წარუმატებელი რუსული Булава

  12:01:28     17-06-2011

უახლოეს მომავალში, რუსეთში Булава-ს ტიპის საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტის მორიგი საცდელი გაშვება იგეგმება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

ამ რაკეტისთვის, ეს რიგით 15-ე საცდელი გაშვება იქნება და ამავედროულად პირველი გაშვება, რომელიც წელს ჩატარდება. უკანასკნელი სტარტი, შარშან 2010 წლის 29 ოქტომბერს ჩატარდა. რაკეტის სტარტი, თეთრი ზღვის აკვატორიაში მდებარე სტრატეგიული წყალქვეშა კრეისერ Дмитрий Донской-ის (პროექტი 941УМ) ბორტიდან განხორციელდა. ფრენამ საშტატო რეჟიმში ჩაირა და რაკეტის საბრძოლო ბლოკებმა, კამჩატკაზე მდებარე პოლიგონ კურაზე მდებარე პირობითი სამიზნე გაანადგურეს.

ამჯერად რაკეტის გაშვება, ახალი რუსული სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავიდან Юрий Долгорукий (პროექტი 955) იგეგმება. ამ ტიპის ხომალდისთვის, რომელიც პერსპექტივაში გამოსაცდელი ბალისტიკური რაკეტის საშტატო მატარებელი უნდა გახდეს, ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევა იქნება.

Булава-ს საფრენოსნო გამოცდები უკვე წლებია მიმდინარეობს (რეალური რაკეტის პირველი სტარტი 2005 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა). მაგრამ რაკეტის ჭკუაზე მოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა. პერიოდულად მისი გამოცდისას თავს სხვადასხვა ხასიათის ტექნიკური პრობლემები იჩენენ.

რაკეტაზე მუშაობა 1998 წელს დაიწყო. მანამდე კი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1986 წელს მაკეევის საკონსტუქტორო ბიურომ (წყალქვეშა ნევებისთვის განკუთვნილ ბალისტიკურ რაკეტებზე მხოლოდ ის მუშაობდა) 941-ე პროექტის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ნავებისთვის შეიარაღების მოდერნიზაციის ფარგლებში, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე რაკეტა Барк-ზე დაიწყო მუშაობა. მოთხოვნების თანახმად მას 10000 კმ-ზე 10 განცალებადი ბირთვული ქობინი უნდა წაეღო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პროექტზე მუშაობა უფულობის გამო შენელდა. 1998-ში მესამე წარუმატებელი საცდელი გაშვების შემდეგ, 70 %-იან მზადყოფნაზე მყოფი პროექტი დახურეს.

ალტერნატივის სახით, მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტს, ახალი სტრატეგიული რაკეტის შექმნა დაევალა. სხვათა შორის საბჭოთა პერიოდში წლების განმავლობაში, ამ დაწესებულებას  ჩვენი თანამემამულე, აკადემიკოსი ალექსანდრე ნადირაძე ხელმძღვანელობდა.

ფინანსების დაზოგვის მიზნით, ახალი Булава, უკვე არსებული Тополь-М-ის ბაზაზე უნდა შექმნილიყო. რაც თავისმხრივ საზღვაო და სახმელეთო ბაზირების სტრატეგიული რაკეტების უნიფიკაციას შეუწყობდა ხელს.

სამსაფეხურიანი, მყარსაწვავიანი რაკეტის სასტარტო მასა 36800 კგ-ია და მას 6 განცალებადი ბირთვული ქობინი მიაქვს. თითოს სიმძლავრე 150 კილოტონაა.

დღემდე განხორციელებული, 14 საცდელი გაშვებიდან, ექვსი წარუმატებული იყო, ორი კი ნახევრად წარმატებულად ჩაითავალა. პირველი უსიამოვნებები 4-ე საცდელი გაშვებისა და მის შემდეგ დაიწყო. 2006 წლის 7 სექტემბერს წყალქვეშა მდგომარეობიდან გაშვებული რაკეტა, სტარტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ გეზს ასცდა და ზღვაში ჩავარდა. მომდევნო საცდელი გაშვებაც, რომელიც იმავე წლის 25 ოქტომბერს შესდგა, წარუმატებელი იყო - სტარტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ გეზსს აცდელინილი რაკეტის თვითლიკვიდაცია მოხდა.

მას შემდეგ რაკეტის გამოცდა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდიანრეობდა. ყოველი გამოცდის ჩავარდნის, შემდეგ თანამდებობებს სპეციალისტები, ინჟინრები და კონსტრუქტორები ემშვიდობებოდნენ. ჯერ იყო და საცდელი გაშვებების წარუმატებლობის მიღმა დივერსანტების კვალი დაინახეს, შემდეგ ბრალს უკვე კონსტრუქციულ და ტექნოლოგიურ დეფექტებს სდებდნენ.

წარუმატებელი გამოცდების გარდა კრიტიკის საგანი თავად რაკეტის შესაძლებლობებიცაა. მისი ფრენის მანძილი 8000 კმ-ია. მაშინ როდესაც ამერიკულ "ტაიდენტ II"-ისთვის ეს ნიშვნელობა 11300 კმ-ს, რუსეთის შეიარაღებაში ამჟამად არსებული Синева-სთვის კი - 11540 კმ-ს შეადგენს.

ყველაფრის მიუხედავად, Булава-ს პროექტის დახურვა უკვე გვიანია - 955-ე პროექტის მიხედვით უკვე ნავების მთელი სერია იგება (რვა ცალი). პროექტის სათაო ხომალდი Юрий Долгорукий წყალში 2008 წლის 12 თებერვალს ჩაუშვეს. ამჟამად ის გამცდებს გადის და უახლოეს მომავალში მისი მწყობრში ჩაყენება იგეგმება. მეორე ნავი - Александр Невский წყალში შარშან ჩაუშვეს. მესამე Владимир Мономах კი მშენებლობის პროცესშია.

ამ ტიპის წყალქვეშა ნავები სწორედ Булава-ს გათვლით შეიქმა. თითოეულს ამ ტიპის 16 რაკეტა მიაქვს. ასე, რომ ამ რაკეტის პროექტის დახურვის შემთხვევაში კოორდინალურად იქნება გადასაკეთებელი ახალი სტრატეგიული წყალქვეშა ნავები, ეს კი რუსეთის ბიუჯეტს გაცილებით ძვირი დაუჯდება, ვიდრე Булава-ს სერიული წარმოების დონემდე მიყვანა.

გამოდის, რომ ამ ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტა უალტერნატივო საშუალებაა. მისი სერიულ წარმოებამდე მიყვანა რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალია.