შავ ზღვაში სავარაუდოდ 2 400 წლის წინ წინ ჩაძირული გემი იპოვეს
13:47:32     23-10-2018
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე სავარაუდოდ 2 400 წლის წინ ჩაძირული ძველბერძნული გემი აღმოაჩინეს. The Guardian-ის ინფორმაციით, 23-მეტრიანი გემი მსოფლიოში უძველესი დაუზიანებლად შემონახული ნიმუშია.
გემი ზედაპირიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზეა, სადაც, მკვლევრების თქმით, ჟანგბადის ნაკლებობამ შეუწყო ხელი მის შენარჩუნებას.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თანამედროვე სამყაროსგან ხელუხლებელ გემს ვიპოვიდით, რომელიც ორი კილომეტრის სიღრმეზე ასვენია. ის შეცვლის ჩვენს ცოდნას ანტიკურ სამყაროში გემთმშენებლობასა და ნაოსნობაზე" - ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გემს სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა. მისი ანალოგი ძველბერძნულ თიხის ჭურჭელზეა აღბეჭდილი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.