წავკისში ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

  16:07:23     26-12-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ წავკისში ორი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ორ დაკავებულს - მამა-შვილ გიორგი და ნიკოლოზ აბულაძეებს ბრალი ედებათ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, ასევე კიდევ ორი პირის დაჭრაში. მესამე დაკავებულს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წაუყენეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან – გ.ა-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.