გამოვიდა სევარიონის ახალი წიგნი

  11:48:26     20-06-2011

ჩვენი თანამედროვე ცნობილი პოეტი სევარიონ (სოსო) ნადირაძე ორ წელიწადში ორმოცდაათი წლისა ხდება. ამ თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია მისი რჩეული ლექსების საიუბილეო კრებულის (ორტომეულის) - გამოცემა.

პრესა.გე-ს მკითხველს ამა წლის 2 მაისს შევთავაზეთ ინტერვიუ სევარიონთან და მისი რამდენიმე ლექსი.

დღეს, სევარიონის ორტომეულიდან, პირველი ტომი ”ქარგაუხდელი ციხეები” (ხომ ძალიან პოეტური და საინტერესო სახელწოდებაა) უკვე დაიბეჭდა (მეორე ტომი გაისად გამოვა).

სულ მალე დაგეგმილია ჩატარდეს პოეზიის საღამო - სევარიონის ახალი წიგნი-კრებულის I ტომის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს და ადგილს ამ დღეებში ვაცნობებთ პრესა.გე-ს მკითხველს. დღეს კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ლექსს "ქარგაუხდელი ციხეებიდან".  

 

ორეულს

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით

ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ

და შეძახილი: - დროზე შეჩერდით!-

რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...

ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,

ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო

და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,

რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...

მე შენ გაწამებ, შენ მე მაწამებ

და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ

და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,

როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...

ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები

და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,

მე რომ ვმაღლდები, შენ რად ეცემი?

მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?

და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,

ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,

ერთად მივდივართ მერე სარკესთან

და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...

 

როსტომ ჩხეიძეს

ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,

ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,

ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს,

ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,

სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,

ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,

ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?! - უცებ გაგთელავს!

იმედი რაა?! - ისიც გაგწირავს!

იფრინა როგორც ციცინათელამ,

ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,

უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,

ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,

ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?! - ჩემი ხელები

დაშვებულია, როგორც ნიჩბები,

მოჩვენებითი ბედნიერებით,

გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...

 

ახლა მარტია

ახლა მარტია, ისე ვფიქრობ თითქოს დავბერდი

და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ,

მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით

და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია, დამიჯერე, ჯერ არ ნახულა,

ჩემი სარკმელი, ასე ლურჯი, ასე ციმციმა,

ნეტა ვიცოდე ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,

რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა.

ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,

ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,

შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,

რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით..

 

გაზაფხულის მონოლოგი

ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა,

ჩემთვის ითმინა ყინვა, გრიგალი,

ამიტომ იყო ასე პატარა,

ასე სუსტი და ასე მიმქრალი...

მიფრთხილდებოდა, როგორც ავგაროზს

და როცა საზრდოც აღარ ებადა,

გულში დამინთო ციცქნა სამყარო

და უღალატო სისხლით მკვებავდა...

ზღაპრულ კუნძულზე ვის არ სმენია,

მასაც ეძახდა თბილი ქალაქი,

მაგრამ ბეღურას, ის ურჩევნია

სიცივით მოკვდეს, ვიდრე ღალატით...

სიკვდილიც ბევრჯერ შემოეფეთა,

ბევრჯერ აფრინა ძერა მდელოდან,

მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან

და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა...

და როცა სიკვდილს გამოვეპარე,

სამყარო იყო ისე დაღლილი,

რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე,

ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი...

 

ჩემი ზამთარი

უკვე მეწვია ჩემი ზამთარი,

თითქოს ვეჩვევი მღვრიე ქარ-წვიმებს

და მინავლული ცეცხლის ღადარი

აღარ მათბობს და აღარ მამშვიდებს.

თითქოს სხეულში გული მაქვს ორი,

ერთი მომყვება მკერდში მორჩილად,

ხოლო მეორე სტრიქონებს შორის

მათხოვარივით ჩამოძონძილა.

საკუთარ სუნთქვას ვეღარ ვერევი

და დამარცხებულს ახლა სრულებით,

თითები, როგორც ჩალის ღერები

ისე მიჭირავს ხელისგულებით.

გაზომილია დრო და მანძილი,

ქარი კითხულობს უკვე განაჩენს

და ბწკარებს შორის ფიქრით დაღლილი

კალამს ვეყრდნობი, როგორც ყავარჯენს...

 

ძე შეცდომილი

თვალს მარიდებენ ქუჩები,

ნისლივით ქრება მანძილი,

ძე შეცდომილი ვბრუნდები,

უიმედო და დაღლილი...

წარსული მტანჯავს მაწვალებს,

ლოდივით მომდევს სირცხვილი,

დგას ეშმაკი და ხარხარებს,

დგას ეშმაკი და მიცინის...

დავყურებ ცოდვის უფსკრულებს,

თურმე რა გზებით მივლია,

ყურთან სიკვდილი ჩურჩულებს,

თვალთან არყოფნის ჭირხლია...

მშობელო კარი გამიღე,

ძაღლივით სადმე გავწვები,

ეს მე ვარ თვალს რომ გარიდებ,

ცრემლიანი მაქვს ღაწვები..