სევარიონის ლექსების ახალი კრებულის - ”ქარგაუხდელი ციხეების” პრეზენტაცია

  12:43:23     28-06-2011

როგორც პრესა.გე-ს მკითხველმა უკვე იცის გამოვიდა სევარიონ (სოსო) ნადირაძის ლექსების ახალი საიუბილეო კრებული ”ქარგაუხდელი ციხეები”. როგორც ჩვენს მკითხველს შევპირდი, გაცნობებთ, რომ:

29 ივნისს, ოთხშაბათს, 18 საათზე

სამების ტაძრის ახალგაზრდულ დარბაზში გაიმართება სევარიონ (სოსო) ნადირაძის საიუბილეო კრებულის ”ქარგაუხდელი ციხეების”

წარდგინება  - პრეზენტაცია.

ჩვენ მივიღეთ ავტორის წერილიც -

სევარიონი გვწერს:

“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო.

ორი წელიწადი მაშორებს 50 წელს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩემი შემოქმედების ორ ტომეულის გამოცემა იგეგმება. წელს პირველი ტომი დაიბეჭდა, სადაც რჩეული პოეზია შევიდა...

ბევრი ქართველი ემიგრანტი გამოთქვამს წუხილს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად ვერ მოახერხებს წიგნის მომავალ პრეზენტაციაზე დასწრებას, მე ისინი მინდა ვანუგეშო, რომ პრეზენტაციის დღეს, ყველანი. ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, და გამოთქვამენ ამ საღამოზე დასწრების სურვილს, წიგნის დღესასწაულის საპატიო სტუმრებად გამოცხადდებიან და მადლიერების ნიშნად, პირადად მე, ხმამაღლა წავიკითხავ მათ გვარებს, მექნება თხოვნაც:

ძვირფასო ემიგრანტებო, შეატყობინეთ ეს სასიხარულო ამბავი თბილისში მცხოვრებ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს, პრეზენტაციის დღეს კი ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს მაგიერ, თქვენი ახლობლები დაესწრებიან ღონისძიებას და თითო წიგნს შეიძენენ... წიგნიდან შემოსული შემოსავალი ხომ ჩვენი არსებობის ერთადერთი წყაროა...

ვაცხადებ მობილიზაციას - ”შევიძინოთ სოსო ნადირაძის წიგნი”.

გთხოვთ მობრძანდეთ”.

პრესა.გე-ს მკითხველის სახელით ვულოცავთ სევარიონს ახალი კრებულის გამოცემას, ვუსურვებთ წარმატებას და ბედნიერებას. მკითხველს კი ვთავაზობთ მის ორ ლექსს აღნიშნული კრებულიდან.

ამინთე შუქი

ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა,
ამინთე შუქი დაგანახო ჩემი ცრემლები,
მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს,
მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...

ამინთე შუქი, დაგანახო შეშლილი სევდა,
ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები,
იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა,
იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...

ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს,
ამინთე შუქი, დარჩენილა რადგან წამები,
ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა,
ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლენ უცხო ძალები...

ამინთე შუქი, რომ სიბნელემ დამტოვოს მალე,
ამინთე შუქი, რომ ვიხილო შეუცნობელი,
რომ ცოდვიანი ბილიკები დათოვოს ხვალემ
და წმინდა გზაზე შევირიგო შვილმა მშობელი...

შენ მე არ მიცნობ

შენ მე არ მიცნობ,
მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს,
შენ მე არ მიცნობ,
მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები,
შენ ცას შეხედე,
მას გაჰყევი, იქნებ გადარჩე,
მე კი განაჩენს
სინანულით დაველოდები...
შენ ცას უსმინე გევედრები,
მე ნუ მომისმენ,
ზამთრის მუქარამ დაუთვალა
ხეებს ნეკნები,
მე კი არ ვმღერი
ქარი არხევს შემოდგომის ხეს
და ფოთლებივით
უნუგეშოდ სცვივა ლექსები...