ერნესის (დათო ქაქუთიას) "შეშლილი ლექსები" (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
12:30:59     24-06-2011
დათო ქაქუთიას ლიტერატურული ფსევდონიმია ერნესი. დაიბადა 1974 წლის 11 სექტემბერს. სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ლექსებს ბავშვობიდან წერს. სტუდენტობის პერიოდში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოეზიის საღამოების ხშირი სტუმარი და მონაწეილე გახლდათ (დიახ თსუ და არა "ჯავახიშვილი", უნივერსიტეტს არ ეკადრება ყველა "უმაღლესთან" გათანაბრება).
მას ლიტერატურულ წრეებში ერნესის სახელით იცნობენ.
2009 წელს გამოსცა თავისი ლექსების კრებული "ფიქრები ჩარჩოში". ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრებაში და შემოქმედებაში.
დღეს პრესა.ჯი - ს მკითხველს ვთავაზობ ერნესის რამდენიმე ლექსს.
ვწერ ჩემს ცხოვრებას
ალბათ მარგუნა გამჩენმა ასე,
ავდევნებოდი დარდების აჩრდილს,
მე პოეზიის სასმისი მასვეს
და მხოლოდ ლექსის სურნელი ამდის.
ნუღარ გამკიცხავთ და აღარც მკითხოთ,
რად ვხეტიალობ ასე ლოთივით,
მე არავისგან არაფერს ვითხოვ,
ვწერ ჩემს ცხოვრებას, მუზის მორჩილი...
თეთრი ქალწული
თეთრი ღამიდან მოვლენილო თეთრო ქალწულო,
მსურს ჩემს მკლავებში შენი ვნების ეშხი დავწურო,
სიშიშვლეს შენსას ცისარტყელას სული ავუნთო,
ღამე ვაქციო ცხელი სუნთქვის ლამაზ საწუთროდ.
ვიცი, გიხდება ქარის ქროლვა, ზღვის ააფთრება
და თეთრ სხეულზე აცეკვება აწყვეტილ ხელთა,
შენი ხილვისას მტვარის გულიც კი აალდება,
ვით აფროდიტეს, მოგიხდება ზეცაში ფრენა.
მსურს ავიხდინო გადარეულ სურვილთა ნება,
თეთრი სანთელი თეთრ ოთახში სიზმრისფრად დნება,
მე გელოდები - მეოცნებე ვარსკვლავთა წყებად,
რომ სარეცელზე დაეღვაროს სინაზე ფერთა.
როკვა ლანდების მოგაცილებს ჩემამდე ახლაც,
მე მთელი ღამე ვნების ცეცხლში ვერ ვიგრძნობ დაღლას,
როცა ალიონს შენი სუნთქვის ხმაური ახლავს,
თეთრი ღამიდან მოვლენილი ქარივით წახვალ.
ლექსი, რომელიც ვერ დავასრულე
რევოლვერი, რომელიც ვერ გავისროლე,
დევს ჩემს უძველეს მაგიდაზე.
ფანჯარა, რომელიც ვერ მივხურე,
შეშლილ სიზმარში დავინახე.
ქუჩა, რომელიც ვერ შევიყვარე,
თავჩაღუნულმა ჩავიარე...
ნიღაბი, რომელიც ყველას ჩამოვხსენი,
ახლოს, სანაგვეზე გადავაგდე.
ლექსი, რომელიც ვერ დავასრულე,
უძველეს მაგიდას ნივთად დავამატე...
რომ არ მიყვარდე
რომ არ მიყვარდე, არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ სანთლებს
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს.
რომ არ მიყვარდე, არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით.
რომ არ მიყვარდე, არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს უმანკოს შენებრს.
რომ არ მიყვარდე, არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენთვის დიდხანს ღვთისMშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან.
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე,
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს,
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე,
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო, რომ არ მიყვარდე...
შეშლილი ლექსები
სული შორს გაფრინდა სევდას მიჩვეული,
შეივსო შეშლილი ლექსების კრებულიც,
არ ვიცი ზეცაზე რა ნახატს დავატევ.
წავიდე თუ მაინც უნიღბოდ აქ დავრჩე.
ტანზე კვლავ სიგარის ბოლი მაცვია,
ტვინს ვერ მისუფთავებს გლობალიზაციაც.
კლავიატურა ხმაურობს თოვლივით,
დრო ყელზე მეხვევა უხეში თოკივით.
მე ყველა ნაღდი პოეტი მიყვარს,
და ჩემი ოცნებაც ტყვედ მთვარეს მიყავს.
მობილზე მოვიდა მესიჯი მახინჯი,
მზადა ვარ ფანჯრიდან გადავდგა ნაბიჯი,
და როგორც ქალის შიშველი სხეული,
შემოვეხვიო სამყაროს სნეული.