უჩინმაჩინის ქუდი (გურული ფოლკლორიდან)
20:26:02     19-06-2011
ყველა ქვეყნის ლიტერატურა თუ საერთოდ ხელოვნების სხვა თანამედროვე დარგები ფოლკორიდანაა ამოზრდილი. ფოლკლორი არის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრე ჩვენი ქვეყნისა. ამაზე ბევრი ლაპარაკიც არ ღირს.
პრესა.გე-ს მკითხველს შევთავაზებთ ხოლმე ქართული და სხვა ერების ფოლკლორულ ნაწარმოებებსაც. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთი ზღაპარი გურული ფოლკლორიდან, რომელსაც ჰქვია "უჩინმაჩინის ქუდი". ამ ზღაპრის სიუჟეტი ცნობილი მოარული სიუჟეტია, რომლის მაგვარი, სხვადასხვა ვარიაციებით საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება. წინამდებარე ზღაპარი გურული დიალექტის თავისებურებას, ქართული ენის ერთ ფრიად საინტერესო და ლამაზ სიმდიდრეს გაახსენებს და გააცნობს მკითხველს. მკითხველი ინტერესითა და ღიმილით წაიკითხავს მოხუცი ცოლ-ქმრის ბედნიერების, მათი "ვოქროსთმიანი" ვაჟის მიერ ბოროტი დევისა და ქაჯების დამარცხების ამბავს, რომლის შემდეგაც იდილია ისადგურებს.
რა თქმა უნდა, დიალექტები ჩვენი უძვირფასესი განძია. გარდა ამისა, ხშირად დიალექტებში დიდი მწერლები პოულობენ ისეთ სიტყვებს, გამოთქმებს თუ სხვა, რომლებიც მერე ამდიდრებენ სალიტერატურო ქართულს (მაგალითად, სიტყვა შინაბერა). წინამდებარე ზღაპარში არის საინტერესო სიტყვა - საღამორელე, რაც მოსაღამოვებულს, საღამოს პირს ნიშნავს.
ზღაპარში ორ-სამჯერ უ ბრჯგუ გვხვდებოდა. ვინაიდან ტექნიკურად უ ბრჯგუს დაბეჭდვის საშუალება არ გვაქვს, ის ვინ-ით შევცვალე. დანარჩენი უცვლელადაა გადმობეჭდილი წიგნიდან “გურული ფოლკლორი”, 1937 წელი, რედაქტორი მიხეილ ჩიქოვანი. ზღაპარი ჩაწერილია სოფელ ნაგომარში 13. VII. 34 (მთქმელი და ჩამწერი მითითებული არ არის).
მალაზონი მოხუც ქალს, დედაბერს ნიშნავს, ციცა - გოგოს, დანარჩენის გაგება მკითხველს არ გაუჭირდება.
უჩინმაჩინის ქუდი
იყო და არა იყო რა. იყო ერთი ღარიბი და ავათყოფი კაცი. იგიც და მისი ცოლიც ისე დაბერდენ, რომე შვილის გაკეთება არ ეღირსენ. ერ კვირე დღეს ბერიკაცი სამუშიერზე იყო წასული, - ღმერთი ჩემსკენ მაინც არ იხედება, ასთე გაჭირვებით მაცხოვრეფს, შვილიც ვერ გეიმეტა ჩემთვის და რაღაიზა გავარჩიო უქმი და საქმიო, უჩიოდა მის მალაზონს.
საღამოს ბერიკაცი პაწაი ადრიელაი მევიდა შინ. ამ უქმეს წალდი რაცხა გლახათ მიექნია, შამიეკრა ხელზე და სამი თითი წიეთიბა, - მალაზონო, რამე მიშველე, დევიკოდე კაციო, მიაძახა კართან მისლის უმალეზე ბერიკაცმა მის ცოლს. მალაზონი კაი თექვსმეტი წლის ციცასავით გამუარდა კარში, ქმარიზა ყურაგდება არც მუუცია ისთე გახარებული დახტუნავდა. - ბეჩა, ამას რას მივესწარი, ვორსულათ ვყოფილვარ, ხელი კარა, თავიც რომ მიეჭრა რავა მენაღლებავო, უჩივოდა ქმარს. ამის გამგონე ბერიკაც გადაავიწყდა ხელის ტკივილი. დაჟდენ ღოჯის თავზე და ახლა იმაზე დეიწყეს ლაპარაკი ბაღანაი ბიჭი იქნებოდა თუ ციცაი.
მალაზონს ეყოლა ვოქროს თმიანი ბიჭი. ერთი ქეიფი და კამპანიობა ასტეხა ბერიკაცმა. ბაღანამ მორე დღეს ლაპარიკი დეიწყო, მესამე დღეს აკვნიდან ამოხტა და მამამისის წალდით თხილის წკნელიდან უშველებელი შვილდისარი გამოჩორტნა. სამ დღეში აი ვოქროსთმიანი ბიჭი კაი დიდი დელიყანდი შეიქნა და სამუშიერზეც მიეხმარა მამამის.
