პაოლო იაშვილის "ვეფხისტყაოსანი" და კონსტანტინე ბალმონტი" (და ორი ლექსი ბალმონტისა)
17:31:04     17-06-2011
გუშინწინ პრესა.გე-ს მკითხველს ვუამბეთ კონტანტინე ბალმონტის შესახებ. გავიხსენეთ როგორ გაიცნო რუსთველის შემოქმედება, როგორ მოიხიბლა შოთას პოეზიით და თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". გავიხსენეთ რამდენიმე მისი ლექსი თარგმნილი პაოლო იაშვილის მიერ (ერთიც ნინო სვანიძის მიერ ნათარგმნი).
დღეს ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ პაოლო იაშვილის წერილი "ვეფხისტყაოსანი" და კონსტანტინე ბალმონტი", რომელიც 1914 წლის 6 აპრილს არის დაწერილი პარიზში, სწორედ იმ დღეებში, როდესაც კონსტანტინე ბალმონტი ეშურებოდა ჩვენი სამშობლოსაკენ, რათა ენახა მშვენიერი ჩვენი ქვეყანა და შეესწავლა ქართული ენა.
ეს წერილი, როგორც ჩანს, პაოლომ გამოუგზავნა "თემს" და მასთან ერთად რამდენიმე ლექსი ბალმონტისა (მის მიერ თარგმნილი). წერილი გადმოვბეჭდე პაოლოს კრებულიდან, ხოლო რომელი ლექსები გამოაგზავნა წერილთან ერთად ჩვენმა საყვარელმა ცისფერყანწელმა ჩემთვის უცნობია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, აქვე გთავაზობთ კიდევ ორ ლექსს კონსტანტინე ბალმონტისა, თარგმნილს პაოლო იაშვილის მიერ.
"ვეფხისტყაოსანი" და კონსტანტინე ბალმონტი"
არ არის ისეთი ერი, რომელიც როგორც მთლიანი არსება, დაინტერესებული არ იყოს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბლით. არ არის არამც თუ ერი, საზოგადოების ნაწილიც, რომელშიაც საქართველო თავის მრავალ საჭირბოროტო თავგადასავალით არ იწვევდეს მხურვალე თანაგრძნობას.
ჩვენს ქვეყანას იმდენი მეგობარი ჰყავს, რამდენიც შეიძლება არც ერთ პატარა ეროვნებას არ ჰყავდეს. ჩვენი ქვეყნის გარეგანი სილამაზე, ერის ძველთაძველი თავისებური ზნე-ჩვეულებანი და სხვა მრავალი კეთილი თვისება ჩვენი ხალხისა, ბევრს უცხოელს გვიმეგობრებს და მე დიდად მოხარული ვარ, რომ შემთხვევა მეძლევა, მკითხველებს გავაცნო ერთი მათგანი.
კონსტანტინე ბალმომტი, გამოჩენილი რუსი მგოსანი დიდის სიყვარულით და გატაცებით ეკიდება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს სილამაზისა და ქართველი ხალხის დამახასიათებელ თვისებათა გარდა, ბალმონტს აინტერესებს ჩვენი ენა და პოეზია. შემთხვევით, ოლივერ უორდროპის მეოხებით მას წაუკითხავს ინგლისურ ენაზე თარგმნილი "ვეფხის ტყაოსანი". და ისე გატაცებულა უკვდავი პოემით, რომ გადაუწყვეტია მისი რუსულად თარგმნა. ამ მიზნით იგი აპირებს საქართველოში მოსვლას, ენის შესწავლას და მცოდნე პირთა დახმარებით თარგმნას. ეს ზამთარი ბალმონტმა პარიზში გაატარა და მე შემთხვევა მეძლეოდა, ხშირად შევხვედროდი მას. ქართულმა ენამ მასზე და მის მახლობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველ გაცნობისას ბალმონტს არაფერი უთქვამს ჩემთვის "ვეფხის ტყაოსნის" გადათარგმნის შესახებ. მაგრამ შემდეგში, როდესაც მისივე თხოვნით მე წავუკითხე მას ადგილები პოემიდან და გადავუთარგმნე ქართულად რამდენიმე მისგანვე არჩეული სიტყვა, მან მრავალ სტუმართან აღტაცებით წარმოსთქვა: მრავალი ქვეყანა მინახავს, ისეთიც კი, სადაც ხალხი პირველყოფილ მდგომარეობაშია და საქართველოში, რომელიც ისე ახლოს არის და რომელიც სიყრმიდან მიყვარდა და მიყვარს, ჯერ არ ვყოფილვარ. ეგებ რაღაცა ძალა განგებ მაგვიანებდა, რომ ყველა ნახული სილამაზის შემდეგ, მენახა მხარე, რომლის სილამაზე, ხალხი და დიდი რუსთაველი, ტკბილი სიზმრის მშვენიერი დასასრული ყოფილიყო". თუ როგორ უცქერის ბალმონტი საქართველოს, სჩანს შემდეგი სტრიქონებიდან, რომელიც მან ერთ ნაჩუქარ წიგნს დააწერა: "საჩუქრად მისგან, ვისაც უყვარს მატყვევებელი მარგალიტი კავკასიისა, აყვავებული საქართველო". როდესაც მე ბალმონტს ვუთხარი, რომ მას ჩვენში იცნობენ და მისი ლექსებიც ითარგმნება ქართულად, მან კიდევ ზედმეტი საშუალება მომცა მეფიქრა, რომ მისთვის საქართველოს ნახვა დიდი სანეტარო განცდა იქნება. "ვერ წარმოიდგენთ, - მითხრა ერთხელ მან, - როგორის ნეტარებით ველი იმ წუთს, როდესაც პირველად დავინახავ თქვენს სამშობლოს".
ერთ დღეს, კ. ბალმონტთან მისვლისას, მისმა მეუღლემ მითხრა: "ბალმონტის და ჩვენი ფიქრი ეხლა სულ საქართველოსკენ არის. მან უკვე გადასწყვიტა საქართველოში წასვლა, მაგრამ მე და ჩემ ქალს ძლიერ დაგვწყვიტა გული, რომ ასე უეცარ გადაწყვეტით საშუალება არ მოგვცა ჩვენც წავყოლოდით მასო". მართლაც ბალმონტმა აღფრთოვანებით მითხრა, რომ სულ ცოტა ხანში იგი წავა საქართველოში.
თბილისში ბალმონტი იქნება დაახლოებით 14 აპრილს. აქ ის წაიკითხავს მეტად საინტერესო ლექციას "ოკიანეთს" - პოლინეზიაში მოგზაურობის დროს შეგროვილ შთაბეჭდილებას გაუზიარებს მსმენელებს. თბილისით იგი დაამთავრებს თავის ლექციების ტურნეს რუსეთის დიდ ქალაქებში. უკანასკნელად ჩვენი ქალაქი მან განგებ აირჩია, რომ მეტი შეძლება ჰქონოდა აქ დარჩენისა, თუმცა ჯერჯერობით მას საშუალება აქვს დარჩეს მხოლოდ რამდენსამე დღეს. ენის შესასწავლად და "ვეფხის ტყაოსნი" სათარგმნელად იგი შემდეგ ჩამობრუნდება. ეჭვი არ არის, ქართველი საზოგადოება ჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობით დაუხვდება ჩვენი ქვეყნის მეგობარს და არ გაუქარწყლებს იმ მშვენიერ წარმოდგენას, რომლითაც იგი ჩვენში მოდის. ვსარგებლობთ შემთხვევით და ვუგზავნი "თემს" ბალმონტის რამოდენიმე ლექსის თარგმანს.
პარიზი, აპრილის 6.
1914.
ყოფნის ანდერძი
მე შევეკითხე თავისუფალ ქარს:
რა ვქნა, რომ ვიყო ჭაბუკი მარად.
პასუხი მომცა თამაშით ქარმა:
"იყავ ვით კვამლი ჰაეროვანი,
გადიქეც ქარად!"
ძლიერ ზღვას ვკითხე: რაში არსებობს
ყოფნის ანდერძი - ის დიდებული?
პასუხი იყო ხმიერი ზღვისა:
"როგორც მე, ისე შეუჩერებლად
გიმღერდეს გული".
მაღალ მზეს ვკითხე: როგორ გადვიქცე
რიჟრაჟზე უფრო ნათლიერ ძალად?
არ მიპასუხა მზემ არაფერი,
მაგრამ გულმა კი ეს გაიგონა:
გადიქეც ალად.
ვის ვწირავ ლოცვებს
ვის ვწირავ ლოცვებს?! ქარს გაციებულს.
ვის ვწირავ ლოცვებს? გადაშლილ ზღვასა.
მე ძმა ვარ ქარის და ნიავქარის,
მსურს ვეძმო ზღვას მე, გადაშლილ ზღვასა.
რა მინდა ვნახო? მაღალი მთები.
რა მინდა ვნახო? უდაბნო ველი.
მე ძმა ვარ ქარის და ვცხოვრობ მარტო,
და ვდნები ისე, ვით კვამლი ნელი.
მე კიდევ რა მსურს? სიკვდილის ლანდი.
მე კიდევ რა მსურს? სიკვდილი შავი.
უვნებო სულსა, უსახლო სულსა,
მე მინდა მხოლოდ ბნელი საფლავი.