძალის ორგანიზებული და სწორი გამოყენება, რასაც ხელმძღვანელობს კომპეტენტური, კანონიერი და ავტორიტეტული პიროვნება სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად. მისთვის, იდეალურ ოფიცერი, ისწავლიდა რა ბრძანების გაცემას და ზემდგომის ბრძანებისათვის დამორჩილებას, უნდა მდგარიყო თავისი საზოგადოების სამსახურში და არ უნდა ეხელმძღვანელა პირადი დიდებისა და გამდიდრების მოტივით.

 

მომთმენი და ფხიზელი ოფიცერი, ყოველნაირი ძალადობის აქტის გამოვლინების გარეშე, რაც მისი ღირსების შელახვა იქნებოდა, არა მარტო მაგალითი იქნებოდა თავისი ქვეშევრდომებისთვის, არამედ მუდმივი ვარჯიშისა და წვრთვნის მეშვეობით მათ გადააქცევდა ეფექტურ და დისციპლინირებულ მებრძოლებად. ეს თვისებები იყო ძირითადი მიზეზი რომაელი მოქალაქე-ჯარისკაცების გამარჯვებისა რაოდენობით მეტ, მაგრამ ნაკლებად დისციპლინირებულ მოწინააღმდეგეზე.

 

დისციპლინა  გახდა ძირითადი ელემენტი; მიუხედად იმისა, რომ პრინცები გარემოებათა გამო იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ მოქალაქეთაგან შემდგარ რეგულარულ ჯარზე, დისციპლინაზე, ვარჯიშზე და წვრთნაზე გაკეთებული აქცენტი საკმარისი აღმოჩნდა ჰოლანდიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. როგორც მაქს ვებერი(8) ამბობდა, “დისციპლინამ და არა დენთმა განაპირობა გარდაქმნა, დენთი და მთელი საბრძოლო ტექნიკა მხოლოდ დისციპლინასთან ერთად გახდა მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი”. უფრო სოციალური და მორალური ფაქტორი, ვიდრე ტექნიკა, წარმოადგენდა იმ საფუძველს, რომელიც მაშინდელი ევროპის არმიების ნორმატიული სტანდარტი გახდა.

 

ამ ვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა  სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. თუმცა ორივე, სტრატეგიაც და ტაქტიკაც საკომუნიკაციო საშუალებების მაშინდელი მდგომარეობის და ციხე-სიმააგრებზე მიჯაჭულობის  გამო ჯერ კიდევ ვერ იყო შესაფერის დონეზე, და მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის გამყოფი ხაზები მე-18 საუკუნის ბოლომდე წაშლილი იყო, დისციპლინირებული შეიარაღებული ძალები მეთაურებს საშუალებას მაინც აძლევდა ეწარმოებინათ ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებები.

 

თუმცა გუსტავ ადოლფისა და მონტეკუკოლის(9)  მიერ ფომირებული შეიარაღებული ძალები მრავალი ასპექტით განსხვავდებოდნენ მორისის მიერ ფორმირებულისაგან,  მათ შორის მაინც არსებობდა მნიშვნელოვანი კავშირი. გუსტავ ადოლფი და მონტეკუკოლიორივე იყვნენ “ჰოლანდიელი რეფორმატორების” მიმდევრები. ასე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რომ, ევროპაში რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების პროცესი  ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ჰოლანდიური მოდელი, უეჭველად უფრო მეტად იყო მიბაძვის ნიმუში, მაგრამ ევროპაში აგრეთვე არსებობდა “იმპერიული” (იგულისხმება “საღვთო რომის იმპერიის”, იგივე  ავსტრიელი ჰაბსურგების იმპერიის - კ.კ.) მოდელიც, რომელიც თურქებთან დიდი ხნის ომების ვითარებაში ჩამოყალიბდა.

 

საღვთო რომის იმპერიაში, ჰუმანისტები ავენტინიუსი და სხვები, ასევე  სარდლები ფრონსპერგერი და შვენდი(10) აღფრთოვანებულები იყვნენ ოტომანთა იმპერიის სამხედრო წყობით და ცდილობდნენ ანალოგიური სისტემა თვითონაც გადაეღოთ. შვედებთან და თურქებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე მონტეკუკოლიმ თავის ნაშრომებში ერთმანეთს შეარწყო ეს ორი სისტემა, რაც ახალი დროის ადრეულ პერიოდში (early modern era) პირველი ცდა იყო ომის განხილვისა თავისი სოციალური, პოლიტიკური, ტაქტიკური, სტრატეგიული და ადმინისტრაციული განზომილებებით. ამ ფორმით მოხდა ჰოლანდური, შვედური და ავსტრიული მემკვიდრეობის გადაცემა მალბოროს(11), ფრიდრიხ დიდსა და სხვათათვის. შარნჰორსტი(12), კლაუზევიცის მოძღვარი, დიდად აფასებდა მონტეკუკოლის და მას მიიჩნევდა ომის ბუნების ჭეშმარიტ გზამკვლევად.