ერ დღეს ბიჭმა დედამის უთხრა: - საგძალი გამიკეთე, სანადიროთ უნდა წევიდე, თვარა თქვენმა ლობიამ და ჭადმა მუცელი ამომიყორავო. მალაზონმა ყველიანი კვერი გამუუცხო, ტანზე მამამისის ნაქორწილები ჩოხა-ახალოხი ჩააცვა და გუუშვა. ბიჭმა გადიკიდა მხარზე მისი გაკეთებული შვილდისარი და წევიდა. ცხრაი დღეი და ცხრაი ღამე იარა. შევიდა ერ საშინელ ტყეში. დეინახა ამ ტყეში კოტიზოფს უშველებელი ირემი. გადმეიღო ხელათ შვილდისარი და უნდოდა მიეკლა, მარა ირემმა ამეიმბა ენა და ბიჭს უთხრა: - ნუ მომკლავ და ბედსა გწევო. შიეცოდა ირემი და არ მოკლა. ირემა მივიდა ბიჭთან, მეიქნა სამი ღერი ბალანი და მისა ბიჭს, - წეიღე აი ბალანი, თუ სამე დიდი წყალი შექხთეს და ვერ გახვიდე, ჩემი სახელი ახსენე და გახვალო. წევიდა ბიჭმა. დაღამებამდი იარა. შვა ტყეში ერთი უშველებელი ალვისხეი დეინახა. ამ ხის კატარში წამომჟდარიყო რაცხა საშინელი ფრინველი და მოსთქვამდა. ბიჭს შიეცოდა აი ფრინველი, მივიდა ალვისხესან და დუუძახა: - რაიზა მოსთქვამ ასე გულამოსკვნილიო. - ჰეი, შენ რა იცი, და დღე მადგანა, ერთი დევი შამომეჩვია და ყოველ წელიწაც ბარტყებს მიკლავსო. - მასტავლე სადაა იი დევი და გაყურებიეფ მის სეირსო, უთხრა ბიჭმა. აი ფრინველი თურმე არწივი იყო, შეიჟინა ბიჭი ფთებზე და წეიყვანა დევის სახთან. ახლოს რომ მიაწიეს არწივმა უთხრა ბიჭს: - დევი ახლა შინ არ იქნება, შენ შეიპარე მის სახში, ეზოში გველეშაპი დაქხთება, რამენაირათ გველეშაპი მოკალი, ცხრაკილტული გააღე, იქინე პაწა ქუდს დეინახავ, იგი წამეიღე და აქავე მოიო.
ბიჭმა ასეც მეიქცა. წასლის ხანს არწივმა მისა ვორი ღერი ბურდღა და ასტავლა: - თუ გველეშაპი ვერ მოკლა, რამეფერათ აი ბურდღა შიახე და ხელათ გაცთებაო.
შევიდა ბიჭი ეზოში. გამუარდა გველეშაპი. დააფჩინა პირი და უნდა გადაყლაპოს, მარა ბიჭი არ დეიბნა. ერთი თუ ვორი, მიაყოლა შვილდისარი. როგორც კი მოკლა გველეშაპი, მიადგა ცხრაკილტულს. კარზე დამბულია ლომი, აბრიალეფს თვალეფს. არ მუუშვა ბიჭი ახლოს. შვილდისარით ვეფერი დააკლო. ბოლოს ამეიღო არწივის მიერ მიცემული ბურდღა, შიახო ლომს და ხელათ გააცხებია სული. შიამტრია კარები და შევიდა მეცხრე ვოთახში. აი ვოტახი გამობესქნილია ვოქრო-ვერცხლით. ვოქროს კრავოტში ვოქროს თმიანი ქალი წევს და ზინავს. ქალს თავთან ქაჯი უჟდანა და ბუზეფს უგერიეფს.
ბიჭი დეიბნა. ქალის სილამაზემ კაღამ გააგიჟა. ქაჯმა რომ ვოთახში შამოსული ბიჭი დეინახა, დაავლო ვოქროს თმიან ქალს ხელი და უცეფ გაფრინდა. დარჩაბიჭი ცარიელი. დაავიწყტა ყოლიფერი. შამეინთო გულჩი ამ ქალის სიყვარული, მარა რაღას იქს. სა მონახავს. გზაი არ იცის და კვალი. ამასობაში ღამემ მუაწია. ბიჭმა ახლა გაახილა თვალები. იფიქრა: ეწე აბა დევიც მუავო და წამოსვლა დააპირა. მიიარ-მეიარა ვოთახში, დეინახა პაწა ქუდი, ჩეიდვა ჩოხის ჯიბეში და წამევიდა.
