რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა
03:58:23     26-11-2018
რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა.
ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან. კერძოდ, ორი გემი "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად ოდესიდან, ქერჩის სრუტის გავლით, მარიუპოლში მიცურავდნენ. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
ინფორმაცია უკრაინული გემების დაკავების შესახებ რუსულმა FSB-მ დაადასტურა. მათი განცხადებით, რუსულმა მხარემ სამი გემი დააკავა.