მამაკაცს, რომელმაც ცოლი იმის გამო სცემა, რომ დროულად არ მოუმზადა საჭმელი, სასამართლომ 7 ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა

  18:45:37     13-11-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ იმის გამო, რომ მეუღლემ - ლ.ბ.-მ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სცემა მას, ხოლო, როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ლ.ბ.-ს წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ლ.ბ. შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, გ.გ. მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.