კარეფთან რომ მევიდა დეინახა დევის სახს ზღვაი შამორტყმოდა. გასავალი არსა იყო. სახლი გამორჩენილიყო შვა ზღვაში. ბევრი ირბინა ბიჭმა, მარა გასავალი გზაი ვერსათ დეინახა. ამ დროს მუაგონდა ირემის მოცემული ბანალი. ამეიღო ჯიბიდან, ახსენა ირემის სახელი და უცეფ გეიყო შვაზე აი ზღვაი. გამევიდა ბიჭი მშვიდობით და მივიდა არწივთან. არწივმა უთხრა: - ვიცი შენ ვოქროს თმიანი ქალი შეგიყვარდებოდა, იმ ქალის ნახვა გაგიჭირდება, მარა გულს ნუ გეიტეხ. რემეფერათ დევი დეიმორჩილე და იგი გეტყვის იმ ქალის ასავალ-დასავალსო. არწივმა უთხრა ბიჭს, რომ მაი ქუდი უჩინმაჩინის ქუდია, რავარც დეიხურავ უჩინოთ იქცევი და ყოლიფერს გააკეთეფო. ბიჭმა გამიემშვიდობა არწივს და წევიდა დევის საძებნელათ.
დევი თურმე სანადიროთ იყო წასული. სახში რომ მევიდა გამწარდა. ქაჯს ქალი უკანვე მიეყვანა. დევმა ახლა მორე ლომი დააყენა ცხრაკილტულის კარებზე და თვითონ დუუწყო დადარაჯება: - აბა თუ ვინმე გაბედავს მოსლასაო.
ბიჭს დიეხურა უჩინმაჩინის ქუდი და შეპარულიყო დევის სახში. დეიჭირა ქაჯი, მარა გუუშპა ხელიდან და ქალიც გეიტაცა. დაღონდა ბიჭი, გადიზრო ისევ ქუდი, გამევიდა გარეთ და ეტაკა დევს. მეიქნია დევმა ბიჭი და ჩარგო მიწაში მუხლამდი, მეიქნია ბიჭმა დევი და ჩარგო წელამდი მიწაში. მეიქნია დევმა და წელამდი ჩარგო, ბოლოს ბიჭმა რაც ძალა და ღონე ქონდა მეიქნია დევი და ჩასვა კისრამდი მიწაში. იძრო ყამა და უნდოდა თავების მოჭრა. დევი ცხრა თავიანი იყ. რვაი თავი რომ მოშჭრა უთხრა: - თუ ვოქროსთმიანი ქალია გზას მასტავლი ცოცხალს დაგტიეფო. დევმა დიეღრიჭა: - ოღონდ ნუ მომკლავ და იმ ქალს ახლავე ჩაგიგდეფ ხელჩიო. ბოლოს დევმა ასტავლა: -ცხრა მთას გადაღმა ერთი გორაა, იმ გორის ძირში ერთი ღრუიანი ხეია, ამ ხეში ქაჯების ვოტახია და ქალიც იგინიზა მყავს მიბარებულიო. ქაჯები ახლოს არ მიგიშობენ თუ უჩინმაჩინის ქუდი არ დეიხურევო.
ამის თქმაი კი აცალა ბიჭმა დევს და ხელათ წასძმარა მეცხრე თავიც. დეიხურა თავზე დევის უჩიმაჩინის ქუდი და გუუდგა გზას. ცხრაი დღეი და ცხრაი ღამე იარა, გადიარა ცხრაი მთაი, მიადგა იმ გორას, მარა რაცხამ გამუაგდო უკან. დეიკიდა ფეხებზე სამ-სამ ფუთიანი ქვები და როგორც იყო მივიდა ხესან. თურმე ამ ქალს სამასი ქაჯი იცავს. შეიქნა ჩხუბი. იძრო ბიჭმა ყამა. სხრიფა და სხრიფა ქაჯები. პაწია კიდო და ყველას გაჟუჟავდა, მარა ქე გუუტყდა ყამა. დარჩა ცარიელი. დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ. რაღა ექნა ბიჭს. გადმეიღო ისევ მისი მშვილდისარი და შიებრძოლა დარჩენილ ქაჯეფს. საღამორელე ჩხუბი გათავდა. ქაჯები გასხრიფა, მარა თვითონაც დეიჭრა. მოწამლული ისარი მოხთენოდა. აგდია აი ბიჭი მიწაზე. გადუუვარდა ქუდიც და ქი გახთა ხილული. ვოქროსთმიანი ქალი მარტუაია დარჩრენილი. გამევიდა ღრუიდან გარეთ. შეხედა, რომე ქაჯები გაჟუჟულია და ვოქროსთმიანი ბიჭი კტარსავით აგდია მიწაზე. გეიქცა მინდორში მონახა რაცხა ბალახი, წუუსვა ამ ბიჭს დაკოდილ ადგილზე და მუარჩინა, გადიეხვივენ ერთქამეც. წამეიყვანა ბიჭმა აი ვოქროსთმიანი ქალი და დეისაკუთრა დევის სასახლე და ქონება. მეიხმო არწივი, მუუაყვანია მოხუცებული დედ-მამა და დეიწყეს ბედნიერი ცხოვრება. არწივი ამის მერე სულ მასან დეისახლა და მის ბარტყეფს აღარავინ ერჩოდა რამეს.
ასთე გათავდა აი ზღაპარი.