სამხრეთ კორეელი სამხედროები ბოდიშს იხდიან

  12:21:27     20-06-2011

სამხრეთ კორეის საზღვაო ქვეითების მეთაურობამ, სამგზავრო ავიალაინერის დაცხრილვისათვის ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ სააგენტო „პენჰაპი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა შაბათს, ჩრდილოეთ კორეასთან სადავო რაიონში, ყვითელ ზღვაში, შეცდომით სამგზავრო თვითმფრინავის მიმართლებით ისროლეს, რადგან ის ჩრდილო კორეულ სამხედრო თვითმფრინავში შეეშალათ.  

„შეიარაღებული ძალები გულწრფელად წუხან მომხდარი ინციდენტის გამო“ – განაცხადა ქვეყნის გაერთიანებული შტაბის მეთაურთა კომიტეტის წარმომადგენელმა ლი ბონ ვუმ.

როგორც ცნობილია, სამხედროებმა თავიანთი ქმედება იმით გაამართლეს, რომ თვითმფრინავი ჩვეული მარშრუტით არ გადაადგილდებოდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, სამხრეთ კორეა საკუთარი ჯარისკაცებისათვის ტრენინგების ჩატარებას აპირებს, სადაც სამხედროებს აუხსნიან როგორ გაარჩიონ სამხედრო და სამგზავრო თვითმფრინავები ერთმანეთისგან.