ფრანგულ „მისტრალებზე“ „ალიგატორებს“ განათავსებენ
14:17:28     21-06-2011
ახალშეძენილ „მისტრალის“ ტიპის ხომალდებზე, რუსები მრავალმიზნობრივი საბრძოლო ვერტმფრენების, კა-52 „ალიგატორის“ განთავსებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, პირველ „მისტრალს“ რუსული მხარე 2014 წელს, ხოლო მეორეს - 2015 წელს მიიღებს, ანუ კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 48 თვის შემდეგ. კონტრაქტი 2011 წლის 17 ივნისს იქნა ხელმოწერილი. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „მისტრალების“ რუსულ ვერფებზე აგების შესახებ შეთანხმება, ცალკე იქნება ხელმოწერილი.
კონტრაქტის ღირებულებამ, ორი „მისტრალის“ შესყიდვის თაობაზე, 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა. აქედან, 980 მილიონი ევრო ხომალდების მშენებლობაზე დაიხარჯება. დანარჩენი კი ეკიპაჟის სწავლებას, ტექნოლოგიების ლიცენზიის გადაცემას და სხვა შედარებით წვრილმან დეტალებს მოხმარდება. სავარაუდოდ, „მისტრალები“ წყნარი ოკეანის ფლოტს გადაეცემა და კურილიის კუნძულების უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება.