ანა ნაცვლიშვილის მამა: აქვს უფლება, ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამას, რომ ისევ პატრული იყოს?

  18:36:27     04-10-2018

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეში, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის წერილობით მიმართვას გეგმავენ.

როგორც მოკლული გოგონას მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

"ბრალდებულის მამა ისევ პატრულია. მინისტრ გიორგი გახარიას მინდა ვთხოვო, განიხილოს გრიგალაშვილის საქმე, რამდენად მიზანშეწომილია, მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა? კანონით, ალბათ, დაშვებულია, მაგრამ რამდენად აქვს მას მორალური უფლება, რომ საპატრულო სამსახურში იმუშაოს? უახლოეს დღეებში, ბატონ მინისტრს მივმართავ თხოვნით, ეს საქმე განიხილოს.
როგორც ვიცი, გრიგალაშვილი, მეტროს პატრულია", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ბრალდებულმა გრიგალაშვილმა მოკლა.

"დამნაშავე ლადო გრიგალაშვილია, ამას წყალი არ გაუვა. პირველივე დღიდან ვენდობი პროკურატურას, გამოძიებას. სიმართლე დადგენილია და უმაღლეს სასჯელს ვითხოვ, უვადოზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, 20 წელიც რომ მიუსაჯონ, იმისთვის უნდა ვიცოცხლო, ის კაცი რომ მოვკლა", - აცხადებს ნაცვლიშვილი.