 

ასე რომ, ტერმინი “სამხედრო რევოლუცია” ნიშნავს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ ახალი იარაღის ათვისებასა და ტაქტიკური სტრუქტურის შექმნას. ის მოიცავს მთლიან და ფუნდამენტალურ ცვლილებებს ჯარის ბუნების და საერთოდ ომის წარმოების ხელოვნების საქმეში. ასეთი ცვლილებას ადგილი ჰქონდა 1560 შემდგომ პერიოდში. ეს იყო მორისის, გუსტავ ადოლფისა და მონტეკუკოლის ერა.

 

ეს ამ პერიოდში მოხდა ჩამოყალიბება არმიისა, რომელიც ეფუძნებოდა იერარქიულ სუბორდინაციას, დისციპლინას და საზოგადოებრივ მოვალეობას და ამ ფორმით შემორჩა იგი დღევანდელობას. აღნიშნული გარდაქმნები რასაც თან ახლდა სამი ხსენებული მხედარმთავრის ძალისხმევა, პრაქტიკა და თეორია მართლაც წარმოადგენენ  ნამდვილ “სამხედრო რევოლუციას”.

 

ვილჰელმ მდუმარეს მეორე შვილის, მორის ნასაუელის სახელი, ყველაზე უფრო მეტად ჰოლანდიის არმიის აღმშენებლობასთან ასოცირდება. თუმცა მორისი გახლდათ მოწინავე ტაქტიკოსი, ადმინისტრატორი და სააალყო ომის დიდი ოსტატი, იგი არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ასეთივედ სტრატეგიის საქმეში.

 

მეტისმეტად ფრთხილი მორისი ერიდებოდა თავისი არმიის რისკის ქვეშ დაყენებას და ოცი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი დიდი ბრძოლა ჩაატარა. მან შეძლო დაეცვა  გაერთიანებული ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, მან მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს, მაგრამ სიფრთხილე მას ხანდახან არამომგებიან მდგომარეობაშიც აყენებდა უფრო ძლიერ, მაგრამ ნაკლებად მეთოდურ მოწინააღმდეგესთან.

 

ამ შემთხვევაშიც კი, არასანდო დაქირავებული მეომრების და დროებითი ლაშქრის გარდაქმნაში მიღწეული წარმატება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა ომის წარმოების მეთოდების განვითარების საქმეში.

 

1589-1609 წლებში მომხდარი სამხედრო რეფორმები ერთობლივი შრომის შედეგი იყო. არმიის ერთიანი სტრუქტურის და ფინანსების საკითხებში მორისს Johan van Oldenbaarneveldt-ის, ჰოლანდიის Landsadvocaat-ის(13) და 3 დეკადის განმავლობაში states general(14)-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პირის, მხარდაჭერა ჰქონდა.

 

ადმინისტრაციულ და ტაქტიკურ საქმეებში მორისს თავისი ორი ბიძაშვილი, ვილჰელმ ლუის და იოჰან ნასაუელები უწევდნენ დახმარებას. დაბოლოს, საალყო ომის წარმოებასა და სამხედრო ტექნოლოგიებში მორისი ეყრდნობობა მათემატიკისა და საალყო ომის ტექნიკის ოსტატის სიმონ სტევინის რჩევებს, რომელიც იმ დროს გახდა არმიის მთავარი ინჟინერი და ჩამოაყალიბა სამხედრო ინჟინერთა კორპუსი.

 

მორისის ფრთხილი და წინასწარგანზრახული სტრატეგია, ასახავდა  ჰოლანდის რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას, გამომდინარეობდა მისი თანამდებობის სპეციფიკიდანაც. Mმორისი, განსხვავებით გუსტავ ადოლფის, ფრიდრიხ დიდისა და ნაპოლეონისგან არ იყო სამოქალაქო ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი მხედართმთავარი. იგი განიცდიდა სამოქალაქო ხელისუფლების გარკვეულ ინსტიტუციონალურ ზეგავლენას. 1588 წელს, 21 წლის ასაკში მორისი დანიშნულ იქნა “Admiral-General of the United Netherlands” და ასევე “Captain-General ჯარებისა ბრაბანტსა და ფლანდრიაში (15)” გარდა ამისა მორისს, როგორც შტატლჰალტერს (გამგებელ-მთავარს), გააჩნდა სახელმწიფო სტრუქტურები  ჰოლანდიისა და ზილენდის (ზეელანდ) პროვინციებში, ხოლო 1591 წლის შემდეგ ასევე გერდერლანდში, ოვერიხსელსა, უტრეხტში.

