გატაცებული ორი ქართველი ქალი კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან

  09:53:05     08-10-2018

გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრებ ციალა დოთიაშვილის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ციალა დოთიაშვილი სოფლის ახლოს ცხვარს მწყემსავდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ორი დღის წინ გაიტაცეს.

რაც შეეხება მაია ოთინაშვილს, ის ცხინვალში უკვე ერთ კვირაზე მეტია დაკავებული ჰყავთ. როდის მოხდება მისი გათავისუფლება, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გატაცებულების გათავისუფლებისათვის ისინი ყველაფერს აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველმა, ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილი ნაცემია, თუმცა, ეს ინფორმაცია ამ დროისათვის გადამოწმებული არ არის.