ნილ იანგი - თანამედროვე მუსიკის ლეგენდა

  11:01:47     27-06-2011

ნილ პერსივალ იანგი, ცნობილი კანადელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და სოციალური აქტივისტი დაიბადა ტორონტოში და სოლო-შემსრულებლის სახით კარიერა დაიწყო 1960 წელს. 1966 წელს გადასახლდა კალიფორნიაში. დღესდღეობით, იგი ითვლება კანადის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებად და თავისი დროის მუსიკოსთა თაობის პატივსაცემ მუსიკოსად. მას აქვს ხანგრძლივი მუსიკალური მოღვაწეობის გამოცდილება, რომელიც ოთხ ათწლეულზე მეტ პერიოდს მოიცავს. იანგმა ჩაწერა 33 სტუდიური ალბომი.

იანგის ნამუშევრებს ახასიათებს ღრმად პირადული სიმღერების ტექსტები, სასიამოვნო საგიტარო რიფები და ვოკალი, რომელიც ტენორულ სტილს უახლოვდება. მისი მუსიკა შეიცავს სვინგის, ჯაზის, როკაბილის, ბლუზის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც კი.

გარდა ამისა, იანგი ცნობილია თავისი სოციალური აქტიურობითაც. მაგალითად, 1985 წელს, მან ფერმერთა მხარდასაჭერად გამართა საქველმოქმედო შოუ. იანგმა მიიღო მონაწილეობა ბრიჯის სკოლის აშენებაში, რომელშიც ამჟამად დადიან ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვები. თავის მეუღლე პეგი იანგთან ერთად ნილი ყოველ წელს ეხმარება ამ სკოლას კონცერტების სერიების შემოსავლით. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ზეკე, ბენ და ემბერი. თავად ზეკე და ბენი დაავადებულნი არიან ცერებრალური დამბლით, ხოლო ემბერი - ეპილეფსიით.