ფრანსუა ვიიონის ლექსების რამდენიმე შესანიშნავი თარგმანი

  13:15:13     29-06-2011

ფრანგულიდან (ნებისმიერი ენიდან) თარგმნილი ლექსები თუ ქართველ მკითხველს მოეწონება, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა მან ფრანგული (ნებისმიერი ენა), ეს უკვე დიდი შედეგია მთარგმნელისათვის, ვინაიდან ქართველი მკითხველი განებივრებულია პოეტური შედევრებით, დიდებული ქართული პოეზიით და მისი გულის მოგება ძალიან ძნელია.

ჩვენი მთარგმნელობითი სკოლა ძალიან ხშირად ახერხებს ამას. ჩვენი შესანიშნავი მთარგმნელების დამსაურებაა, რომ მსოფლიო ლიტერატურის თითქმის ყველა მიღწევას ფეხდაფეხ ეცნობა ქართული საზოგადოება და უცხო ხალხების გულისგულში ჩახედვასაც ახერხებს.

მე ვფიქრობ, თუ გინდა გაიგო როგორი კულტურა აქვს ხალხს და როგორი მომავალი ელის მას, მისი მთარგმნელობითი საქმიანობა უნდა შეისწავლო. დიდი კულტურისა და დიდი მომავლის მქონე ერი, ყოველთვის დაინტერესებულია უცხოური ხელოვნებით, ლიტერატურით. ეს ანოყიერებს მის ლიტერატურულ ნიადაგს. ლიტერატურა კი ეროვნული განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, რა თქმა უნდა. თუ საზოგადოება წარმატებით თარგმნის უცხოურ ჭეშმარიტ ლიტერატურას, მაშასადამე ამ საზოგადოებას განახლება უწერია და დიდი ხნის სიცოცხლე.

ფრანსუა ვიიონზე პრესა.გე-ს მკითხველს ამა წლის 1 აპრილს ვესაუბრეთ (“დილეგია ეს ქვეყანა”) და გავიხსენეთ მისი ლექსები: “ბალადა გარდასული დროის ქალბატონებზე” (თარგმანი ფრანგულიდან გივი გეგეჭკორისა), "დამოძღვრის ბალადა” და "ანდაზების ბალადა” (თარგმანი ფრანგულიდან დავით წერედიანისა).

დღეს, პრესა გე-ს მკითხველს ვთავაზობ გავიხსენოთ ფრანსუა ვიიონის კიდევ რამდენიმე ბალადა (ლექსი), რომლებიც შესანიშნავადაა თარგმნილი (გადმოცემული) ქართულად, გეგონება ძველი დროის ქართველებს, ფრანსუა ვიიონის თანამედროვეთ დაუწერიათო:

წვრილ თქმათა ბალადა               

 (ფრანგულიდან თარგმნა დავით წერედიანმა)

ვიცი გარჩევა რძისაგან ბუზის,
ვიცი გარჩევა ბზისაგან ქერის,
ვიცი, ვინ კაცი რა საქმეს უზის,
ვიცი, ვინ ჩიტი რა ხმაზე მღერის,
ვიცი თვალადიც, ვიცი ართვალიც,
ვიცი უკმეხიც და კუდქიცინაც,
ვიცი ამ ქვეყნის ტყუილ მართალი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ყველა და ყველას გზა-კვალი,
ვიცი, რა ძაფი სად ჩაბურდულა,
ვიცი, რას უხსნის მღვდელს დიაკვანი,
ვიცი, რას ახვევს ქურდი ქურდულად,
ვიცი, ვინ ვისი კრიფა ყურძენი,
ვიცი, ვინ გასხლტა, ვინ ჩაიძირა,
ვიცი ღვინოც და ღვინის ჭურჭელიც,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,
ვიცი, რისია ქალთა მისნობა,
ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,
ვიცი, რომელი რითი იცნობა,
ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,
ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,
ვიცი ცრემლი და ცრემლში - სიცილი,
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,
ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,
ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყოველს...
ჩემი თავისა არა ვიცი რა.

ვედრების ბალადა
 
(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჩკორმა)

ბერებს, მონაზვნებს, მღვდლებს და დიაკვნებს,
ვინც სამოთხეში შესვლას აპირებს
და ვინც ტავერნებს აფორიაქებს,
მსახურთ, მათხოვრებს და დოყლაპიებს,
კარგად მორგებულ ფეხცსაცმელიან
და ვიწრო კაბით მორთულ დედოფალს,
ვისაც დუქნებში ახლაც ელიან, -
მე გევედრებით ყველას შენდობას.

კახპებს, რომლებსაც უთრთით ჯიქნები
და მათი მკერდით დამთვრალ დარბაზებს,
ქურდებს, რომლებიც დანას იქნევენ,
გამომძალველებს და მატრაბაზებს,
ქუჩის თვალთმაქცებს, ვის შეძახილზეც
ხალხი ბღავის და ხალხი ერთობა;
ბიჭებს, გოგოებს, ბრმებს და მახინჯებს,
მე გევედრებით ყველას შენდობას.

თქვენ კი ჯაშუშებს, ღამის ნაგაზებს,
ვის გამოც ახლა ამ ბნელ საკნებში
ვზივართ სველზე და ვზივართ ნაგავზე
და გვენატრება პურის ნაგლეჯი,
სულს ჩაგისვრიდით, ნამდვილად ღირდა,
მაგრამ შარვალი ჯერ არ მეთმობა,
ღირსი არა ვარ, თუ ვინმე მქირდავს...
მე გევედრებით ყველას შენდობას.

არ შეარჩინოთ, გაფიცებთ ძმობას,
გამცემს სიავე და თავხედობა,
ნუ დაიშურებთ კეტსა და კომბალს
და გევედრებით ყველას შენდობას.

უკანასკნელი ბალადა

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჩკორმა)

მორჩა, წერტილი დასვა ფრანსუამ
და აქ თავდება მისი ანდერძი.
ზარების რეკვით თუკი აღსრულდა
და გაერია მალე ლანდებში,
სურს, რომ წითელი გეცვას სამოსი,
თუ დაესწრებით იმის პანაშვიდს,
მას სიყვარულით სული ამოსძვრა
ღიმით მიმავალს იმ ქვეყანაში.

არ ტყუის, როგორც ბინძურს და წუნკალს,
სულ ყველგან ქვებით ბედშავ ვიიონს
გააფთრებული მისდევენ უკან;
ისე მიადგა ის რუსილიონს,
რომ სულის მოთქმა არვინ აცალა
და ყოველ ბუჩქნარს, როგორც ფალასი
მან შეატოვა ქვედა საცვალი
აწ მიმავალმა იმ ქვეყანაში.

ვერ უფარავდა სხეულს ძონძები,
რომ შეეგება მიქელ-გაბრიელს,
და სიყვარული, ღვთით ნაბოძები,
სულს უჯიჯგნიდა გზაში დაბნეულს;
ვერ გადაუყვლეფს ბალთა მეომარს
სხეულს იმგვარად, ანდა ქარქაში,
მაგალითია მართლაც მხნეობის
ის, მიმავალი იმ ქვეყანაში.

პრინცო, თუ გითხრეს, ალბათ ძალიან
არ გაგაოცებს სიტყვა ხალასი,
რომ ბოლოს ისევ ღვინო დალია
მან, მიმავალმა იმ ქვეყანაში.