ლადო ასათიანის გარდაცვალების დღე (რამდენიმე ლექსი)

  14:18:53     23-06-2011

1943 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა შესანიშნავი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი.

ლადო ასათიანის მთელი ცხოვრება პოეზიაა. გარდაცვალებაც არა ერთი პოეტისათვის დამახასიათებელი ჰქონდა, ნაადრევი და ავადმყოფობით ტანჯული... ის ხომ ოცდაექვსი წლისა გარდაიცვალა ჭლექით.

ლადო ასათიანი წერდა: "დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო.

გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა.

რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა."

თვითონაც ჭლექით იყო ავად.

მაინც, დარჩენილი ცხოვრება ვაჟკაცობისა და პოეტური ნიჭის შესანიშნავ გამოვლენაში გაატარა. არ ურიგდებოდა ავადმყოფობას და ცდილობდა მოესწრო სათქმელი - ქართველთა ვაჟკაცობის აპოლოგია და სიყვარულის, ადამიანურობის ქება.

ცხოვრება კი ძალიან რთული ჰქონდა. 1937 წელს, კომუნისტებმა დააპატიმრეს დედამისი, ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

პირადად მას "პროლეტარული კრიტიკოსები" მისწვდნენ და საჯაროდ გაკიცხეს "მავნე ლაყბობისათვის". შემდეგ "კონტრევოლუციური ლაყბობის" ბრალდებით გარიცხეს ინსტიტუტიდან (ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი). ეს ძალიან საშიში იყო, "ხალხის მტრის" შვილი, "კონტრევოლუციურად მოლაყბე" უკვე განწირული იყო.

დაპატიმრებას კი გადარჩა, მაგრამ სამსახურში არსად მიიღეს და უკიდურესად გაჭირვებაში ცხოვრობდა. შემდეგ, როგორც იქნა აღადგინეს ინსტიტუტში. მაგრამ, მაინც არ ასვენებდნენ "პროლეტარული კრიტიკოსები", არ მოსწონდათ მისი პატრიოტული სულისკვეთება, მისი ნაციონალისტური პოეზია. 1939 წელს ტუბერკულიოზით დაავადების მიუხედავად ჯარში გაიწვიეს, თუმცა მერე შეხვდნენ ნორმალური ექიმები და ავადმყოფობის გამო შინ დააბრუნეს...

როგორც ვთქვით, გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს, სრულიად ახალგაზრდა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

ნამდვილ ხელოვანს უნდა ესმოდეს თუ რა არის ხელოვნება, რა არის გენიალური. თუ ეს ხელოვანს არ ესმის, ალბათ, მისი შემოქმედება მხოლოდ მოდაა, მხოლოდ "მოდერნია" და შემდგომ, "პოსტ-მოდერნისტულ" ეპოქაში მას ისევე დაივიწყებენ, როგორც უამრავი უნიჭო, ან ნახევრად ნიჭიერი, ორიგინალურობის მოყვარული მატრაკვეცა დაუვიწყებიათ. 
 
ჩვენი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანი შესანიშნავად ერკვეოდა ქრისტიანულ თეოლოგიაში, ქართულ კოსმოგონიაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ადამიანურ იდეალებში, ქართულ ტრადიციებში, ასტროლოგიაში, ესთეტიკაში, ისტორიაში, სარაინდო-საგმირო ეპოსში, ხელოვნებაში, პოეზიაში... ლადო ასათიანი გენიოსი იყო და ამიტომ ძალიან უყვარდა და ძალიან აფასებდა უგენიალურეს "ვეფხისტყაოსანს".
 
დღეს ზოგიერთი ქართველი "ხელოვანი" რუსთველზე ნიჭიერად და უკეთესად თვლის თავს (არ ვამბობ ყველაფერს). ლადო ასათიანი კი წერდა: “ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები (ხაზი ჩემია. გ. მ.).  
ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!”

მერე: " აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს."

და კიდევ: "მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო..." (! - ძახილის ნიშანიც ჩემია. გ. მ.)

ლადო ასათიანი, - მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები აუმღერებიათ, მასზე არა ერთ ადამიანს დაუწერია აღფრთოვანებით და მისი პოეზია ბევრს უყვარს, - მაინც არ არის ჯეროვნად დაფასებული.

დღეს, შესანიშნავი ქართველი პოეტის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ჩვენს მკითხველს ვთავაზობ გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი. ლექსები სპეციალურად ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავალაგე - ბოლო რამდენიმე წელი პოეტი ჭლექით იტანჯებოდა, მიუხედავად ამისა მაინც შედევრები დაგვიტოვა.

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!              

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
(1939)

ვაჟა-ფშაველას ნაამბობი               

ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!

ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას!
ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან
გამიჯნურება მჩვევია ლექსად?

უმეგობრობა არ მიგლოვია
და არც მოლექსე მყავს წინაპარი,
მე ზღაპარი თუ გამიგონია,
ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი,

და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.

მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად!

მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში
და უცოდველი სისხლი მადინა,
სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი
და მწვერვალები გადინადირა.

მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,
შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.

ბაბუაჩემმა ბუნების კარი
გამიღო ოხვრით და სიმძიმილით
და შთამაგონა, რომ ლექსი არის
კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.

მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,
რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,
მან შემაყვარა ბუნების ცრემლი
და სალამურიც მან შემაყვარა.

სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,
მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.

ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი
და გაანათა ჩემი კაცობა
და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს
მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.

ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა
ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა,
და ჩემი გულის გმირული კვნესა
მარტოდენ ლექსმა გაიზიარა.

მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,
როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არი.

და რადგან მერგო ვიყო პოეტი ―
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,

რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, ―
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!
(1940)

მანანა ორბელიანის სურათზე               

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.

შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!

მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს — მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.

პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში…
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი,

შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს...…

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას.
(1941)
 
ქართული ენა               

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან...…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
(1943)