ამერიკელი კონგრესმენი: მისტრალებით აღჭურვილი რუსეთი საფრთხეა ვაშინგტონის რეგიონალური ინტერესებისათვის
00:21:29     21-06-2011
რუსეთ-საფრანგეთის გარიგებას, უნივერსალური სადესანტო ხომალდის “მისტრალის” შესყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა ცალკეულმა ოფიციალურმა პირებმა თავისი უკმაყოფილება უკვე დააფიქსირეს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ილეან როს-ლეხტინენმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის “მისტრალების” მიყიდვა ვაშინგტონის რეგიონალურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის, რადგან ის მიმართულია ამერიკის მოკავშირეთა წინააღმდეგ.
ამ კონტექსტში კონგრესმენი საქართველოსა და ბალტიისპირეთს
ახსენებს, რომლებმაც მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკვე გადაიტანეს კიბერშეტევები, ეკონომიკური
ზეწოლა და რაც მთავარია, პირდაპირი შეჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე. როს-ლეხტინენი
შეშფოთებულია იმის გამო, რომ საფრანგეთი, როგორც ამერიკის მოკავშირე ნატო-ში, იგნორირებას
უკეთებს საფრთხეებს, რომელიც რუსეთის ხელში მყოფმა “მისტრალებმა” შეიძლება გამოიწვიოს
“და ეს მაშინ, როცა რუსეთი მტრულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი ევროპელი მეგობრებისადმი”-
განაცხადა კონგრესმენმა.
როგორც ცობილია, 17 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში
რუსეთმა და საფრანგეთმა შეთანხმება 2 “მისტრალის” შესყიდვაზე გააფორმეს. კონტრაქტის
ღირებულებამ 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა.
პირველ “მისტრალს” რუსეთი 2014 წელს, მეორეს კი 2015-ში მიიღებს. ამასთან, შეთანხმება რუსეთისათვის ტექნოლოგიებზე ლიცენზიის გადაცემასაც გულისხმობს.
თავის დროზე გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის გარიგება მხოლოდ მაშინ იქნება საინტერესო, თუკი
ტექნოლოგიების გადაცემაც მოხდება, “იმისათვის, რომ რუსეთში გემთმშენებლობამ განვითარების
ახალი ტექნოლოგიური ბიძგი მიიღოს”- განაცხადა პრემიერმა. ფრანგული მედიისათვის მიცემულ
ინტერვიუში კი პუტინი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა, როცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე
შეტევითი კომპლექსები საშუალებას იძლევა ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია განხორციელდეს
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით და ამისათვის “მისტრალი” სულაც არაა საჭირო. მისივე
თქმით, ხომალდს იქ გამოიყენებენ, სადაც საჭირო იქნება.
რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის ვლადიმერ ვისოცკის განცხადებით კი “მისტრალის” კლასის ხომალდის ყოლის შემთხვევაში რუსეთს საშუალება ექნებოდა უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინა შავ ზღვაზე საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რადგან ამ ხომალდს ამოცანის შესასრულებლად სულ რაღაც 40 წუთი დასჭირდებოდა.
“მისტრალების” დისლოკაციის ადგილი ჯერ უცნობია. თუმცა თუკი იმავე ვისოცკის სიტყვებს დავეყრდნობით, მოსკოვს ხომალდები სწორედ შავ ზღვაში ჩასატარებელი ოპერაციებისთვის სჭირდება. ასე რომ, დიდ შანსია, “მისტრალები” სწორედ შავი ზღვის ფლოტს შეუერთდნენ.