ჰაზირას რამდენიმე პატრიოტული ლექსი

  17:27:39     17-06-2011

ცნობილი მგოსანი, დაირაზე დაკვრის ოსტატი, აშუღი ჰაზირა 1845 წელს დაიბადა სოფელ შულავერში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია აბრამ აბრამოვი.

ჰაზირა აშუღების ამქრის უსტაბაში იყო და ბევრი შეგირდი ჰყავდა. "აშუღი (არაბ. აშიკ - მიჯნური, მეტრფე), სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი)."

აშუღები თხზავდნენ ტექსტს, შეუწყობდნენ ჰანგს და მღეროდნენ რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით. ხშირად სხვათა ლექსებსაც ამღერებდნენ. თავიდან სამიჯნურო თემატიკა სჭარბობდა მათ შემოქმედებაში, თუმცა, მერე საგმირო ჟანრს, სოციალურ და პატრიოტულ თემატიკასაც მიმართეს. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აშუღები მომრავლდნენ საქართველოში.

ჰაზინა ნიჭიერი ადამიანი და ცნობილი კაცი იყო. როგორც ვთქვით, ის აშუღების უსტაბაში გახლდათ, ჰყავდა ბევრი შეგირდი. ბევრ უსინათლის შეასწავლა აშუღობა, დამღერება და ლუკმა პურის შოვნის საშუალება მისცა. ჰაზირას შეგირდები დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს, (“აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო”, “სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!” და სხვა).

ჰაზირა და მისი მეგობრები ძალიან პოპულარულები ყოფილან თბილისში და მთელ საქართველოში. "ქართულ თეატრში წარმოდგენის აქტებს შორის ჰაზირას “დარფა” უკრავდა და მღეროდა პიესის შესაბამის ლექსებს, რითაც აძლიერებდა წარმოდგენის ემოციურ ზეგავლენას”. ხალხი მათი მოსმენით დიდ სიამოვნებას იღებდა. ჰაზირას ძალიან უყვარდა აკაკის პოეზია და მის "სულიკოს" ამღერებდა თურმე. ის დიდი პატრიოტი იყო საქართველოსი.

დღეს გავიხსენოთ ჰაზირას რამდენიმე ლექსი. მკითხველი დარწმუნდება, რომ ჰაზირა თავისი ქვეყნის მოყვარული, ემოციური, ნამდვილად პოეტური ბუნების, შესანიშნავი მგოსანი და განათლებული ადამიანი იყო, ვისთვისაც სამშობლოს - საქართველოს წინაშე მოვალეობების შესრულება უმნიშვნელოვანესია. ლექსებში კარგად ჩანს ჰაზირას იდეალი - საქართველოს აღორძინება.

"განათლებულ ქვეყნებში, შვილო, კაცად იხსენებოდე" - წერს ჰაზირა, მას უნდოდა საქართველო განათლებული ქვეყნების სიაში ჩამდგარიყო.

ჰაზირას პოეზია და მისი პერსონა დღეს ძალიან აქტუალურია, როგორც პოეტურად, ისე იდეურად და სამოქალაქო თვალსაზრისით. ის შესანიშნავი მაგალითია პატრიოტიზმისა და სამოქალაქო შეგნებისა. მადლიერი შთამომავლობა მას არ დაივიწყებს.

 

აღსდექ, თამარ დედოფალო!

 

სად ვიყავით, აწ სადა ვართ,

მწუხარებაში რადა ვართ,

სასიკვდილოდა მზადა ვართ,

აღსდექ, თამარ დედოფალო,

შენთვის სტირის საქართველო!

 

თან გაგყვნენ ქართველ-მამაცნი,

ჩვენ დავრჩომილვართ დიაცნი,

მაბეზღარნი და ზარმაცნი,

აღსდექ, თამარ დედოფალო,

შენთვის სტირის საქართველო!

 

დედაო, შენ, ჩვენო ძველო,

სადა ხარ, შენ, ხმალო მჭრელო,

ქართველთ განმანათლებელო,

აღსდექ, თამარ დედოფალო,

შენთვის სტირის საქართველო!

 

ჩვენ დაგვტოვე, ობლად ვსტირით,

ავიმსეთ ბოროტით, ჭირით,

კაცს შევხედოთ რაღა პირით...

აღსდექ, თამარ დედოფალო,

შენთვის სტირის საქართველო!

 

ზე ვიყავით, აწ ვართ ძირსა,

ვეღარ ვხედავ ჩვენსა გმირსა,

მიხედევი შენს ჰაზირსა...

აღსდექ, თამარ დედოფალო,

შენთვის სტირის საქართველო!

 

ნაწყვეტი

 

თორგომეს სახლიდანა ვარ,

მე ქართლოსის ძე ვარ კიდევ,

ჩემი გამოცვლა უნდოდათ,

მაგრამ ისევ მე ვარ კიდევ,

უძლეველსა ფალავანსა,

ბუმბერაზსა ვგევარ კიდევ,

ათასჯერ მეხი მცემია,

მაინც ფეხზე ვდგევარ კიდევ.

 

საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი

 

საქართველოს გზაზე დამიდგა ცხენი,

არ ვიცი, რად გამიწყრა ჩემი გამჩენი,

მაშინ ვთქვი, თუ საქმე წამხდარა ჩვენი.

 

მას შემდეგ თვალთაგან მდის ცრემლის ღვარი,

ვიღა გვყავს, ვინ დასცეს მტერსა თავზარი,

სადღა გვყავს დავითი, დიდი თამარი!..

 

საქართველოს გზაზედ მთა და ველია,

იმის სიმაგრენი - ციხე ძველია,

არ თუ დანგრეულა, არ თუ მცველია.

 

კახეთის ვეშაპნი და ქართლის გმირნი,

თუშ-ფშავ-ხევსურნი - სად არს ის პირნი,

სვან-მეგრელ-გურია, მათთან იმერნი.

 

მღელვარ ზღვაში ვარ და ვეძებ სათავეს,

ვეხვეწები მეხომალდეს, მენავეს,

ზვირთებმა დამტანჯეს, დამიმონავეს.

 

ჰაზირა ელის, რომ გაგვეღოს კარი,

ჩვენ დაგვეცა ქვეყნის მეხი მედგარი,

ველით, რომ წამოდგეს ცხენი დამდგარი.

 

მოდი, შვილო, ჩემთანა

 

მოდი, შვილო, ჩემთანა,

გულში რად დამკარ დანა,

საქართველოს შვილი ხარ, შვილო,

იცან შენი ქვეყანა.

 

სახლი იქ გაიკეთე,

დედაენა გაიკვეთე,

მხოლოდ არ დაივიწყო, შვილო,

მამა-პაპის სიკეთე.

 

მათ გასწირეს თავები,

ნახეს დღენი შავები,

შენთვის დახოცილები, შვილო,

ილოცე საფლავები.

 

მოიგონე სულ ძველი,

თამარ მეფე, მხარგრძელი,

გიორგი ბრწყინვალე და, შვილო,

დავით აღმაშენებელი.

 

მამულისათვის კვდებოდე,

მტრის პირდაპირ დგებოდე,

განათლებულ ქვეყნებში, შვილო,

კაცად იხსენებოდე.

 

ნუ გეშინის ომისა,

მტარვალთან წინ დგომისა,

ჰაოს-ქართლოსის სისხლო, შვილო,

შვილი ხარ თორგომისა.

 

ჰაზირს ტანჯვა მაკმარე,

მამას, ძმას მოეხმარე,

ოდეს ეს შეასრულო, შვილო,

საფლავში ჩამომძახე.