AH-1Z Viper საბრძოლო ნათლობისთვის ემზადება ...
13:19:30     22-06-2011
უახლოეს მომავალში, სპეციალურად აშშ-ს საზრავო ქვეითთა კორპუსის დაკვეთით შექმნილი დამრტყმელი შვეულმფრენი AH-1Z Viper საბრძოლო ნათლობას მიიღებს. არსებული ცნობებით, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ, შვეულმფრენის შემქმნელ ფირმაზე დაყრდნობით გაავრცელა, 2011 წლის ოქტომბერში შვეულმფრენი რეალურ საბრძოლო პირობებში გამოიცდება. სავარაუდოთ ამ მისიისთვის მას ავღანეთში გააგზავნიან.
აღნიშნული შვეულმფრენი, საყოველთაოდ ცნობილი AH-1 Cobra-ს, რომელიც ჯერ კიდევ ვიეტნამის ომში ომობდა, ბოლო მოდიფიკაციაა. დღევანდელ დღეს, თავისი ასაკის მიუხედავად, ამერიკელი საზღვაო ქვეითები მას კვლავ აქტიურად იყენებენ. რეალურად კი აშშ-ში ისინი ამ ტიპის შვეულფმრენის ერთადერთი ოპერატორები არიან. ამიტომაც მის გაუმჯობესებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა.
საზღვაო ქვეითების შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან რომ შვეულმფრენის გამოყენება უმეტეს წილად წყლის თავზე ხდება, დამკვეთის მოთხოვნით "კობრაზე" საიმედოობის გაზრდის მიზნით მეორე ძრავა დაყენდა. ასე გაჩნდა მოდიფიკაცია Sea Cobra.
წლების განმავლობაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები, ამ ტიპის შვეულმფრენს, ვიეტნამში, ბიერუთში, ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის მსვლელობისას იყენებდნენ. ირან-ერაყის ომის დროს, Sea Cobra ირანელების მთავარი დამრტყმელი შვეულმფრენი იყო. მისი აქტიური გამოყენება ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე სამხედრო კამპანიებში დღესაც ხდება.
მაგრამ გავიდა დრო და შვეულმფრენი უკვე მოდერნიზაციას საჭიროებდა. AH-1Z Viper სამოდერნზიაციო პროგრამა Н-1-ის ფარგლებში შეიქმნა. ეს უკანასკნელი, საზღვაო ქვეითების განკარგულებაში არსებული ყველა "იროკეზისა" და "კობრების" გაუმჯობესებას ითვალიწინებდა.
გეგმის მიხედვით, შვეულმფრენების მწარმოებელმა კომპანია "ბელ ჰელიკოპტერმა" ვარიანტებში AH-1Z Viper და UH-1Y Venom, შესაბამისად 131 AH-1W და 100 UH-1N უნდა გადააკეთოს.
წარმოებისა და შემდგომი ექსპლუატაციის გამარტივების მიზნით, ორივე შვეულმფრენს უნიფიკაცია ჩაუტარდა. მის შედეგად ორივე მათგანზე ერთნაირი ძრავები, კუდის ძელი, როტორული სისტემა, ტრანსმისია, ავიონიკა და კავშირგაბმულობის საშუალებები გამოიყენება. ამის წყალობით წარმოებლების მტკიცებით მათ შორის უნიფიკაცია 80-84 %-მდეა გაზრდილი. ეს კი ორი სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენის ექსპლუატაციისას ძალზე მნიშვნელოვანია. რადგან ბევრი ერთნაირი ნაწილის წყალობით, მათი შენახვა გაცილებით იაფი იქნება.
შვეულმფრენ AH-1Z-ის სიგრძე 17.8 მ-ია, ოთხნიჩბიანი მზიდი ხრახნის დიამეტრი კი - 14.6 მ. ცარიელი აპარატი 5580 კგ-ს იწონის. მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა კი 8390 კგ-ს აღწევს. ძალური დანადგარის სახით, მასზე ფირმა "ჯენერალ ელეკტრიკის" მიერ შექმნილი ძრავები გამოიყენება, ჯამური სიმძლავრით 3600 ცხენის ძალა. ამ შვეულმფრენისთვის დასაშვები ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 411 კმ/სთ-ია. კრეისერული ფრენის სიჩქარე 296 კმ/სთ-ით განისაზღვრება. საწვავის ერთი გამართვით შვეულმფრენს, რომლის ეკიპაჟიც ორი კაცისგან შედგება, 685 კმ-ის გაფრენა შეუძლია.
მოდერნიზაციის შედეგად, ახალი "ვიპერის" ასაფრენი მასა, წინამორბედ AH-1W-თან შედარებით 25 %-ით, საწვავის მარაგი და სასარგებლო დატვირთვა 32 %-ით, კრეისერული სიჩქარე კი - 5 %-ით გაიზარდა. ასევე გაფართოვდა ბორტზე განთავსებადი შეიარაღების რაოდენობაც. თუ შვეულფმრენის ყველა წინამორბედ ვატრიანტზე შეიარაღების განთავსება ოთხ საკიდზე ხდებოდა, ამიერიდან მათი რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ფრთების კუდურა წიბოებზე განთავსებული პილონები, Sidewinder-ის ტიპის "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტების დამაგრებისთვისაა განკუთვნილი.
რაც შეეხება სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ განკუთვნილ შეიარაღებას, მისი სახით შვეულმფრენს, 70 მმ-იანი უმართავი საავიაციო რაკეტების გამშვები ოთხი ბლოკის ან "ჰელფაიერის" ტიპის 16 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის წაღება შეუძლია.
მოდერნიზაციის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ელექტრონული, ცეცხლით მართვის, სამიზნის აღმოჩენისა და მითითების სისტემებს დაეთმო.
პირველი Viper-ები დამკვეთს უკვე გადაეცა (სხვა მოდიფიკაციებისგან განსხვავებით, ახალი "კობრას" ამოცნობა ყველაზე მარტივად, ოთხნიჩბიანი მზიდი ხრახნით შეიძლება). საერთო ჯამში კი საზღვაო ქვეითები 189 ახალ შვეულმფრენს მიიღებენ. აქედან 131 უკვე არსებული AH-1W მოდიფიკაციიდან გადაკეთდება. დარჩენილები კი - ნულიდან შეიქმნება.