 

ამავე დროს მისი კუზენი უილიამ ლუისი იყო ჰოლანდიის სხვა ისტორიული მხარის ფრისლანდის,ხოლო  1594 წლიდან გრონინგენის და დრენტეს შტატჰალტერი. მაგრამ ბევრი სახელმწიფო ოფისის ქონა არ ნიშნავს დიდ აღმასრულებელ უფლებამოსილებებს. როგორც საზღვაო ძალების მეთაური, მორისი პასუხისმგებელი იყო ხუთ სხვადასხვა საადმირალოს მართვაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად “არმიის გენერალს” ეძახდნენ, იგი არასოდეს ყოფილა ჰოლანდიის სახმელეთო ძალების სარდალი.

 

მისი პროვინციული პარტიკულარიზმი არ იძლეოდა შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ოპერაციების წარმოების საშუალებას, ამავე დროს, თითქმის ყოველთვის, გენერალური შტატების (პარლამენტის) სპეციალური კომიტეტი (special committee of the States General) სამხედრო საქმეების კოორდინირებას ახდენდა, ხოლო დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი თვალყურს ადევნებდა ოპერაციათა მსვლელობას. 

 

მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური მოწყობისთვის დამახასიათებელი დაძაბულობისა, დიდი ხნის მანძილზე ეს სისტემა საკმაოდ კარგად მუშაობდა. მმართველ ვაჭარ ოლიგარქებს არ გააჩნდა სამხედრო გამოცდილება და მიდრეკილება სამხედრო კარიერისკენ. ამიტომ ისინი თანახმანი იყვნენ ჯარის მმართველობა შტატჰალტერთა ხელში ყოფილიყო.  მაგრამ უთანხმოების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. როდესაც პოლიტიკურმა საჭიროებამ მორისი იძულებული გახადა სამხედრო კამპანია დაეწყო ფლანდრიაში 1600 წელს, ოფიცრები გრძელი სამოსების გამო აწუწუნდნენ, ხოლო პოლიტიკოსებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არმიის საფრთხეში ჩაყენება.

 

ეს ყველაფერი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც მორისი 1588 წელს დანიშნულ იქნა მთავარსარდლად (commander in chief). იმ დროისთვის პოლიტიკოსები და ჯარისკაცები საჭიროდ თვლიდნენ გარდაექმნათ ერთიან ძლიერ ძალად დაქირავებული მეომრებისა და სახალხო ლაშქრის არაეფექტური რაზმები. ამ ძალას უნდა შეძლებდა პროფესიონალი ვეტერანებისგან შემდგარი ესპანეთის არმიის მოგერიებას, რომელსაც მაშინ პარმას ჰერცოგი, გრაფი ალექსანდრე ფარნეზე ხელმძღვანელობდა.

 

იმ წლებში, ისევე როგორც ჰოლანდის აჯანყების დასაწყისიდან მოყოლებული, ბრძოლა იყო ასიმეტრიული. ჰოლანდის არმიამ იმ დროის ყველაზე მოწინავე ძალა მოიგერია არა იმიტომ, რომ მან დიდი ძალისხმევა დაახარჯა, არამედ იმიტომ რომ ესპანელებს უჭირდათ დროის გრძელვადიან მონაკვეთში და ძნელად მისადგომ ადგილებში  მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების წარმოება.

 

აჯანყების დასაწყისში, 1566 წელს, ესპანეთის ნიდერლანდები შედგებოდა 17 პროვინციისგან, 3 მილიონიანი მოსახლეობით. მდინარეები რაინი, მაასი და შტელტი სამხრეთის ათ მოწინავე პროვინციას, ძირითადი ქალაქებითურთ, ნაკლებად დასახლებული ჩრდილოეთისაგან ყოფდნენ. აჯანყება დაიწყო სამხრეთით, მაგრამ 1579 წელს აჯანყებულთა რამოდენიმე მარცხის, ასევე არისტოკრატიასა და რადიკალურად განწყობილ მათ ქალაქელ მხარდამჭერებს შორის განხეთქილების გამო, სამხრეთის პროვინციები ისევ ესპანეთის მმართველობის ქვეშ მოექცა.

 

7 ჩრდილოეთ პროვინცია ცდილობდა დახმარებოდა თავის სამხრეთელ მეზობლებს, მაგრამ ვილჰელმ I მდუმარის, ადამიანის რომელსაც პატივს სცემდა ორივე ნაწილი, მკვლელობის შემდეგ 1584 წელს, ჩრდილოეთის და სამხრეთის ურთიერთდახმარების იდეა ვერ განხორციელდა.  განხეთქილების გამო ჩრდილოეთ პროვინციებმა ვერ შეძლეს დახმარების გაწევა თავისი მეზობლებისთვის.

 

ამას თან დაერთო ისიც რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ვერ მიიღეს თავისი კუთვნილი ფული და უარი თქვეს ბრძოლის გაგრძელებაზე. ქალაქი ქალაქზე ბარდებოდა ესპანეთის ჯარებს. ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ანტვერპის პროვინცია, ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ დამპყრობლებს, მაგრამ უმეტესობა ან დანებდა ან ღალატით იქნა დაპყრობილი. პარმის ჰერცოგმა(16) მეორე ფრონტი გახსნა აღმოსავლეთით. გადაიარა ფრისლანდი, გრონინგენი და ჯერდელლენდი და დაემუქრა უტრეხტს, და ზელანდს (17).

 

ესპანელების გამარჯვებებით შეშინებული ინგლისის დედოფალი ელისაბედი (18), რომელიც აჯანყებულებს ადრეც ეხმარებოდა, იძულებული გახდა პირდაპირი დახმარება აღმოეჩინა ჯარებისა და სუბსიდიების სახით. მაგრამ ინგლისის დახმარება უშედეგო აღმოღჩნდა. ინგლისური საქსპედიციო ჯარების სარდალმა, გრაფმა ლისესტერმა და მისმა მოადგილეებმა მათთვის მინდობილი სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრეები პარმის ჰერცოგს გადასცეს. 1587 წლისათვის აჯანყების კრიზისი სახეზე იყო. პარმის ჰერცოგის  ჯარებმა ჩრდილოეთ ზღვას მიაღწიეს და იქიდან სამხრეთის ფრონტს შეუერთდნენ.

 

თუკი პარმამ ვერ შეძლო საბოლოო გამარჯვების მიღწევა 1587-1588 წლებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა რომ, ინგლისის ჩარევამ იმდენად განარისხა ესპანეთის მეფე ფილიპე  რომ, მან ამ კუნძულის წინააღმდეგ გაილაშქრა და პარმას უბრძანა თავისი ძალები იქით გადაესროლა (ლაპარაკია ე.წ. “უძლეველი არმადის” მოქმედებაზე. ძალიან საეჭვოა ჰოლანდიელებს გაეძლოთ მეფე ფილიპეს არმადა ინგლისის კი არა, ჰოლანდიის წინააღმდეგ რომ გამოეყენებინა-კ.კ.). მეფე ფილიპეს ინიციატივა ჩაიშალა. ხოლო ერთი წლის შემდეგ როდესაც იგი ისევ მზად იყო ახალი ლაშქრობისათვის, მისი ყურადღება უკვე საფრანგეთში მომდინარე რელიგიური ომებისკენ იყო მიმართული.

 

ამ მომენტმა მორისს საშუალება მისცა არმია აეღორძინებინა, აღეგდინა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდი ნაწილი და თავდაცვისუნარიანობა განემტკიცებინა. ესპანეთს რომ თავისი მოწინავე ფლოტი ჩაება ბრძოლაში შესაძლებელია გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ მისმა ინტერვენციამ საფრანგეთში (ლაპარაკია ესპანელთა ჩართვაზე საფრანგეთში მიმდინარე რელიგიურ-სამოქალაქო ომში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ძირითადად ჰუგენოტებით დაკომპლექტებული არმია, რომელსაც სარდლობდა იმხანად ნავარის, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის მეფის ანრი IV დე ბურბონი, და ძირითადად რადიკალურად განწყობილი კათოლიკეებით დაკომპლექტებული არმია ლოტარინგიის ჰერცოგ ანრი დე გიზის მეთაურობით. ფილიპე II ცხადია მხარს ამ უკანასკნელს უჭერდა. თუმცა მარცხს მარცხზე განიცდიდა-კ.კ.) საკუთარი იმპერიის დაცვის საჭიროებამ და ფინანსურმა პრობლემებმა მას ამის საშუალება არ მისცა.

 

შთაგონების წყარო არმიაში რეფორმების გასატარებლად მომდინარეობდა კლასიკური მოდელებისა და ასევე მე-16 საუკუნის ომების ტიპოლოგიიდან. მიუხედავად იმისა, რომ უახლოესმა მოვლენებმა ნათლად აჩვენეს, რომ დაქირავებული ჯარი არასანდო იყო, რეფორმატორები მაინც იძულებულები იყვნენ შეიარაღებული ძალები მათი მეშვეობით დაეკომპლექტებინათ.

 

ახალი ჯარის განსაკუთრებული დამახასიათიათებელი თავისებურებები გახლდათ: საზრიანობა, უპირობო მორჩილება, ლოილურობა, გაუმჯობესებული მანევრირება და გადაადგილება. რეფორმა დაიწყო ჯარის რაოდენობის შემცირებით, რაც ასევე დაფინანსესების შემცირებასაც გულისხმობდა. 1600 წლიდან მოყოლებული ჰოლანდის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა იშვიათად სცილებოდა 12000 კაცს. აქედან 2000 იყო ცხენოსანი და 10000 ქვეითი.

 

ჯარის შემადგენლობაში რიგითთა უმრავლესობას უცხოელები შეადგენდნენ, კერძოდ: ფრანგები, ინგლისელები, შოტლანდიელები და სხვა.  შვედები და ჰოლანდელები შედარებით ნაკლებნი იყვნენ მათ რიგებში. მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტელი შრომისა და დროული ანაზღაურების წყალობით მებრძოლებმა გაითავისეს დისციპლინა.  ჯარისკაცები ყოველდღიურად ერთი და იგივე ვარჯიშებს იმეორებდნენ, რომლებიც რომაული წყაროებიდან იყო აღებული. 

 

რა თქმა უნდა არმიაში ჯარისკაცებს ყოველთვის ასწავლიდნენ იარაღის ხმარებას, მაგრამ ამ შემთხვევაში სწავლების მიზანი სცილდებოდა ინდივიდის თუ დანაყოფის პროფესიონალური დონის ამაღლებას. მოცემული წესების სათანადო შესრულება გახდა დისციპლინის საფუძველი. აღნიშნული წესები მოიცავდა ვარჯიშებს, რომელთა მიზანი იყო უპირობო მორჩილების ჩვევების განვითარება  და შენაერთის მდგრადობისა და დარაზმულობის უზრუნველყოფა.  არმიაში ვარჯიშების და წვრთვნების შემოღება ორანელთა რეფორმების ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, რამაც შემდგომ მნიშვნელოვნად განაპირობა თანამედროვე სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება.

 

ვარჯიშისა და შენაერთების დარაზმულობის ერთობლიობამ გააუმჯობესა ბრძოლის ეფექტიანობა. ლიპსიუსი ამბობდა: ”თავისი მამაცი ბუნება ზოგიერთ ადამიანს მომგებიან მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ წესრიგისა და ინდუსტრიის ერთობლიობას უფრო მეტი შეუძლია”. ყოველდღიური ვარჯიშები იარაღით ხელში თვითგანვითარების საშუალებას იძლეოდა, აუმჯობესებდა სროლისა და ცივი იარაღის ხმარების სიზუსტეს.   

 

მუდმივი ვარჯიში ისევე როგორც ქვედანაყოფების დამოუკიდებელი საბრძოლო როლი ჰოლანდის ტაქტიკურ სისტემაში მოითხოვდა კარგად მომზადებული კვალიფიციურ ოფიცრების მეტ რაოდენობას. ამგვარ ოფიცერთა მომზადების სისტემის  დანერგვის გამო მორისი მიჩნეულ იქნა თანამედროვე ევროპული ოფიცერთა კორპუსის ფუძემდებლად. რაც უფრო მნიშვნელოვანია მან შეცვალა სამხედრო პროფესიის ზნე.

 

შთაგონებული კალვინისტური (19) აღზრდით და ნეოკლასიკური სწავლებით შთაგონებული (იგულისხმება ანტიკურ ტრადიციაზე დამყარებული რენესანსული განათლება-კ.კ), იგი მეთაურობას უყურებდა არა როგორც კეთილშობილი წარმომავლობის პრივილეგიას, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას.

(გაგრძელება უახლოეს მომავალში დაიდება საიტზე)